მეცნიერება

რობოტი მაქსი თავის მოვალეობას ასრულებს..

ამერიკელი მწერლის - რობერტ შეკლის - ფანტასტიკური მოთხრობა რობოტებზე ( I ნაწილი)

პლანეტა „რეგულიუს მეხუთეზე“ უხიფათოდ დაშვებისა და დაბანაკების შემდეგ ექსპედიციის წევრებმა საპატრულო რობოტი მაქსი, რომელსაც ადგილობრივი არსებებისაგან ბანაკის დაცვა ევალებოდა, გაააქტიურეს. მაქსი თავიდან მოვერცხლისფრო იყო, მერე თვალისგასახარ ნაზ ცისფრად გადაღებეს. რობოტი სახსრებიანი ორი ფეხით დადიოდა. კაცმა რომ თქვას, მაქსი არც ისე ჭკვიანი იყო, როგორც ირწმუნებოდნენ _ არც მაკ-კორმიკის მოსავლის ასაღებ მანქანაზე გონიერი იყო და არც საგლინავ დაზგაზე გულკეთილი. რაც შეეხება ზნეობრივ საფუძვლებს, ქვის სამტვრევთან შედარებით, მართლაც, ბრწყინვალედ ფლობდა და მეტის პრეტენზია არც ჰქონდა.

ამბავი, რომელიც უნდა მოგითხროთ, იმით დაიწყო, რომ კაპიტანი ბიტი და ლეიტენანტი ჯეიმსი ყველგანმავალით ორკვირიან სადაზვერვო ექსპედიციაში გაემგზავრნენ, ბანაკის მეთვალყურეებად კი ლეიტენანტი ჰალორანი და მაქსი დატოვეს.

ჭორფლიანი ჰალორანი ტანმორჩილი, კუნთმაგარი ჯეელი გახლდათ, ენამოსწრებული, ხალისიანი და გამჭრიახი ჭკუის პატრონი. ისაუზმა თუ არა, ექსპედიციაში მყოფ მზვერავებს დაუკავშირდა, მერე შეზლონგზე მყუდროდ მოიკალათა და პეიზაჟის ცქერით გული იჯერა. უღიმღამო, მიყრუებული უდაბნოს მოყვარულთათვის, პლანეტა „რეგულიუს მეხუთე“ სწორედ რომ შესაფერისი ადგილი იქნებოდა. ირგვლივ მოსაწყენი, ერთფეროვანი ლანდშაფტი გადაშლილიყო: კლდეები და ლოდები გაქვავებულ ლავას დაეფარა, გაცრეცილ ცაში აქა-იქ ბეღურას მსგავსი ჩიტები დაფრინავდნენ, ლოდებს შუა კი რაღაც პატარ-პატარა მხეცები დაძვრებოდნენ, ცოტათი კოიოტებს რომ წააგავდნენ. ჰალორანმა გადააფურთხა და წამოიწია.

_ მაქს, წავალ, გავივლ-გამოვივლი. შენ კი ბანაკს მიხედე..

_ მესმის, სერ! _ სენსორული ელემენტები მიანათა ჰალორანს რობოტ-პატრულმა.

_ აქაურები ბანაკს არ გააკარო, განსაკუთრებით ის, ორთავიანი, ამობრუნებული მუხლისთავები რომ აქვს.

_ მესმის, სერ! _ მაქსი აბორიგენების ხსენებაზე სრულიად კარგავდა ისედაც მწირ იუმორის გრძნობას _ მისტერ ჰალორან, პაროლი ხომ იცით?

_ ვიცი მაქს. შენ თუ იცი?

_ვიცი სერ!

_ ო კეი, ნახვამდის.

***************

საყურადღებო რომ ვერაფერი ნახა, ტყუილუბრალოდ ნახეტიალები ჰალორანი უკან გამობრუნდა. მაქსი მშვიდად დარაჯობდა ბანაკს.

_ გამარჯობა, მაქს! _ მხიარულად შესძახა ლეიტენანტმა რობოტს. _ ხომ არაფერი მომხდარა?

_ შესდეგ! _ უბრძანა მაქსმა, _ პაროლი?

_ მოგცლია ერთი, რა პაროლი, რის პაროლი…

_ შესდექ! _ იყვირა რობოტ-პატრულმა.

