მეცნიერება

“მამა გაბრიელთან თითქოს სიყვარულის ნისლში ცურავდი”…

წმ. ღირსი მამა გაბრიელ სალოსის სულიერი შვილი წმინდანისგან მიღებულ რჩევებზე

მეტეხის ტაძარში ერთი სასიამოვნო ქალბატონი, მაია ებრალიძე გავიცანი. როგორც საუბრისას გაირკვა, იგი პირადად იცნობდა ჩვენს თანამედროვე წმინდანს _ მამა გაბრიელს. ქალბატონ მაიას ვთხოვე, ჩვენი საიტის მკითხველებისათვის გაეხსენებინა ის დღეები, რომელიც ამ უდიდეს წმინდანთან აკავშირებდა, რაზეც იგი სიამოვნებით დაგვთანხმდა.

მაია ებრალიძე: თბილისელი ვარ, პროფესიით ბიოლოგი ვარ. მეცხრე კლასში მომნათლეს. მეოთხე კურსზე ვიყავი, ქრისტეზე პირველად რომ გავიგე, ისე კი ბავშვობიდან სულ ისეთი შინაგანი გრძნობა მქონდა, რომ ვიღაც უხილავად მაკონტროლებდა. ამიტომაც სულ ვცდილობდი, კარგად მოვქცეულიყავი, რომ იმ “ვიღაცასთან” არ შევრცხვენილიყავი.

9 აპრილის ტრაგედია რომ მოხდა, მაშინ ხომ მძიმე მარხვა იყო.. პირველად ის მარხვა შევინახე, შემდეგ ქაშვეთის ტაძარში მივედი და მოძღვარიც იქ გავიჩინე. მამა გაბრიელის შესახებ ჩემი ნათესავის მეუღლემ მიამბო და მაშინვე დავინტერესდი. ჩემი მეგობარი ეკა სანაია წავიყვანე მასთან და უფრო ხშირად ერთად დავდიოდით ბერთან. ვეცდები, გავიხსენო რაღაც-რაღაც სიტუაციები იმ დღეებიდან:

  1. ერთხელ, საღამოს ლოცვის დროს, ახლობლები რომ მოვიხსენიე, გულში გავიფიქრე: აღარ შემიძლია ამდენ ადამიანზე ლოცვა, ნეტა ჩემი სული გადამარჩენინა-მეთქი. მეორე დილით მამა გაბრიელთან მისულმა დავიჩოქე. მან თავზე ხელი კი დამადო, მაგრამ არც მაკურთხა და არც დამლოცა, არამედ მითხრა: მარტო იმათზე კი არ უნდა ილოცო, ვისაც იცნობ და შენი ახლობელია, არამედ ვინც განსაცდელშია, უძლურებაშია, ციხეშიაო..
  2. ერთხელ ვეკითხები მამა გაბრიელს: “მკითხავების ნათქვამი თუ სრულდება”-მეთქი.

“როგორ არაო.. ადამიანი რომ მკითხავთან მიდის, უფალი ეუბნება: “შენ მე უარმყავი”.. როგორ, ექიმის ნაცვლად ექიმბაშთან მიდიხარო? და ამ დროს შეიძლება ისეთი რამე დაგაწეროს მკითხავმა, რაც შენ არ უნდა დაგმართნოდაო”..

  1. ერთხელ მთელი ღამის უძილარი ვიყავ. მე და ჩემი მეგობარი სვეტიცხოველში წირვაზე დასწრების შემდეგ მამა გაბრიელთან ავედით. გზაში მეგობარს ვეუბნები: “ეხლა ყავის მეტი არაფერი მიშველის-მეთქი”. კელიაში შესულებს ორი ქალბატონი დაგვხვდა. ამ დროს მამა გაბრიელი დედა პარასკევას მიუბრუნდა და ეუბნება: “პარასკევა, მოხარშე “კოფე”. იმ ქალებმა ერთმანეთს გადახედეს, ეხლა ყავას არ ვნატრულობდითო? ეკამაც ჩაილაპარაკა; “ეხლა გზაში მაიაც “ყავა მინდა-ს” იძახდაო”.
  1. როცა მამა გაბრიელის კელიაში მივდიოდი, თითქმის ხელშესახებად, ხორციელად, მატერიალურად ვგრძნობდი სიყვარულს _ თითქოს სიყვარულის ნისლში ვცურავდი. არ ვიცი, ეს როგორ აღვწერო. არასდროს გამასპინძლების გარეშე არ გამოგიშვებდა, რაც ჰქონდა, ყველაფერს გინაწილებდა.

ერთხელ ძალიან მშიოდა.. შევედი.. “პარასკევა, გახუხე პურიო”. დედა პარასკევამ თონის პური გამოიტანა, ისეთი გამხმარი იყო, ქვასავით. დადო შეშის ღუმელზე და გახუხა. ცხოვრებაში მსგავსი გემრიელი არაფერი მიჭამია.

  1. ერთხელ მონასტერს ბევრი ხილი შეწირეს.. მთელ მცხეთაში წყალი არ მოდიოდა. მამა გაბრიელმა, “რა ვქნათ, რაში გავრეცხოთო?”

