მეცნიერება

მაია ხადური: ,,მე ბგერის გამცილებელი ვარ!

ბგერათა უსიერ ტევრში მოგზაური ქალბატონის ისტორია

რაღაც ძალიან სწრაფ ტემპში წარმომიდგინა და გამაცნო ჩვენი საიტის დღევანდელი სტუმარი ჩემმა მეგობარმა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორმა მაია ბენიამ. ქვას გახეთქავდა მისი არგუმენტი – ისეთი ნოვაციის ავტორია, დახანებას არ ექვემდებარებაო. ცხადია, დავმორჩილდი მეგობრის თხოვნას, თუმცა ჩემთვისFფრიად საცნაური გამოდგა თბილისელი მუსიკისმცოდნის მაია ხადურის ძიებანი ჯერ მუსიკისა და მერე ეზოთერიკის სიღრმეებში. თემას, რომელსაც ის ეჭიდება, სიღმისეული გააზრება სჭირდება. სიმართლე გითხრათ, პირველი გაოცების ტალღამ მაშინ გადამიარა, როცა საუბრის დასაწყისშივე პირდაპირ დამიხეთქა, ჩემი თეორიით და ფორმულით ,,ვეფხისტყაოსანი” გავანოტე და, თუ დამიჯერებთ, სახარების განოტებაც შესაძლებელიაო. მერე ,,მეორე პენალტიც” დამირტყა. თქვა, მინდა, შევქმნა ისეთი აპარატი, რომლითაც შესაძლებელი იქნება ნებისმიერი ადამიანის ორგანიზმის შინაგანი ხმაურის მოსმენა მისი სიმშვიდის ან სტრესის პირობებშიო. დანარჩენს ინტერვიუში გაეცნობით. დარწმუნებული ვარ, ,,ფენომენის” გონიერ საზოგადოებას რაღაც ძალიან უჩვეულოსა და მნიშვნელოვან თემას ვთავაზობ.

_ ნებისმიერ ინტერვიუში მუდმივი პრობლემა პირველი შეკითხვაა. სტუდენტობაში, სანამ ამ ჟანრს შეგვაჭიდებდა, ჩვენმა მაესტრომ, პროფესორმა ნოდარ ტაბიძემ ლამის თავი გვარტყმევინა თემაზე – ვინ ვარ მე?Mშენ რომ გისმენ და შენს ნოვაციას ვიაზრებ, მეც მომინდა, ასე დამეწყო – ვინ ხარ, შენ, მაია ხადურო? საიდან ასეთი სასწაულებრივი ინფორმაცია?

_ კითხვა რომ დაგიბრუნო, შეიძლება? კონტაქტიორი გგონივარ?
_ არა, თუმცა ასეც რომ იყოს, რა არის ამაში ცუდი? ამგვარი ინფორმაცია, ჩემი აზრით, განდობილებს თუ ეძლევათ.……………
_ გასაგებია, გპასუხობ, ვინ ვარ მე? მე, ალბათ, ბგერის გამცილებელი ვარ და არა კონტაქტიორი. ჩემს მოვალეობად მიმაჩნია რაღაც კონდიციამდე მივიყვანო და არა მოვიტანო ის ინფორაცია, რაც მომეცა. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ მე რაღაცის გზამკვლევი ვარ. ვცდილობ, ყველა ურთიერთობიდან ჰარმონია გამოვადნო. მიყვარს დისონანსის კოსონანსად ქცევა. ჩემს საქმეში არც ავტორიტეტი მყავს და არც მრჩეველი. ჩემით მივიკვლევ ბგერათა უსიერ ტევრს. ბგერა ჩემთვის სამყაროს შეცნობის საშუალებაა და, თუ დამიჯერებთ, ბგერით ვხსნი სახარებას. შემიძლია მისი ნებისმიერი ტექსტი გავამუსიკო და ისე მოვისმინო. სწორედ ამაშია ჩემი მიგნების არსიც.
_ მოიცა, მოიცა. ცოტა საინტერვიუო პაუზაც გამოვიყენოთ. შენ ამტკიცებ, რომ შეგიძლია ნებისმიერი ტექსტი გაამუსიკო და შესაბამისად, განსაზღვრო კიდეც მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი?