ლეიტენანტი მოწყვეტით შედგა. რობოტის ფოტოელექტრონულმა ელემენტებმა მუქარით გაკვესეს, ორმაგი ტკაცუნი გაისმა და საბრძოლო სისტემაც ჩაირთო…

_ კი, ბატონო, გავჩერდი, _ ცოტა არ იყოს, შეფიქრიანდა ჰალორანი. _ მაქსიკ, მე ვარ, ჰალორანი, ახლა ხომ მაქვს შემოსვლის უფლება?

_ ჰაროლი მითხარით, თუ შეიძლება.

_ `ზანზალაკები~ – ახლა ხომ დაწყნარდი, შე მაწანწალა?!

_ არ გაინძრეთ! – მკაცრად უბრძანა რობოტმა, _ პაროლი სწორი არ არის..

_ რას მიბედავ, შე ძაღლისშვილო! _ დაიქუხა ლეიტენანტმა, _ მე თვითონ არ მოგეცი ეს პაროლი?

_ ეგ ძველი პაროლია.

_ ძველიო! ხომ არ გაგიჟებულხარ, შე უნამუსო! `ზანზალაკებია~ ერთადერთი სწორი პაროლი და ძველი როგორ იქნება, როცა ახალი არაფერი მითქვამს? თუმცა, მოიცა.. _ ჰალორანს უეცრად ცივმა ოფლმა დაასხა.

_ …თუმცა, კაპიტანმა ბიტიმ ხომ არ მოგცა წასვლის წინ ახალი პაროლი? _ ძლივს წაილუღლუღა ენაჩავარდნილმა ჰალორანმა.

_ დიახ, _ გულგრილად დაუდასტურა რობოტმა.

_ ეგ კი უნდა გამეთვალისწინებინა, _ ლეიტენანტმა შერიგების ნიშნად რობოტს გაუღიმა. ასეთი იაღლიშები ადრეც მოსვლია, მაგრამ ბანაკში ყოველთვის ყოფილა ხოლმე ვინმე და დახმარებიან. ახლაც არ ღირს ნერვების აშლა. გონიერებას უნდა მოუხმოს და ეს სულელური სიტუაციაც განიმუხტება.

_ მაქს, _ დამრიგებლურად დაიწყო ჰალორანმა, _ ჩემო ძმაო, ყველაფერს მივხვდი _ კაპიტანმა ბიტიმ შენ კი მოგცა ახალი პაროლი, მაგრამ დაავიწყდა, ჩემთვისაც მოეცა. მიხვდი, რაშია საქმე?

რობოტი დუმდა.

_ ამ შეცდომის გამოსწორება ხომ იოლად შეიძლება? _ გააგრძელა ლეიტენანტმა.

_ სულითა და გულით ვიმედოვნებ, რომ შეიძლება. _ დიდსულოვნად დაეთანხმა რობოტ-პატრული.

_ ამაზე ადვილი რა არის? _ გაეხარდა ჰალორანს. _ მე და კაპიტანს წესად გვაქვს _ როცა შენ ახალ პაროლს გაძლევს, ამას მეც მატყობინებს ხოლმე, ყოველ შემთხვევისათვის კი, აი, ახლა რომ მოხდა, ასეთი შემთხვევისათვის, პაროლს ქაღალდზეც კი წერს.

_ მართლა? _ დაინტერესდა მაქსი.

_ კი, ყოველთვის. ახლაც აუცილებლად ჩაიწერდა  სადმე… ხედავ შენ ზურგს უკან კარავს?

რობოტმა ერთი სენსორული ელემენტი ასოთხმოცი გრადუსით მიატრიალა, მეორე `თვალს~ კი ჰალორანს არ აცილებდა.

_ ვხედავ.

_ ო კეი. კარავში მაგიდა დგას, ზედ მეტალის ყუთი დევს. სწორედ იმ ყუთშია ქაღალდის ფურცელი, რომელზეც რადიოკავშირის სიხშირეები, ტალღები და პაროლი წერია. ხედავ, რა ადვილად მოგვარდა ყველაფერი?

რობოტი მოჩვენებითი გულგრილობით უსმენდა _ ლეიტენანტს ისიც ეგონა, მაქსმა დაამთქნარაო.

_ თქვენ პაროლი როგორ გამოითქმის, ის უნდა იცოდეთ და არა ის, სად არის ჩაწერილი, _ ბიუროკრატული პასუხი შეაგება რობოტმა. _ პაროლს თუ მეტყვით, შემოგიშვებთ ბანაკში, თუ არა და, ბრძანების თანახმად, თქვენი შემოშვების უფლება არა მაქვს.

