მისტიკური ისტორიები

მისტიკური ამბები ირლანდიიდან

ირლანდიელი მამაკაცის მიერ მოთხრობილი იდუმალი ისტორიები

საქართველოს რომელ კუთხეშიც არ უნდა წახვიდეთ, ყველგან მოისმენთ ამბებს, რომლებიც თავიანთი იდუმალებით სულს გვიფორიაქებენ. მეტიც, ასეთი ამბები ჩვენი ბავშვობის თანამდევი ნაწილია. და ასეა არა მარტო ჩვენთან, არამედ მთელი ქვეყნიერების ყოველ კუნჭულში. დღეს უცხოელი მამაკაცის მიერ მოყოლილი უცნაური ამბები მოვისმინოთ. მაშ, ასე – მოგვითხრობს ირლანდიაში მცხოვრები შეი დევიტი:

დღემდე ტანში მბურძგლავს..

მე წარმოშობით ირლანდიის პატარა სოფლიდან ვარ. როცა იქ ვიზრდებოდი, მისი მოსახლეობა ასე 900 კაცამდე იქნებოდა.

90-იანი წლების დასაწყისში, ანუ როცა მე პატარა ბავშვი ვიყავი, ჩვენს დასახლებაში თითქმის ყველა მოზრდილმა ადამიანმა იცოდა რაიმე ისტორია მოჩვენებებსა და სხვა არსებებზე. ზოგჯერ ეს მონათხრობები თავზარდამცემი იყო, ზოგჯერ კი სულაც სასაცილო.. გამოგიტყდებით, მსგავსი გამოცდილება მეც მქონდა.

ვიცი, ეს შესაძლოა, ცოტა უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ ამ შემთხვევებმა დიდი და ღრმა გავლენა მოახდინეს ჩემს ცხოვრებაზე და მათი მოგონებისას ზოგჯერ დღემდე მბურძგლავს.

“ფერიების ხე”

ჩემი სოფლიდან მოშორებით არის ძველი გზა, რომელსაც სტუმპ ლანე-ს უწოდებენ. და ამ გზაზე ერთგან ძველი სახლის ნანგრევებია, ამ სახლისგან მხოლოდ ორი მყარი კედელი და მათ გვერდით მდგარი ხეა დარჩენილი. ეს ხე ჩვენს არემარეში “ფერიების ხე” არის ცნობილი.

ხისგან ცოტა მოშორებით დგას საცხოვრებელი სახლი, რომელშიც ერთი ქალი ცხოვრობს. ქალი ამბობს, რომ თავის ბავშვობაში სწორედ იმ დანგრეულ სახლში ცხოვრობდა. იგი ჰყვება, რომ მისი ოჯახი ძველისძველი სახლიდან განრისხებულმა ფერიებმა გამოყარეს.

ქალის მამას მისტერ ბოლდჯერი ერქვა და პატარა არსებები ოჯახის თავკაცზე განრისხებულნი იმიტომ იყვნენ, რომ მან სახლი ფერიების წმინდა ხის გვერდით ააშენა. მეტიც – მისტერ ბოლდჯერი ამ ხის მოჭრასაც კი ცდილობდა, მაგრამ თითოეული ამგვარი მცდელობისას ისეთი რაღაც-რაღაცები ხდებოდა, რომ უკან იხევდა.

საქმე ისაა, რომ ხიდან წითელი სითხე იწყებდა დენას, რომელიც ძალიან წააგავდა სისხლს და ხის წვენი ნამდვილად არ იყო. ეს უცნაური სითხე ხიდან ნაჯახის ყოველ შემორტყმაზე, ან ხის მერქანის ყოველ გაკაწვრაზე გამოდიოდა.

“ფერიების პორტი”

თუკი ამ ხეს გაცდებით და გზას ცოტა მოშორებით გააგრძელებთ, ასე ორი მინდვრის გადავლის შემდეგ, თქვენ დაინახავთ ადგილს, რომელსაც ფერიების პატივსაცემად “ფერიების პორტი” ჰქვია.

ამ ადგილიდან ცოტა მოშორებით დგას ძველისძველი ფერმა, რომელშიც დანბარების ოჯახი ცხოვრობს. ეს ერთ-ერთი უძველესი ოჯახია ამ არემარეში, დანბარები თავიანთ ფერმაში ჯერ კიდევ 1930-იანი წლებიდან ცხოვრობენ. სწორედ მაშინ მოხდა ეს უცნაური ისტორიაც, როგორც ხალხში ამბობენ, “შენაცვლებასთან” დაკავშირებული.

დანბარების ოჯახი მრავალშვილიანი იყო. ერთ დღესაც ერთ-ერთი მათგანი კენკრის საკრეფად ტყეში წავიდა და დაიკარგა. ბავშვები არსად არ შეყოვნდებოდნენ ხოლმე, რადგან ოჯახში ასე იყო მიღებული. ამჯერად კი, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ჩამობნელდა, ბიჭი მაინც არსად ჩანდა.