_ დიახ, და ამას რომ მივხვდი, კარგა ხანს, როგორც იტყვიან, გონზე არ ვიყავი. წარმოგიდგენიათ, რამხელა რამეა, როცა ადამიანს ასწავლი, ჩემი ფორმულის მიხედვით გააანალიზოს ტექსტი და დაასკვნას კიდეც, რამდენად ჰარმონიულია ის, რაც წაიკითხა, რას მისცემს მისი მოსმენა თუ წაკითხვა ადამიანებს.
_ ვთქვათ ბარემ, რა ფორმულაზეა საუბარი?
_ მესმის, რომ ახლავე გინდა მათქვევინო ფორმულის არსი, მაგრამ ცოტა ხანი უნდა მაცალო, რადგან ჩემი ნოვაცია საქპატენტში სათანადო დამუშავების სტადიაშია. როგორც კი მორჩება ეს პროცედურა, ეგრევე ყველაფერს თავის სახელს დავარქმევ. ახლა ისევ დავუბრუნდეთ მთავარს. მე პროფესიით მუსიკისმცოდნე ვარ, მაგრამ ცოტათი მაინც უცნაური და კირკიმელა.

_ გამიჭირდება დაგეთანხმო, შენ ცოტათი კი არა დიდი დოზით ხარ უცნაური. Dდა მაინც, რაში გამოიხატებოდა ეს უცნაურობა და კირკიმელობა?
_ რაში? რაში და თუნდაც იმაში, რომ ჩემს პირველსავე სამეცნიერო ნაშრომში ,,მუსიკა, როგორც მეცნიერება,” ჩემთვის აშკარად მაღალ თამასას წავეპოტინე. დავწერე, რომ მინორი და მაჟორი არ არსებობს. რომ ეს არის დიდი სიცრუე და ამას არასწორად გვასწავლიდნენ. მაშინ ეს თემა ბატონი გია ყანჩელის ხელშიც მოხვედრილა. Mმისი კომენტარი ჩემთვის ძალიან წამახალისებელი იყო – მე მინდა, ისევ გისმინო და გაგიგონოო. ხოლო ამას წინათ კომპოზიტორმა ნოდარ მამისაშვილმა შეხვედრისას ეს აქეთ მითხრა. ადრე ამის თქმას ნაკლებად თუ გავბედავდი. ახლა თამამად ვამბობ. სხვათა შორის, ჩემს ნოვაციას რომ შევეხე ბატონ ნოდარ მამისაშვილთან შეხვედრისას, ცნობილმა კომპოზიტორმა ლამის შეიცხადა, ეს ნობელის თემააო! თუმცა რას გიხსნი, შენც ხომ იქ იყავი?
_ ვადასტურებ. Aასე იყო. ის შეხვედრა ჩემი ინიციატივით შედგა და ცნობილმა კომპოზიტორმა და ეზოთერიკოსმა ზუსტად ასე ბრძანა. გააგრძელე…
_ კარგი, დავუბრუნდები პირველ კითხვას. ეს მე ვთვლი თავს ბგერის ,,პრავადნიკად,” მაგრამ ჩემები სულ არ ფიქრობდნენ ასე. მაგალითად, დედა პატარაობაში ასე მომმართავდა, გენაცვალოს დედა აყვავებული ბაღივით თვალებშიო, ბებო უფრო შორს მიდიოდა – გენაცვალოს ბებო გაფრენილ წარბებშიო, მამა სულ სხვა იყო სხვანაირი, მისტიურიც, მინდიასებური ცოდნის მატარებელი. იგი დედამიწის სამძიმარს მეძახდა, რადგან თავადაც ასეთი იყო. შეეძლო, ხის მოჭრის გამო ისე ენერვიულა, რომ წნევა უწევდა.Mმამის გავლენით შინაურებიც დედამიწის სამძიმარს მეძახდნენ, მამა _ ,,შუშანიკსაც” მიწოდებდა. მოკლედ, მამა ჩემი ,,დისქოვერი” იყო.
_ მაინც რას ამბობდა მამა? ვინ იყავით მისთვის?
