მეცნიერებარელიგია

დედა-ღვთისმშობლის გამოცხადება ზეითაუნში (ეგვიპტე)

ეს იყო მოვლენა, "რომელმაც მთელი მსოფლიოს ზეცა შეარყია“.

საოცარი მოვლენა

1968 წლის 2 აპრილიდან 1971 წლის 29 მაისამდე ქალაქ ზეითაუნში, ეგვიპტის დედაქალაქ ქაიროსთან ახლოს, ათი ათასობით ადამიანს ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი გამოეცხადა. დედა-ღვთისმშობელი პერიოდულად ჩნდებოდა ტაძრის გუმბათების თავზე მანათობელი სახით.

ამ სანახაობას უყურებდა მილიონობით ეგვიპტელი და მათ შორის, სრულიად სხვადასხვა რწმენის მქონე უცხოელებიც. თვითმხილველთა შორის იმყოფებოდნენ არა მარტო უბრალო მოქალაქენი, არამედ ცნობილი მეცნიერები, საზოგადო მოღვაწენი, მაღალი იერარქიის სასულიერო პირები.. გამოცხადების ხილვამ მათზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა. გამოცხადება რამდენიმე წუთიდან რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდებოდა. ზოგმა ისიც კი მოახერხა, ამ მოვლენისათვის სურათი გადაეღო.

ქვეყნის საპატრიარქოს ქაიროს რეზიდენციის ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია: “1968 წლის 2 აპრილის საღამოდან წმინდა ქალწულის გამოცხადება ხდებოდა… ეს მოვლენა შემდგომ არაერთხელ აღინიშნა ღამ-ღამობით და დღემდე ფიქსირდება სხვადასხვა სახით – ყოვლადწმიდა ხან მთელ სიმაღლეზე, ხან სანახევროდ გვევლინება, მაგრამ ყოველთვის მბრწყინავი შარავანდედი ადგას. გამოცხადება ხდება გუმბათის ფანჯრებიდან, ანდა გუმბათებს შორის სივრციდან.

ყოვლადწმიდა ქალწული გადაადგილდება, დადის, თაყვანს სცემს ტაძრის სახურავზე აღმართულ ჯვარს – და ამ დროს იგი დიადი ნათებით ბრწყინდება. ღვთისმშობელი მის მაყურებლებს მიმართავს და აკურთხებს მათ ხელით და უწმინდესი თავის დაკვრით.

სხვა შემთხვევაში ყოვლადწმიდას გამოცხადება ხდება ღრუბლის, ანდა ნათების სახით, რომელსაც წინ უსწრებს რაღაც სულიერი არსებების მოვლინება – ისინი მტრედებს წააგვანან და დიდი სისწრაფით მოძრაობენ. ამ მოვლენას ჩვენი ქვეყნისა და უცხოეთის ათასობით მოქალაქე ადევნებდა თვალს. ისინი სხვადასხვა რელიგიების წარმომადგენლები იყვნენ. მრავალრიცხოვანი მეთვალყურენი ხილვის აღწერისას ერთსა და იმავე დეტალებზე საუბრობენ.

რას წერდნენ იმდროინდელი გაზეთები?

გაზეთ „ალ-ახრამის“ 1968 წლის 5 მაისის ნომერში პატრიარქი კირილი აცხადებს – „ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის გამოცხადება  ჭეშმარიტებაა“. იმავე წლის 7 მაისს გაზეთში ნათქვამია: „პატრიარქის განცხადების შემდეგ სულ რაღაც 24 საათში ზეითაუნში ეკლესიის გარშემო შეკრებილი ბრბო ადამიანთა მღელვარე ზღვად გადაიქცა“.

1968 წლის 5 მაისს გაზეთი „პროგრეს დიმანში“ წერდა: ზეითაუნში, კოპტსკის ტაძრის თავზე ღვთიშობლის გამოცხადება გუშინ პატრიარქმა კირილ VI-აც დაადასტურა”.

რას ამბობდნენ მოწმეები?