მოგვიანებით ყველა მიხვდა, რომ რაღაც სერიოზული მოხდა. შეშფოთებულმა დედამ ქმარ-შვილი დაკარგული შვილის მოსაძებნად გააგზავნა, მაგრამ ამაოდ.

ამ ამბიდან სამი კვირა გავიდა… უკვე ყველა თვლიდა, რომ ყმაწვილი სადღაც ტყის უღრანებში დაიკარგა. მაგრამ მოულოდნელად იგი სახლში დაბრუნდა. მთლიანობაში ბიჭი ნორმალურად გამოიყურებოდა, თუ არ ჩავთვლით, მის ძლიერ დეფორმირებულ ხელებს.

როცა მას შეეკითხნენ, თუ ამდენი ხანი სად დაიკარგა, ბიჭმა უთხრა, ფერიებმა წამიყვანესო. რაღა გზა იყო, მას დაუჯერეს.. ამ ამბის შემდეგ მშობლები რამდენიმეჯერ იყვნენ ტყეში წასულები ფერიებთან თხოვნით, რომ მათი შვილისათვის ხელები მოერჩინათ, მაგრამ ბიჭს ხელები არა და არ მოურჩა.

დაკარგული ბიჭი ჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრობდა და დაახლოებით 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას მოხუცებულობაშიც კი ხელები ისეთივე დასახიჩრებული და წვრილი დარჩა, როგორც პატარა ბავშვებს აქვთ ხოლმე. სოფელში მის შესახებ მთელი ეს წლები დადიოდა ხმები, რომ ის ნამდვილი ადამიანი კი არ იყო, არამედ ჩანაცვლებული.

სოფლელების აზრით, ნამდვილი ბიჭი, ფერიებმა ან მოკლეს, ანდა თავისთან დაიტოვეს, მის მაგივრად კი უწმინდური ძალა გამოგზავნეს. უწმინდური თავისმა ანომალიურმა ხელებმა გასცა.

ქალი, რომელიც დანბარების ოჯახის შესახებ ამ ამბავს მომიყვა, 100%-ით დარწმუნებული იყო, რომ ეს ბიჭი, მართლაც, შენაცვლებული იყო.

კალათა მინდორში

სწორედ ეს ქალბატონი “შენაცვლებული ბავშვის” შესახებ კიდევ ერთ ისტორიას მომიყვა. ეს ამბავი ასე იყო:

ერთმა ახალგაზრდა ქალმა ბავშვი იმშობიარა და მარტო ზრდიდა. რაკი ჩვილის შინ დამტოვებელი არა ჰყავდა, სახლის გვერდით მდებარე მინდორში მუშაობის დროს იგი თან დაჰყავდა.

ბავშვი მისთვის სპეციალურად დაწნულ კალათაში იწვა, კალათი კი სახლთან, მინდვრის პირას, იდგა ხოლმე. ყველაფერი, ერთი შეხედვით, სრულიად ნორმალურად იყო. დროდადრო ქალი მუშაობას თავს ანებებდა და შვილთან მოდიოდა, ნახულობდა, მას ყველაფერი რიგზე ჰქონდა თუ არა.

ერთხელაც, როდესაც იგი სამუშაოს მერე შინ მოვიდა, უეცრად აღმოაჩინა, რომ კალათში მწოლი ბავშვი ძლიერ განსხვავდებოდა მისი ჩვილისგან. ეს ჩვილი სულ ერთიანად დანაოჭებული იყო, გეგონებოდა, მოხუციაო.

ბავშვს ქცევებიც შეეცვალა – სულ ტიროდა და ტიროდა, ვერაფრით მშვიდდებოდა. მაშინ ქალს უთხრეს, რომ მღვდლის მოყვანა იყო საჭირო. მღვდელმა საბრალო დედა დაარიგა, კალათი ისევ მინდორში წაეღო და იმავე ადგილას დაედგა. სამი დღე-ღამის განმავლობაში, ბავშვს როგორც არ უნდა ეტირა, მას არავინ არ უნდა მიკარებოდა, იმიტომ, რომ, მღვდლის აზრით, ეს არსება ფერიების შვილი იყო.

ქალმა მღვდელმსახურს დაუჯერა, ჩვილი მინდორში წაიღო და იქ დატოვა. როცა სამი დღის მერე ქალმა ისევ იმ ადგილს მიაკითხა, კალათში მას თავისი საკუთარი ჩვილი დაუხვდა. ჩვილმა დედის დანახვაზე გაიხარა და მაშინვე ძუძუს წოვა დაიწყო.

 “შავი ადამიანი” შლიაპით

როცა წამოვიზარდე და ინტერნეტში ძრომიალი დავიწყე, მივხვდი, რომ “შლიაპიან ადამიანზე” ლეგენდები მთელ მსოფლიოშია გავრცელებული, თუმცა ბავშვობაში მე  ვფიქრობდი, რომ ეს მხოლოდამხოლოდ ჩვენი – ადგილობრივი – გადმოცემა იყო.

როცა მე ასე 8 წლისა ვიქნებოდი, მყავდა ერთი მეგობარი, რომელიც ჩემთან თამაშობდა ხოლმე. ერთხელაც მან მითხრა, რომ გრძნობს, თუ როგორ უთვალთვალებს ვიღაც..