_ უცნაური ისტორიაა, მაგრამ უნდა გაგეხსნათ. ვინ იცის, იქნებ იქიდანვე განისაზღვრა ჩემი კირკიმელა ხასიათი. მამა ნიადაგმცოდნე იყო. ნოდარი ერქვა. სხვათა შორის, საქართველოს ფინანსთა ყოფილი მინისტრი ჩემი ბიძაშვილია და ეს სახელი მას ბიძამისის ანუ მამაჩემის სიყვარულით შეარქვეს. მამას ხშირად უწევდა მოგზაურობა საქართველოს რაიონებსა და სოფლებში. ერთხელ ზაფხულში ჩემს დაბადებამდე ,,სტარავერების” სოფელში მოხვედრილა. ისეთი ჩახჩახა ფერები, ჭრიჭინობელებისა და ციცინათელების ორკესტრი, ჩიტების გალობა, ვარსკვლავებით გაბრწყინებული ზეცა, მოკლედ, სასწაული ორკესტრი, არამიწიერი, ზღაპრული ხმიანობის მოწმე გამხდარა და ჩაუნიშნავს უბის წიგნაკში ეს თარიღი. სწორედ მაშინ ჩაუთქვამს ამ საოცარი ორკესტრის წინაშე, ჩემი გოგო სწორედ 29 რიცხვში დაიბადება და ზუსტად ასეთი მუსიკალური იქნებაო. Eეს რომ გაუკეთებია, მე ჩანაფიქრშიც კი არ ვარსებობდი. მე ექიმების თქმით, ივლისის შუა რიცხვებში უნდა დავბადებულიყავი, მაგრამ მოხდა სასწაული და ზუსტად 29 ივნისს გავჩნდი.Aამიტომაც მეუბნებოდა მამა, ,,მე რომ მუსიკის წერა შემძლებოდა, ალბათ, სასწაულს შევქმნიდი, მაგრამ მაშინ მხოლოდ თარიღის ჩაწერა მოვახერხე, შენ ჩემი სიმფონია ხარ. ის მუსიკა ხარ იმ სასწაულ დღეს რომ მოვისმინეო. მე მამას მინდიას ვეძახდი. Mმას ვგავარ. მასავით რაღაც დაუჯერებელს ვიძახი და არც მე მიჯერებენ.

_ რაღა დაგიმალო და პირველად ვუსმენ ადამიანს, რომელიც ჩაფიქრებული, ჩათქმული მატრიცის რეალური ხორცშესხმაა. მოკლედ, უცნაურობანი შენზე იმთავითვე ჩაუთქვამთ? Dდარწმუნებული ვარ, მერეც სავსე იქნებოდა შენი ცხოვრება სხვა უცნაურობებით, ძნელად დასაჯერებელი ამბებით…
_ დიახ, ეგრე იყო. დედას ჩემზე მძიმე მშობიარობა ჰქონდა. მერე მითხრეს, რომ ყიფლიბანდი გვიან დამეხურა, მაგრამ ამის გამო ავად არ ვყოფილვარ. ყოველთვის მძიმე განცდიანი ვიყავი და მგონი ახლაც ეგრე ვარ. ფილმს რომ ვნახავდი, მეტირებოდა ხოლმე. მახსოვს, დარიალის ხეობის ხილვამ, მისმა სიგოროზემ ისე დამშოკა, რომ ვიტირე. ბავშვობაში სათამაშოდ რომ გამიშვებდნენ ეზოში, სამალავში შევძვრებოდი და ვიჯექი გაყურსული. ეს მარტო ბებიამ იცოდა. მახსოვს, ოთხი წლისა ვიყავი, როცა ჩვენთან კომპოზიტორი ვაჟა დურგლიშვილი მოვიდა. ცხადია, არანაირ მუსიკაზე არ დავყავდით, მაგრამ ,,ყოყლიჩონა მამალო” დავუკარი და მოწონებაც დავიმსახურე. რამდენჯერმე ვარ აშკარა სიკვდილს გადარჩენილი.
_ შეგიძლია, დააკონკრეტო?