_ კისერიც გიტეხია! _ იფეთქა ჰალორანმა. _ შე იდიოტო, სინამდვილეში ხომ მიცნობ, ვინც ვარ! ჰალორანი ვარ, ჰა-ლო-რა-ნი, შე უტვინო, რეგვენო! ეს მე ვარ, საკუთარი ხელით რომ გაგააქტიურე და გაგაცოცხლე, შე ჯართო! მორჩი მაიმუნობას და შემომიშვი ბანაკში!

_ მართლაც, თქვენ საოცრად ჰგავხართ მისტერ ჰალორანს, _ გულწრფელად გამოტყდა რობოტი, _ მაგრამ, სამწუხაროდ, უფლება არ მაქვს, ვენდო საკუთარ გრძნობებს. თქვენი ნათქვამის ჭეშმარიტებას კი მხოლოდ მაშინ ვირწმუნებ, სწორ პაროლს თუ მეტყვით.

ჰალორანმა ძლივს დაიოკა სიშმაგე.

_ მაქს, ძმაო და მეგობარო, _ ალერსით მიმართა რობოტს. _ შემთხვევით, აქაურ არსებაში ხომ არ აგერიე?

_ რადგან პაროლი არ იცით, სწორედ მაგას ვვარაუდობ, _ დინჯად დაუდასტურა დემაგოგმა რობოტმა.

_ მაქს! _ იღრიალა ლეიტენანტმა და ფეხი წინ წადგა – შენი…

_ წრეს არ გადმოაბიჯოთ! _ უყვირა რობოტმა და სენსორული ელემენტები მუქარით აინთო. _ არ გიცნობთ, არ ვიცი, ვინ ხართ, მაგრამ უკან დაიწიეთ!

_ კარგი, კარგი, _ სწრაფად დაემორჩილა ჰალორანი. _ ნუ ნერვიულობ…_ რამდენიმე ნაბიჯით დაიხია და ლოდზე ჩამოჯდა.

მდგომარეობა სერიოზულად გართულდა.

პლანეტა „რეგულიუს მეხუთეზე“ ათასსაათიანი დღეღამის შუადღეც მოახლოვდა _ უსიცოცხლო, გაცრეცილ ცაზე ორი დეფორმირებული თეთრი ლაქა, ორი მზე ელავდა. ორივე დუნედ მიჩოჩავდა რუხი გრანიტის ჰორიზონტისკენ და მათ ჯოჯოხეთურად მწველ სხივებს ყოველი სულიერი უფრთხოდა. გავარვარებულ ცაში იშვიათად თუ გაიფრენდა ჩიტი, დასიცხული პატარა ცხოველები ერთი ბეწო ჩრდილიდან მეორეზე გადარბოდნენ. კვერნის მსგავსი არსება იქვე, კარვის ახლოს რაღაცას ხრავდა, თუმცა რობოტი ყურადღებასაც არ აქცევდა. ლოდის გამონაშვერზე კი მოკუნტული იჯდა კაცი და რობოტს უთვალთვალებდა. გიჟური სიცხე და უწყლობა უკვე აუტანელი გახდა. სიტუაცია რომ შეაფასა, ჰალორანი მიხვდა, უწყლოდ დიდ ხანს ვეღარ გაძლებდა და უსათუოდ მოკვდებოდა. წყალი კი მხოლოდ ბანაკში იყო, თანაც ძალიან ბევრი, მაგრამ ეს ოხერი რობოტი იქამდე არ უშვებდა.

ბიტი და ჯეიმსი სამი დღის მერე დაუკავშირდებიან ბანაკს და ჰალორანის დუმილი  დიდად არ შეაშფოთებს მათ _ ამ ადგილებში რადიოტალღებს ძალიან უჭირთ გავლა. მეორე სეანსი იმავე საღამოს დაიწყება, მომდევნო კი მეორე დილით. და თუ ჰალორანს კიდევ ვერ დაუკავშირდებიან, მხოლოდ მაშინ გამოეშურებიან ბანაკისაკენ. ესე იგი, იდეალურ შემთხვევაში, დედამიწისეულმა ოთხმა დღეღამემ უნდა გაიაროს მათ მოსვლამდე. თუმცა ჰალორანისთვის ოთხ დღესა და ოთხ წელიწადს ერთი მნიშვნელობა ექნება. სხეული, წონასთან შედარებით, ათ, თხუთმეტ პროცენტ წყალს თუ დაკარგავს, ადამიანს შოკი ემართება, თანაც მოულოდნელად _ მოხეტიალე ბედუინები უწყლობით ოცდაოთხ საათში იღუპებიან, ხოლო მძღოლები, ამერიკის შეერთებული შტატების სამხრეთ-დასავლეთით, მოხავეს უდაბნოში, როცა მანქანა უფუჭდებათ, ოცდაოთხ საათსაც კი ვერ სძლებენ..