მე ერთი უგუნური აზრი მივაწოდე _ “ღვინო ხომ გვაქვს, იმაში გავრეცხოთ-მეთქი”..

ოი, იქ ამბავი დატრიალდაა _ “შენ დარგე, შენ მოიყვანე? ეს ღვთის სასმელია, ამას იმდენი შრომა სჭირდებაო..”

  1. მე და ეკა სანაია ძალიან ხშირად ვსტუმრობდით მამ გაბრიელს. ისედაც სულ ყველგან ერთად დავეხეტებოდით. მამა გაბრიელი “ტუდა-სუდებს” გვეძახდა. რომ დაგვინახავდა, მოფერებით იტყოდა: ” ჩემი ტუდა-სუდები” მოვიდნენო..
  1. ერთხელ მარტო ვიყავი კელიაში მასთან: “როგორც შენ ვერ წარმოგიდგენია ვინმეს სიბოროტე გაუკეთოო, ისე იმას ვერ წარმოუდგენია, ვინმეს სიკეთე გაუკეთესო. სადაც არის ბოროტება, იქვე სიკეთეა. ჯოჯოხეთიც არის და სამოთხეცო..

სახლს რომ აკურთხებ, მოძღვარს უთხარი, ლოცვა “სახლსა შეგრძნეულსა” წამოიღოსო, შეიძლება, მის კურთხევანში არ იყოსო.

მაშინ ვერ მივხვდი, რატომ მითხრა.. წლების შემდეგ გამომადგა მისი დარიგება.

  1. ერთხელ კელიასთან, კიბის თავზე, პატარა სუფრა გააშლევინა დედა პარასკევას.. თვითონ თამადობდა.. მერე შემოგვთავაზა, ვინმეს ხომ არ გინდათ სადღეგრძელოს თქმაო.

მე გავკადნიერდი და ბავშვების სადღეგრძელო ვთქვი, თვალები მოჭუტა და რაღაც საოცრად თბილად მითხრა: “ეს რა მრავალშვილიან დედასავით ლაპარაკობსო”. მე დღეს, მართლაც, მრავალშვილიანი დედა ვარ.

  1. ღმერთს ყველაფერი საუკეთესო უნდა შესწიროთო, სუფთა თაფლის სანთელი უნდა დაუნთოთო. თუ ეკლესიაში შეხვალ და არ დაგხვდება თაფლის სანთელი, მაშინ ან შენი მიტანილი დაანთე, ან საერთოდ არ დაანთო, მაგრამ ეკლესიას აუცილებლად შესაწირი დაუტოვე, რადგან ამ შესაწირით არსებობენო.
  2. არცერთ დოკუმენტზე წაკითხვის და გაცნობის გარეშე ბრმად ხელი არ მოაწეროო, რადგან შენი ხელის მოწერით თანაზიარი ხდები მასში მოცემული ინფორმაციისო.
  3. მწეველი არ განიკითხო, რადგან ღმერთმა მას იმის ნებისყოფაც მისცა, რომ მოწევას თავი დაანებოსო, შენ კი შეიძლება, ამ ცოდვაში მისი განკითხვის გამო ჩავარდე და ვეღარც დაანებო თავიო.
  4. “დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება” _ აუცილებლად ფეხზე მდგარმა უნდა თქვაო.
  5. “რომელი… ქერუბიმთას” დროს ტაძარში სიარული არაფრით არ შეიძლება _ ამ დროს ანგელოზები უხილავად არიან ტაძარში, შეიძლება, ფრთა მოტეხოთო..
  6. ღმერთს ჰაერი არ მიუცია ადამიანებისათვის ასათვისებლად, მათთვის წყალი და ხმელეთი შექმნაო.
  7. ყველა, ვინც პატრიარქს განიკითხავს, სექტააო. ჩვენ ასეთი პატრიარქის ღირსნი არა ვართო.
  8. მამა გაბრიელმა, არ არის აუცილებელი ტაძრის დღესასწაულზე დასწრება, ამ დროს ბევრი ადამიანი ტრიალებს და სათანადოდ ვერ მოილოცავთ. ჯობია მერე მიხვიდეთ და მშვიდად მოილოცოთო (ეტყობა, ჩემს დასამშვიდებლად თქვა, რომ ვერ ვახერხებ ხოლმე მისვლას).
  9. სადაც დიდი სიყვარულია, იქ დიდი ბოროტიც იბრძვისო.
  10. წმ. ნინოს ჯვარი თავიდან ასეთი ფრთებდახრილი არ იყო, ძველ ხატებზე ჩვეულებრივი ჯვრით არის გამოსახულიო. ეგზარქოსმა რუსეთში რომ წააბრძანა, მაშინ გაუტყდათო. რა გახდა ერთი პატარა ხის ნაჭერი რომ დამაგრდეს და გაასწორონ..
  1. კეთილ საქმეს კურთხევა არ უნდაო.
  2. როდესაც ისეთ მდგომარეობაში ხარ, რომ ტყუილის თქმა აუცილებელია, ჯობია, თქვა, “არ ვიცი”-ო _ ცოდვაში არ ჩაგეთვლებაო.
  3. მევალეს ფული, დიახაც, უნდა მოთხოვოო. ერთხელ მეზობელმა მთხოვა, ფული პენსიის აღებამდე მასესხეო. რომ არ დამიბრუნა შევახსენე. იმან კიდევ _ “ჩემთვის არ დამრჩა და შენ რა მოგცეო?” ეს საქმეა? – გაბრაზებული კილოთი წარმოთქვა მამა გაბრიელმა.
  4. ერთხელ კელიაში რომ შევედი, მამა გაბრიელი იქ მსხდომ ორ მამაკაცს მიუბრუნდა და მკაცრი სახით უთხრა: “ზოგი ადამიანი იუდას იცოდებსო..” ტანში გამცრა –  ჩემზე იყო საუბარი. “იუდა უფლის გაცემას არ ჩაიდენდა, საიდუმლო სერობაზე უმადურად რომ არ მოქცეულიყო. ისე დატოვა იქაურობა, მადლობა არც კი გადაუხდია ასეთი მადლისთვის.. პირიქით, ხელიც კი ჩაუყო ჭურჭელშიო. ყველა ადამიანი იუდას ჰგავს, ვინც ზიარების შემდეგ მადლობის თქმის გარეშე გადის ტაძრიდანო.