მაამუნ აფიფი (საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლთა ინსტრუქტორი):

„ღამით ტაძრის მოპირდაპირე მხარეს მდებარე გარაჟში ვიმყოფებოდი. 1968 წლის 2 აპრილს, შუაღამის ოთხის ნახევარზე, მე გავიგონე, როგორ შეჰყვირა ძალზედ ხმამაღლა ჭიშკართან მდგარმა გარაჟის დარაჯმა: `სინათლე გუმბათის თავზე!“

სასწრაფოდ გარეთ გამოვედი და საკუთარი თვალებით ვიხილე ქალი, რომელიც გუმბათების თავზე მოძრაობდა და უჩვეულო შუქს გამოსცემდა. ეს სინათლე გუმბათის გარშემო სიბნელეს ჰკვეთდა.

დაჟინებით ვაკვირდებოდი და უეცრად მივხვდი, რომ ეს ღვთისმშობელია. მე ვხედავდი, თუ როგორ მიაბიჯებდა იგი გლუვ გუმბათზე. მისი სხეული სინათლის ჩირაღდანი იყო.. ნელა მიდიოდა..“

აბ-ელ-აზიზი (საზოგადოებრივი ტრანსპორტის ორგანიზაციის გარაჟის დარაჯი):

“როგორც  კი გუმბათის თავზე ყოვლადწმიდა დავინახე, მანათობელი სხეულით, მაშინვე შევყვირე: „სინათლე გუმბათის თავზე!“ მაშინვე გარაჟის მექანიკოსს – ჰუსეინ აბბადს დავუძახე, რომელმაც მაშინვე მოირბინა. ჩემს ყვირილზე მას უკან სხვა მუშებიც გამოყვნენ. მათაც დაინახეს ყოვლადწმიდა მარიამი, რომელიც გუმბათის თავზე მოძრაობდა“.

ჰუსეინ აბბადი (საზოგადოებრივი ტრანსპორტის ორგანიზაციის გარაჟის მექანიკოსი):

„მე ვხედავდი ყოვლადწმიდა მარიამს გუმბათის თავზე. მისი სხეული ანათებდა და გარემოს გარშემო მზესავით აშუქებდა. ღვთისმშობელმა მოძრაობა დაიწყო და სინათლემ კი წრის ფორმა მიიღო, მის შიგნით კი ყოვლადწმიდა იმყოფებოდა. არაფერი მსგავსი, ამ ხილვის მაგვარი, ჩემს ცხოვრებაში არ მინახავს”.

იაკუტ ალი (საზოგადოებრივი ტრანსპორტის ორგანიზაციის გარაჟის მუშა):

„ღვთისმშობლის მანათობელი სხეული გუმბათის თავზე ლივლივებდა. როგორც კი მისი ფეხი გუმბათის ზედაპირს შეეხებოდა, ისინი ნელა მოძრაობას იწყებდნენ. იგი შარავანდედში იყო გახვეული“..

რას ამბობდნენ სასულიერო პირები?

რამდენიმე დღეში ზეითაუნში ჩამოვიდა განათლების კომისია მისი უწმიდესობის  – კირილ VI-ის ხელმძღვანელობით. კომისიის სტუმრობის მიზანი იყო, რომ ყოვლადწმიდას გამოცხადების ნამდვილობა დაედასტურებინათ.

აი, ნაწყვეტი კომისიის წევრების – იოანე აბდ-ელ-მასივისა და ვენიაამინ კამილეს მიერ ხელმოწერილი ანგარიშიდან: “ჩვენ გვინდოდა, დავრწმუნებულიყავით და დავრწმუნდით კიდევაც. შუაღამისას ჩვენ ყოვლადწმიდა დავინახეთ… თავდაპირველად სფეროსმაგვარი ზეციური შუქი გაჩნდა. სფეროს შიგნით ჩვენ ღვთისმშობელი დავინახეთ. შემდეგ იგი მთელ სიმაღლეზე გამოჩნდა და ტაძრის ზემოთ დაიწყო მოძრაობა – ჯვარს თაყვანს სცემდა და გახარებულ ხალხის მასას იქიდან აკურთხებდა. ტაძრის გარშემო ხალხი იყო შეკრებილი და აღტაცებული შეძახილებით ღვთისმშობელს ქედს უხრიდნენ.. მეორე საღამოს ჩვენ მანათობელი მტრედი ვნახეთ, რომელიც გუმბათიდან პირდაპირ ზეცაში აიჭრა“.