_ რა პრობლემაა. ერთხელ მანქანაში ჩაჯდომა ვერ მოვასწარი, ისე დაძრა მძღოლმა. კარგა გვარიან მანძილზე კარზე ჩამოკიდებული და ცალი ფეხი გარეთ რომ მქონდა, ისე მათრია. მაშინ მთელმა ჩემმა განვლილმა ცხოვრებამ კინოკადრებივით გაირბინა. ორჯერ დამარტყა დენმა. ერთხელ ნათურას ვამაგრებდი ჭაღზე და მაშინ, მეორედ კი წყლის გამაცხელებელი რომ იყო ჩართული, ისეთ ვედროში ჩავყავი ხელი. ახლაც მძიმედ მახსოვს ის შეგრძნება, თუ როგორ მივლიდა მთელ სხეულში ელექტრო დენი.
_ გასაგებია, გადავერთოთ შენს თეორიაზე, მუსიკასთან ზიარებაზე..
_ ,,მუსიკა როგორც მეცნიერება” – ასე ერქვა ჩემს პირველ სერიოზულ კვლევას მუსიკოლოგიაში. მაშინ მეორე კურსზე ვიყავი. რაღაცნაირად მივხვდი, რომ მუსიკის მეცნიერებაზე საუბარი ბგერიდან უნდა დამეწყო. ასეც მოვიქეცი. ჩემმა თემამ გაიმარჯვა კონკურსში, თუმცა თქვეს, ეს არაფრით არ შეიძლებოდა მეორე კურსის სტუდენტს დაეწერაო. პირველად სახარებამ მიბიძგა ჩემი თეორიისკენ _ გახსოვთ, ალბათ, სახარებისეული – ,,პირველად იყო სიტყვა”. ეს გასაგებია, მაგრამ სიტყვა ხომ ბგერებია. ბგერა ხმაა. მას ხომ თავისი რხევა აქვს, ვიბრაცია აქვს. გამოდის, რომ პირველად სულაც არ იყო სიტყვა, იყო ბგერა და მერე გაჩნდა სიტყვა. მაგრამ ვინ გააჩინა ბგერა? საიდან მოვიდა იგი? ვინ წარმოთქვა პირველმა და ვინ გაიგონა? ნახეთ, რამდენი რამ დახვავდა უცებ გასარკვევი? მე კი ყველა სიტყვა თითო ნოტად მესმოდა. მეცნიერების თეორეტიკოსებიდან ვიცით, რომ ფიზიკოსებმა შეძლეს და ბგერა სხივად აქციეს. სხივი _ მნათობად, მან კი გარსი შემოიკრა, მერე ასტრონომებმა პლანეტების ხმები გაიგონეს და ის ორად გაყვეს – მინორად და მაჟორად. მერე შეიქმნა ხელსაწყო, რომელმაც ბგერის ობერტონი დათვალა. ბგერის სპექტრმა, რაც ობერტონია, ფერის სპექტრი მოგვცა. სხვანაირად რომ ვთქვათ, ყველა ბგერას აქვს ფერი. ძირითადად გვაქვს შვიდი ნატურალური ბგერა. რაც საშუალებას იძლევა ყრუს ფერით დაანახო ბგერა, ხოლო ბრმას ბგერით ფერი გააგონო. Aასე შევყევი, ასე შევეჭიდე და რაც უფრო შორს მივცურავდი, მით უფრო მეტად მახსენდებოდა ბგერის ფენომენი. Bბოლოს დავასკვენი, რომ ბგერას ემოციური ინტელექტიც გააჩნია. ეს მომენტი რაღაცნაირად აისახება ადამიანის ორგანიზმში.
_ მოდი, დავაკონკრეტოთ, როგორ? რანაირად?