შემდეგში, უკვე მოზრდილობაში, მეგობარი მომიყვა, რომ ერთხელაც მოასწრო კიდევაც მიმხვდარიყო, რომ ის “ვიღაც” იქვე იდგა, სულ ახლოს, მის გვერდით იმყოფებოდა.

იგი სწრაფად შემობრუნდა და მოასწრო, მუქი ადამიანის ჩრდილისათვის შეევლო თვალი. მას შლაპა ეხურა და საწვიმარი ეცვა. ამის გარდა აღარაფერი ჩანდა, მათ შორის, არც კაცის სახე. ეს იყო, უბრალოდ, მუქი შავი სილუეტი.

ერთხელაც ჩემი და ჩემი მეგობრის საუბარს ამ თემაზე დედაჩემი შეესწრო. მოულოდნელად იგი ჩვენს საუბარში ჩაერთო და მოჰყვა, რომ ჩვენს ოჯახშიც დაუნახავთ ეს შავი სილუეტი. უფრო კონკრეტულად კი იგი ბებიამ – დედაჩემის დედამ – ნახა.

ბებია სოფელში კი არა, ქალაქში ცხოვრობდა, ჩვენგან 9 მილის მოშორებით. მისი სახლი პატარა მაღაზიის გვერდით, ჩიხში, იდგა, სადაც გამუდმებით ბნელოდა, რადგან ქუჩის ფარნების სინათლე იქამდე ვერ აღწევდა.

ერთხელაც ბებია კლუბში ლოტოს თამაშს დიდხანს შემორჩა. უკვე გვიანი იყო, შინ რომ დაბრუნდა. ძალიან ბნელოდა, თუმცა ისედაც შიშისმომგვრელი იყო ჩაბნელებულ ქუჩაში მარტოდმარტო სიარული.

მოულოდნელად ბებია მიხვდა, რომ უკან ვიღაც მოჰყვება. იგი შემობრუნდა, თუმცა იქ არავინ იყო. დამფრთხალმა გზა გააგრძელა და უკან კვლავ ნაბიჯების ხმა გაიგონა. ამჯერად უკან სწრაფად შემობრუნებულს, საიდანღაც აქ უეცრად გაჩენილი შავი შლიაპიანი ადამიანი აესვეტა.

სილუეტმა ბებიაჩემს ერთადერთი სინათლის წყარო დაუჩრდილა – ეს იყო ქუჩის ბოლოში ჩამოკიდებული პატარა ფანარი. შეშინებული ბებია მამაკაცს შეეკითხა – `რაიმე ხომ არ გინდოდათ, გეთქვათ?~

მაგრამ ადამიანი დუმდა.. მაშინ ჩემი გამბედავი ბებია ნელ-ნელა შემობრუნდა და ისევ წინ წავიდა, თან ცდილობდა, უკანაც ყურადღებით ყოფილიყო. ის ხომ ისეთი ადამიანი იყო, როგორებზეც დღესდღეობით ამბობენ, “ძველი სკოლააო”, ანდა “ძველი გვარდიაო”.აი,  ასე იყო ეს ამბავი.

კვლავ “შლიაპიანი”

მე 20 წლის  რომ გავხდი, კვლავ მოვისმინე შლიაპიანი კაცის ისტორია. ჩემს მეგობრებთან ერთად ლუდს ჩავუსხედით და ვიმხიარულეთ. და აი, ერთ-ერთმა მეგობარმა შავ შლიაპიან სილუეტთან შეხვედრის შესახებ გაიხსენა.

თურმე ერთ საღამოს ისიც, ისევე როგორც მაშინ ბებიაჩემი, ძალიან გვიან ბრუნდებოდა სახლში. ქუჩაში ძალიან ბნელოდა.. ზუსტად ისევე, როგორც ბებიამ, ჩემმა მეგობარმაც ზურგსუკან ნაბიჯების ხმა გაიგო.

აქვე შევნიშნავ, რომ მე ჩემი მეგობრებისათვის არასდროს მომიყოლია ბებიაჩემის ამბავი.

მეგობარი სამჯერ შემობრუნდა უკან და მაინც ვერავინ დაინახა. მერე კიდევ ერთხელაც რომ შემოტრიალდა, დაინახა ეს მაღალი, შავი, შლიაპიანი ადამიანი..

კაცი ნახშირივით შავი იყო, გეგონებოდა, სიბნელისაგან გამოუქანდაკებიათო. მას სახე არ უჩანდა..

ჩემი მეგობარი შიშისგან ერთ ადგილას გაიყინა, გეგონება, გაქვავდაო. საწყალს თურმე მთელ ზურგზე დაბურძგლა.

იდუმალმა შლიაპიანმა კაცმა კი გვერდით ჩაუარა და სადღაც გაქრა, გეგონება, იყო და არა იყო რაო. ჩემი მეგობარი კი დღემდე თავზარდაცემულია ამ ამბით.

 

 

 

კომენტარები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close
Close