ეპისკოპოსმა ათანასემ განაცხადა: „ჩემმა თვალებმა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი იხილეს. ჩემთან ერთად იგი კიდევ მრავალმა, მრავალმა ათასმა ადამიანმა დაინახა. გამოცხადებას წინ უძღოდა ორი მტრედის აფრენა ტაძრიდან.. შემდეგ გამოჩნდა სუსტი სინათლე.. მერე ჩვენ რაღაც ღრუბლისმაგვარი დავინახეთ, რომელიც მაშინვე განათდა მოციმციმე სინათლის მსგავსი წყაროთი.

ღრუბელში ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ჰაეროვანი კონტური გამოისახა – ეს ელვისებურად მოხდა. და ეს გამოცხადება დილის ხუთ საათამდე ყველასათვის ხილული იყო. ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი მარჯვნივ და მარცხნივ დააბიჯებდა, თავს ხრიდა, ხელით ადამიანებს ესალმებოდა და ლოცავდა. მას ყველა ერთნაირად ხედავდა. ეს საოცრება უკვე აგერ თვეზე მეტია, გრძელდება და მთელი მსოფლიოს ზეცა შეარყია“.

ზეითაუნში ღვთისმშობლის გამოცხადებასთან დაკავშირებით რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის მსახურთა აზრი განსხვავებულია. მაგალითად, მოსკოვის სულიერი აკადემიის პროფესორი ოსიპოვი თვლის, რომ მსგავსი გამოცხადებანი მიეკუთვნებიან დემონის გამოცხადებას ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის იერით.

რას ამბობდნენ მეცნიერები?

სხვებთან ერთად „მანათობელი ქალბატონის“ გამოცხადება ტაძრის გუმბათის თავზე თავისი თვალით იხილა ზაკი შენუდამ, ცნობილმა მეცნიერმა და საზოგადოებრივმა მოღვაწემ, აფრო-აზიური სოლიდარობის ორგანიზაციის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა პირმა. აი, მისი მონათხრობი:

„1968 წლის 27 აპრილს, შაბათ საღამოს, მე ისევ მივედი ტაძარში და შევამჩნიე, რომ იქ შეკრებილი ხალხის ბრბო შესამჩნევად გაზრდილიყო. ხალხის რაოდენობა ახლა უკვე ათეულ ათასებს აღწევდა. ტაძრის გარშემო მდებარე ყველა ქუჩა ამ ადამიანებით  იყო შევსებული. ისინი ყველგან იყვნენ – ღრუბლებზე, ხეებზე, ფარნებიან ბოძებზე..

უცებ მშვიდობიანი შეძახილები გაისმა – ღვთისმშობელი ტაძრის უკანა გუმბათზე გამოჩნდა. ყველანი იქით გაემართნენ და მეც მათთან ერთად. იქ მე ისეთი რამ ვნახე, ჩემს ცხოვრებაში არ დამავიწყდება – მე მკაფიოდ, თვალნათლივ ვხედავდი ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს, რომელსაც სინათლის უზარმაზარი შარავანდედი ადგა. იგი დედოფლის იერით და თავზე გვიგვინით იყო. ღვთისმშობელი ისე ბრწყინავდა, როგორც კაშკაშა მზე ბრწყინავს სიბნელეში.