_ ჩვეულებრივად დავაკონკრეტებ. მოგეხსენებათ, ადამიანის ორგანიზმი ერთიანი სისტემაა. Mმის ყველა ორგანოს აქვს თავისი ხმა, რომელიც ტემბრალურად ჰგავს ამა თუ იმ მუსიკალური საკრავის ხმებს. მაგალითად, კაპილარებს აქვთ ვიოლინოს ხმა, ვენას – ალტის, არტერიას – ვიოლენჩელოსი, აორტას – კონტრაბასის. მე მიმაჩნია, რომ შესაძლებელია ისეთი აპარატის გამოგონება, რომელიც მოუსმენს, თუ რას უკრავს ადამიანის ორგანიზმი. როცა ეს მოხდება, მერე თავისუფლად შეიძლება ფსიქიურად აშლილი ადამიანების განკურნება. ყველა ადამიანის ორგანიზმი ტკივილისას სხვა ხმებს გამოსცემს, სიმშვიდისას კი სულ სხვას. გავიხსენოთ იტალიელი ბერი გვიდო არეცოელი, მეცხრე-მეათე საუკუნის იტალიელი რეფორმატორი და სანოტო დამწერლობის ავტორი. მას მიაჩნდა, რომ ყველა ნოტი რაღაცას შეესაბამებოდა. ასე მაგალითად, დო იყო ღმერთი, რე – მატერია, მი – სასწაული, ფა –მზის სისტემა, სოლ-მზე, ლა- ირმის ნახტომი, სი – ზეცა.

_ საინტერესოა, მაგრამ ეს სულ სხვა საუბრის თემაა, თანაც, მე ამის შემფასებლად ვერ გამოვდგები. Aახლა ის მითხარი, როგორ გაჩნდა ანბანის განოტების იდეა?
_ როგორ გითხრა, ეს იდეა დიდი ხანი მაწვალებდა. მასზე ხშირად ვესაუბრებოდი სპეციალისტებს, მეგობრებს. მერე, წლების შემდეგ, ჩემმა მეგობარმა, მწერალმა ბესო ხვედელიძემ 36 ასოიანი ანბანი გამომიგზავნა ნეპალიდან, ის მაშინ იქ მოგზაურობდა. ზოგადად ბესო ჩემი ბატარეაა. მან ჩათვალა, რომ ჩემი დიდი ხნის ნაფიქრ-ნაწვალების ქაღალდზე გადმოტანის დრო დადგა და შემაგულიანა კიდეც. ეს 2018 წელს იყო.Mმეც გავბედე და დავიწყე ანბანის განოტება. ასე შეიქმნა ის ფორმულაც, რომელზეც ჩვენი შეხვედრისას ნოდარ მამისაშვილმა თქვა, ეს ნობელის თემააო. ჩემი ფორმულა თავისუფლად შეიძლება მიესადაგოს ყველა დამწერლობის, ყველა ტექსტს _ სამეცნიერო იქნება, პუბლიცისტური თუ ლიტერატურული. Nნებისმიერი ტექსტის განოტება და მისი მუსიკალური აღქმა გახდება შესაძლებელი. მისი სისწორე ქართულ და ლათინურ ანბანზე უკვე შევამოწმე. მოგვეხსენება, არის მრავალი ენა. ზოგს ორი ენაც აქვს – ძველი და ახალი. ბგერა კი ყველგან ერთია და ერთნაირადაც ისმინება. მუსიკა მშვენიერი მაგალითია იმისა, თუ როგორ მიიღწევა დისონანსის კოსონანსად ქცევა, ერთი ბგერის ტემბრალური ცვლა როგორ იწვევს იგივე ბგერის სხვა სიმაღლეს. სასწაული კანონზომიერი დამთხვევა და სიზუსტეა. დაპატენტების შემდეგ გავხსნი ფრჩხილებს.
_ სხვაგვარად რომ ვთქვათ, შენი მიგნების გამოყენებით თითოეულ ადამიანს შესაძლებლობა ექნება, შეამოწმოს ნებისმიერ ენაზე შექმნილი ლიტერატურულ-მხატვრული და პუბლიცისტური ტექსტის მუსიკალურობა?
_ დიახ. სწორედ ესაა ჩემი ფორმულის პრაგმატული შედეგი. ყველა შემოქმედს შეეძლება, გაიგოს, თუ როგორ ზემოქმედებს მუსიკალურ ენაზე მისი ესა თუ ის ლექსი, ესე, ჩანახატი. რა მაძლევს ამის საფუძველს? რა თქმა უნდა, ბგერა. შემიძლია, დავიკვეხნო, ბგერას ყველაზე კარგად ვიცნობ. როგორც ვთქვი,Bბგერის განოტებით მე შემიძლია სახარების გახსნა. Mმისი ზემოქმედების არსის გაცნობიერება და სხვებისთვის გაზიარება.