„რეგულიუს მეხუთეზე“ კი კიდევ უფრო მცხუნვარე ჰაერი იყო, ვიდრე კალაჰარის უდაბნოში და უფრო მშრალი, ვიდრე „სიკვდილის ველზე“. აქაური დღე-ღამის ხანგრძლივობა დედამიწის ათას საათს უდრიდა… რამდენს გაუძლებს კიდევ? ერთ დღეს, თუ ორს?.. ბიტი და ჯეიმსი უნდა დაივიწყოს _ მათ მოსვლამდე ჰალორანი ვერ გაძლებს. რადაც არ უნდა დაუჯდეს, ბანაკიდან წყალი უნდა გამოიტანოს, თანაც, სწრაფად.

მაგრამ, როგორ მოატყუოს ეს თავცარიელი თუნუქის ყუთი?

ლეიტენანტი წამოდგა და ლოგიკა მოიშველია.

_ მაქს, ხომ მიცანი? ჰალორანი ვარ. ერთი საათის წინათ ბანაკიდან გავედი და ახლახან დავბრუნდი, ოღონდ პაროლი არ ვიცი.

_ მგონი, მართალს ამბობთ, _ თავმდაბლურად მიუგო რობოტმა.

_ თუკი ასეა… _ გაეხარდა ჰალორანს.

_ მაგრამ, ეგ რას ნიშნავს? _ განაგრძო რობოტმა. _ მე აქ ბანაკის სადარაჯოდ დამაყენეს და არა იმისთვის, რომ ვიღაც საეჭვო პირებთან ვიმუსაიფო.

_ მე ვარ საეჭვო პირი? _ გადაირია ჰალორანი. _ ჯანდაბას შენი თავი, მათარით წყალი მაინც გამომიტანე.

_ უფლება არა მაქვს _ ბრძანების საწინააღმდეგო ქმედებაა.

_ რომელმა იდიოტმა გიბრძანა?

_ არავის უბრძანებია, მაგრამ ეს დასკვნა ძირითადი ბრძანებიდან გამომდინარეობს: არ უნდა დავეხმარო აბორიგენს.

ჰალორანმა სულ აიწყვიტა. მაქსი კი, რომელიც ბანაკის დასაცავად იყო დაპროგრამებული, ყურადღებას არ აქცევდა შეურაცხმყოფელი სიტყვების ნიაღვარს.

როცა სულ დახარჯა, რაც კი რამ სალანძღავი სიტყვა იცოდა, ადგილობრივი არსება, თავს ლეიტენანტ ჰოლორანად რომ ასაღებდა, კლდის უკან მიიმალა.

რამდენიმე წუთში კი ის სულიერი, კლდეს რომ მოეფარა, სტვენა-სტვენით გამოვიდა და მაქსს მიუახლოვდა.

_ მაქსიკ, გამარჯობა!

_ გამარჯობა, მისტერ ჰალორან. _ თავაზიანად გამოეხმაურა რობოტი.

ლეიტენანტი წრიდან ათიოდე ნაბიჯზე შეჩერდა._ აქაურობა დავზვერე, თუმცა საყურადღებო ვერაფერი შევნიშნე. ჩემ არყოფნაში ხომ არაფერი მომხდარა?

_ დიახ, სერ, _ მიუგო მაქსმა. _ აქაური არსება ბანაკში შემოჭრას ლამობდა.

_ რას მეუბნები! _ გაიკვირვა  ჰალორანმა. _ როგორ გამოიყურებოდა?

_ ზუსტად თქვენ გგავდათ, მისტერ ჰალორან.

_ უყურე შენ! როგორ მიხვდი, მე რომ არ ვიყავი?

_ პაროლი არ იცოდა, სერ, ისე აპირებდა შემოსვლას. ნამდვილი მისტერ ჰალორანი ხომ ასე არ მოიქცეოდა?

_ რა თქმა უნდა, არა, _ კვერი დაუკრა ლეიტენანტმა. _ ყოჩაღ, მაქსიკ, სიფხიზლე და კიდევ სიფხიზლე!

_ აუცილებლად, სერ. დიდი მადლობა, სერ..