ოფიციალური პირის აზრი

ამ თემაზე ანგარიში წარადგინა ეგვიპტის ინფორმაციის დეპარტამენტის მთავარმა დირექტორმა, ტურიზმის საქმეების მინისტრმა ხაფეზ განემმა:

„ჩატარებული ოფიციალური კვლევების შედეგები ისეთია, რომ გვიწევს სრულიად ეჭვგარეშე ფაქტების აღიარება – ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი კაშკაშა მანათობელი სახით თვალწინ წარმოუდგა და ეჩვენა როგორც ქრისტიანებს, ასევე მუსლიმანებს.

ყოველგვარი ეჭვი, თითქოს ეს იყო რაიმე ხელოვნური ნეონური გამოსახულება, ანდა სხვა რაიმე სახის სიცრუე, აღიარებულია შეუძლებლად და სრულიად გამორიცხულია”.

სასწაულებრივი განკურნება

ამ გამოცხადების შესახებ თავის აზრს გვიზიარებს ცნობილი ქირურგი ქაიროდან: „ჩემს პაციენტს ორ წლის წინათ კიბოს ოპერაცია გავუკეთე. იგი სამი კვირის წინათ ჩემთან კაბინეტში მოვიდა მორიგ გასინჯვაზე.

კვლევისას მე აღმოვაჩინე, რომ მამაკაცს ახლა უკვე მეორე სიმსივნური წარმონაქმნიც ჰქონდა. ბიოფსიისათვის ქსოვილი ავიღე. ტესტმა ავთვისებიანი სიმსივნე დაადასტურა, ამიტომაც პაციენტს ოპერაციის დაუყოვნებელ ჩატარება ვურჩიე. მან იუარა, თქვა, რომ საამისოდ საკმარისი თანხები არ ჰქონდა და წავიდა.

ორი კვირის მერე პაციენტი ისევ მოვიდა ჩემთან და განმეორებით გასინჯვა მთხოვა. ჩემდა გასაკვირად, მე ვერ ვიპოვნე სიმსივნური წარმონაქმნი, რომელიც ადრე ხელით თავისუფლად ისინჯებოდა. ახლა მის ადგილას თეთრი ნაწიბურიანი ქსოვილიღა იყო დარჩენილი.

მამაკაცმა მითხრა, რომ იგი ზეითაუნში ჩავიდა და ღვთისმშობელს დახმარება სთხოვა. მე ასეთი სასწაულების არ მწამს, მაგრამ არ შემიძლია, ავხსნა, თუ როგორ გაქრა სიმსვნური წარმონაქმნი და ამას ჭკუიდან გადავყავარ“.

მოვლენის სამეცნიერო ახსნის მცდელობა

სინტია ნელსონი შეერთებული შტატების ანთროპოლოგიის პროფესორი გახლდათ. 1968 წლის აპრილ-ივნისში იგი რამდენჯერმე ესტუმრა ტაძარს. როგორც თვითონ ამბობს, მან მხოლოდ „რამდენიმეჯერ გაკაშკაშებული სინათლე დაინახა“. როგორც ნელსონი, ისე ზოგიერთები ვარაუდობენ, რომ ამ იდუმალ მოვლენასთან დაკავშირებული შეტყობინებანი დაკავშირებულია იმასთან, რომ ეგვიპტეს კრიზისული პერიოდი უდგას.

სოციოლოგები – რობერტ ბართოლომეუ და ერიხ გუდი – ამ გასაოცარ ხილვებზე შეტყობინებას მასიურ აღტკინებას მიაწერენ. მათი აზრით, „როგორც ჩანს, სინათლის ამ გაკაშკაშების შემსწრე საზოგადოება თავისი რელიგიურობისა და მოლოდინის გამო განწყობილი იყო, ეს ყველაფერი ღვთისმშობელთან დაეკავშირებინა“.

კანადელი ნეიროფიზიოლოგი მაიკლ პერსინგერი და ამერიკელი გეოლოგი ჯონ დერი კი მსგავს მოვლენებს სეისმურ აქტიურობას უკავშირებენ. მათი ანალიზის მიხედვით, 1958-1979 წლის სეისმური აქტიურობა ამ რეგიონში ემთხვევა ამ იდუმალი სინათლის ფენომენს.

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close
Close