_ რამდენად მისაღებია შენთვის ასეთი მოსაზრება – სამყაროში ყველაფერი ცოცხალია?
_ რა თქმა უნდა, მისაღებია. მე მიმაჩნია, დედამიწაზე ყველას და ყველაფერს თავისი ვიბრაცია გააჩნია… ყველაფერი ვიბრირებს. ხოლო ის, რაც ვიბრირებს, ანუ ირხევა, მას სიხშირეც გააჩნია. ასე რომ გავყვეთ, ძალიან წარმატებით დავამტკიცებ, რომ დედამიწაზე ნიადაგის სიხშირის, მისი იდუმალი ვიბრირების ამოხსნაც შეიძლება – რას გეუბნება, რას მღერის, რა სტრუქტურა აქვს და სხვა. ფაქტობრივად გამოდის, რომ მე შევქმენი ფუგას წესი. Mმახსოვს გურამ დოჩანიშვილმა უთხრა ერთხელ ჩემს მეგობარს – ,,სამოსელი პირველი” ფუგააო. მუსიკოსებისათვის მისი წესი ცნობილია, როცა ერთ ხმაში გავლილი მთავარი თემა, ხმა გადადის მეორე ხმაში, ამ დროს პირველი ხმა იწყებს განვითარებას. მერე მეორე ხმა გადადის მესამეში, აქ განვითარებას იწყებს მეორე ხმა, მერე მესამე ¬_ მეოთხეში და ასე შემდეგ. ასე ვიღებთ სრულ ჰარმონიას და თუ აქ შენს ხმას დაიჭერ, მაშინ მიაგნებ ჰარმონიის შენეულ ფორმულას.
_ საინტერესო ახსნაა, მის სისწორეს, ალბათ, დრო-ჟამი და პრაქტიკა დაადასტურებს. აქვე ერთსაც გკითხავ, შენეული თეორია რამენაირად შეიძლება პოლიტიკურ ასპექტშიც იქნას გამოყენებული?
_ მიმაჩნია, რომ შეიძლება. მოდით, ასე ავხსნი. ჩემი თეორიის მიხედვით შესაძლებელია ადამიანში ყოველგვარი ნეგატივის, დისონანსის გადაქცევა პოზიტივად, კოსონანსად. ანუ შესაძლებელი ხდება ადამიანებისათვის ბედნიერების განცდის მინიჭება. ასეთი ადამიანების ერთობას კი საერთო კოსონანსის შექმნა არ უნდა გაუჭირდეს. უფროMმარტივადაც ვიტყვი. თუ ადამიანი ცხოვრებას მრუდე სარკეში შეხედავს, ცხადია, იგი მახინჯად მოეჩვენება. Aასე ვართ ჩვენც. დავკარგეთ მთავარი ღირებულებები და ცხოვრებაც ტანჯვად გვექცა. ჩემი მეგობრები ლევან რამიშვილი და ბესო ხვედელიძე ხშირად არიან ხოლმე ნეპალში. ეს ქვეყანა ეკონომიურად ჩვენზე უარეს დღეშია, მაგრამ იქ ხალხს ბედნიერების განცდა მუდმივად აქვთ შენარჩუნებული. ვფიქრობ, პოლიტიკაში გამის პრინციპის გამოყენებით შესაძლებელია ნებისმიერ ქვეყანაში პოლიტიკური ჰარმონიის დაყარება.
_ ჩვენთან ეს პრობლემა ლამისაა ყოფით მუდმივად იქცეს.Gგვიჭირს ქართველებს შეთანხმება, კოსონანსის მიღწევა.