ჰალორანმა თავი კმაყოფილებით დაუქნია. მან მშვენივრად იცოდა, რომ რობოტი ხელმძღვანელობდა იმ ძირითადი პრინციპით, რომლის თანახმადაც, ადამიანებმა ყოველთვის იციან თავიანთი ბანაკის პაროლი. მეორე ძირითადი პრინციპი კი გვასწავლის, რომ ადგილობრივმა არსებამ არასდროს არ იცის პაროლი, თუმცა ყოველთვის ცდილობს ბანაკში შემოსვლას. ესე იგი, ნებისმიერი არსება, რომელიც არ ცდილობს ბანაკში შეჭრას, მოკლებულია აბორიგენისთვის დამახასიათებელ კომპლექსს და თავისთავად ცხადია, ის ადამიანია.

_ ჩემო კარგო მაქს, ხანმოკლე ექსკურსიისას შემაშფოთებელი დაკვირვება მოვახდინე.

_ მართლა, სერ?

_ გამოირკვა, რომ ჩვენ პლანეტის ქერქის ნარღვევზე დავბანაკებულვართ. ნარღვევი იმხელაა, რომ მასთან შედარებით სან-ანდრეასის უფსკრული უბრალო ბზარია და მეტი არაფერი.

_ ვერ ყოფილა კარგად საქმე, სერ. ფიქრობთ, რომ სარისკოა აქ ყოფნა?

_ სარისკოა და მერე როგორ? ჩვენ დიდი ოფლისღვრა მოგვიწევს _ ბანაკი დაუყოვნებლივ უნდა ავშალოთ და დასავლეთით, რამდენიმე მილის მოშორებით გადავიტანოთ! აიღე წყლიანი მათარა და უკან მომყევი.

_ გისმენთ, სერ! _ სწრაფად დაეთანხმა მაქსი. _ გთხოვთ, პოსტიდან მომხსნათ.

_ ო კეი, თავისუფალი ხარ, შეგიძლია წახვიდე, _ უთხრა ჰალორანმა.

_ ნება არა მაქვს. თქვენ ჯერ პაროლი უნდა მითხრათ და შემდეგ გააუქმოთ. ამის მერე მექნება ბანაკის პატრულირების შეწყვეტის უფლება.

_ ნუ დავკარგავთ დროს უმაქნის ფორმალობაზე, _ იღრიალა ჰალორანმა, _ ახალი პაროლია `ოქროს თევზი~. გაინძერი, მაქს, გაინძერი, სწორედ ამწამს ვიგრძენი ქერქის უძლიერესი რყევა.

_ მე არაფერი მიგრძვნია…

_ შენ რა უნდა იგრძნო, ერთი უბადრუკი რობოტი ხარ. ღმერთო ჩემო! აი, კიდევ ერთხელ შეირყა. ახლა მაინც ვერ იგრძენი?

_ მგონი, კი. _ წაიბუტბუტა დაბნეულმა რობოტმა.

_ ჰოდა, რაღას უცდი, შე რეგვენო, იჩქარე!

_ მისტერ ჰალორან, უფლება არა მაქვს, _ ნაღვლიანად ამოიოხრა რობოტმა. _ პატრულირებას ვერ შევწყვეტ, სანამ პოსტიდან არ გადამაყენებენ, როგორც წესი და რიგია. გთხოვთ, გამათავისუფლოთ, სერ.

_ კარგი, კარგი, ნუ ღელავ. _ ხელი ჩაიქნია სასოწარკვეთილმა ჰალორანმა. _ გადავიფიქრე. ჯერჯერობით აქ დავრჩებით.

_ კი მაგრამ, მიწისძვრა, სერ?

_ მოვასწრებთ. წავალ, ერთი კიდევ შევამოწმებ.

ჰალორანი წავიდა და კლდეს მოეფარა. გული გაშმაგებით უცემდა და ეჩვენებოდა, რომ ძარღვებში სისხლი შეუდედდა. თვალებში წითელი წრეები უხტოდა. ჩაჯდა და ერთ ციდა ჩრდილს შეეფარა. დღე არ ილეოდა, უსაშველოდ გრძელდებოდა და გრძელდებოდა. ამორფული, ორმაგი თეთრი ლაქა კუს ნაბიჯით მიხოხავდა ჰორიზონტისკენ. პატრული რობოტი კვლავ ბანაკს დარაჯობდა. ძლიერმა ქარმა დაუბერა და სენსორულ ელემენტებზე მაქსს სილა შეაყარა. ის კი მშვიდად უვლიდა გარს ბანაკს, წამითაც კი არ ჩერდებოდა.

(პირველი ნაწილის დასასრული)

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close
Close