****

ერთხელ მამა გაბრიელთან ჩემი მეგობარი წავიყვანე, რომლის ძმა ამერიკაში ცხოვრობდა და ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა. მეგობარმა თავიდანვე გამაფრთხილა, 5 საათზე აუცილებლად ბახტრიონზე უნდა ვიყოო.

ეს ის დროა, როცა არც ავტობუსი, არც სამარშუტო ტაქსები რომ აღარ დადიოდნენ, მარტო მატარებელი მოძრაობდა და თბილისში კი _ მეტრო.

მამა გაბრიელთან რომ მიხვიდოდი, კელიის კართან დადგებოდი და ლოცვას ამბობდი: “უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შეგვიწყალენ ჩვენ!”

თუ პასუხად მამა გაბრიელი “ამინ”-ს გეტყოდა, მაშინ კელიაში შეხვიდოდი. M

მე და ჩემი მეგობარი მივედით, ვთქვით ლოცვა, მაგრამ “ამინ”-ს არ ამბობს. ველოდებით, ველოდებით, მაგრამ არ გვღებულობს. ჩემი მეგობარი აღარ აპირებს დარჩენას _ “ვაგვიანებ ძალიანო”.

როგორც იქნა, მიგვიღო, ყველაფრით კმაყოფილი დარჩა. გამოვედით, დავდექით გაჩერებაზე.. გადის დრო, მაგრამ არაფერი არ ჩანს. გულში ვევედრები მამა გაბრიელს..

უკვე 5 საათი დაიწყო და ვხედავ, მოდის ძველისძველი მოკვიჩი, უფრო სწორად, კი არ მოდის, მოჩანჩალებს.. სხვა რა გზა გვქონდა, გავაჩერეთ.. თბილისში მიდიოდნენ და ჩავსხედით. ერთი კი წავიკნავლეთ, “ძალიან გვეჩქარებაო”. ამის თქმა და მოსკვიჩის გაფრენა ერთი იყო. გაოგნებულები ვიყავით..

“რომელ უბანში მიდიხართო”?

“საბურთალოზე”-თქო..

“ჩვენცო”.

საბურთალომდე რომ მივედით და “ბახტრიონზე მივდივართო”, რომ გვითხრეს, ხომ წარმოგიდგენიათ, რა დაგვემართებოდა.

****

შარშან ჩემი მეგობარი გადამეკიდა, პომადას რატომ არ იყენებო.

“არ მიყვარს, მაგრამ შენი ხათრით წავისვამ, ოღონდ აქაური არ მინდა, ვინმეს დავაბარებ საზღვარგარეთ”-მეთქი.

7 სექტემბერს დედა ევპრაქსიას ორმოცზე მამა გაბრიელის მრევლის რამდენიმე წევრიც შევიკრიბეთ. რამდენიმე დღის შემდეგ მანანა ხორბალაძისგან, რომელიც ბელგიაში ცხოვრობს, ასეთი წერილი მივიღე მესინჯერში:

“მაიკო, მამა გაბრიელის წმინდა ნეშტთან თინიკოს დაბადების დღის საჩუქარი დავუტოვე და შენ კი პომადა. მიყვარხარ..”

ამ დროს თინიკოც მირეკავს, შენთვის დატოვებული პომადა წამოგიღოო? მე დავეთანხმე, რადგან მცხეთაში კარგა ხანს ვერ ჩავიდოდი. სინამდვილეში მამა გაბრიელთან რამდენჯერმე მოვხვდი და თბილისში კი თინიკოს ვერ შევხვდი. ბოლოს, ისე მოხდა, რომ 2 ნოემბერს მამა გაბრიელის ლუსკუმასთან გადმომცა ის პომადა.

შეგვეწიოს წმინდა ღირსი მამა გაბრიელი აღმსარებელი.

ესაუბრა მაია თუნგია

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close
Close