_ სამწუხაროდ, ასეა. ჩვენთანაც და საერთოდ, ზოგადად მთელ დედამიწაზე მართლაც, დიდი ხმაურია. ხმაური ახშობს მოსასმენს. ხმაური დამღლელია და იწვევს ფსიქოზს. ასეთ დროს ძალიან ძნელია, გამოარჩიო ის, რაც ნამდვილად მოსასმენია. თანაც იმ პირობებში, როცა ადამიანის ყური მხოლოდ ბგერის თორმეტ ტალღას იჭერს. ხმაური კი ისედაც ახშობს ბგერის ტალღებს, ანუ ერთმანეთში ირევა. ტვინი კი საოცარი წესრიგია. ამიტომაც გვჭირს ის, რაც გვჭირს. თოთქოს გვესმის ყველაფერი და ამ დროს არც არაფერი არ გვესმის. როგორც იტყვიან, ბორგავს ერი, მაგრამ ბგერა ჩუმია. ჩვენ ობერტონი არა გვაქვს. ჩვენ სულ სხვისაგან ვიღებთ ყველაფერს, არ ვქმნით, არადა ასე არ შეიძლება. მოგვეხსენება, ღმერთმა სამყაროს შექმნა ადამიანით დაასრულა, ანუ ადამიანი იყო ინტელექტის ბოლო ნავსაყუდელი. ამიტომ სიცოცხლე ნებისმიერმა ჩვენგანმა უნდა მიიღოს როგორც ობიექტური რეალობა და არ უნდა ვიწუწუნოთ მუდმივად – რატომ გავჩნდი ასეთი და არა ისეთი, ვიღაცის მსგავსი. რატომ გავჩნდი აქ და არა სხვაგან? ყოველ ადამიანს დაბადებისთანავე ღვთისგან ეძლევა შინაგანი ჰარმონიის კოდი, რომელსაც იგი მერე დროთა განმავლობაში კარგავს. ჩემი ნოვაციის მიხედვით შესაძლებელია, ყველას მივცეთ საშუალება, ისევ მოძებნოს ეს კოდი, ისევ მიაგნოს მას და აღიდგინოს დაკარგული ჰარმონიულობა თავის ორგანიზმში. ახლა სხვანაირადაც შევხედოთ ამას. ცხადია, ჰარმონიული ადამიანი მოძალადე ვერ იქნება. მისგან ნეგატივი წარმოუდგენელია. ამას წინათ ერთმა ნაცნობმა ფსიქიატრმა მითხრა, შენ რასაც ბგერებით იკვლევ და რა შედეგსაც დებ, ამით ყველა ადამიანს თავის ჰიტს, თავის ჰარმონიის ფორმულას უქმნიო. პრინციპში ეს ასეცაა და ამას მართლა ყოველგვარი თავმდაბლობის გარეშე ვამბობ.

ესაუბრა
გიგლა გობეჩია

პ.ს. ჩვენმა საუბარმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა ჩვენი საგანმანათლებლო სისტემის უბადრუკობაში. გაეროს ბოლო მონაცემებით საქართველოს განათლების სისტემა მსოფლიოში ბოლოდან 25-ე ადგილზეა და ძლივს უსწრებს აფრიკის ზოგ ქვეყანას. Mმუსიკა და ბავშვთა მუსიკალური განათლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია ჩვენი მომავალი თაობის ჰარმონიული აღზრდის საქმეში. ქალბატონი მაია ხადურისნაირ ნოვატორ მუსიკოლოგს ნამდვილად ფასდაუდებელი წვლილის შეტანა შეუძლია ამ პრობლემის მოგვარებაში. ამიტომ აქედან მივმართავ საქართველოს განათლების სამინისტროსა და ზოგადად დაინტერესებულ საზოგადოებას, შევუწყოთ ხელი ამ უნიკალურ ადამიანს და მივცეთ ბავშვებთან პირდაპირი ურთიერთობის საშუალება. დარწმუნებული ვარ, მისი აღზრდილი ბავშვები საკუთარ თავთანაც ჰარმონიულები იქნებიან და დანარჩენ სამყაროსთანაც.
პ.ს.ს. ქალბატონი მაია ჩვენი თხოვნით და გეგმარით უკვე წერს წიგნს თავის ნოვაციაზე, რომელსაც დაინტერესებული საზოგადოება პირველად ჩვენი ჟურნალიდან შეიტყობს. ახლა კი აქვე გთავაზობთ ერთ ქვეთავს მისი მომავალი წიგნიდან.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close
Close