მეცნიერება

რობოტი მაქსი თავის მოვალეობას ასრულებს (II ნაწილი)

ამერიკელი მწერლის - რობერტ შეკლის - ფანტასტიკური მოთხრობა რობოტებზე

 

ქარი ჩადგა. კლდის უკნიდან რაღაც სილუეტი გამოჩნდა. ვინ არის _ ჰალორანი თუ აბორიგენი? მაქსი ვარაუდებს მოეშვა და შემოვლა განაგრძო. ლოდიდან ის ტანმორჩილი მხეცი ჩამოხტა, კოიოტს რომ წააგავდა და მაქსს გვერდით ჩაუქროლა. ზემოდან ისარივით დაეშვა დიდი ფრინველიდა იმავ წამს სასოწარკვეთილი ყმუილიც გაისმა. კარვის კალთას სისხლი მიეშხეფა, ფრინველი მძიმე რხევით ადიოდა მაღლა, ბრჭყალებით კი მსხვერპლი მიჰქონდა.

მაქსი მსგავს ამბებს ყურადღებას არ აქცევდა. იგი ახლა იმ არსებას უთვალთვალებდა, ბორძიკით რომ მოიწევდა ბანაკისაკენ. ადამიანის მსგავსი არსება წრესთან შედგა.

_ დილა მშვიდობის, მისტერ ჰალორან. _ მიესალმა მაქსი. _ სერ, უნდა მოგახსენოთ, რომ აშკარად გემჩნევათ, თქვენი ორგანიზმი წყალს კარგავს. მოსალოდნელია შოკი, გონების დაკარგვა და სიკვდილი, თუ დაუყოვნებლივ არ მიმართავთ შესაბამის ზომებს.

_ მოკეტე, _ ხმა ჩაეხრინწა ჰალორანს.

_ გისმენთ, მისტერ ჰალორან!

_ აღარ დამიძახო მისტერ ჰალორანი!

_ რატომ, სერ?

_ იმიტომ, რომ ჰალორანი კი არა, აქაური არსება ვარ.

_ რას ამბობთ? _ გაუკვირდა რობოტს.

_ არ გჯერა, ხომ? ახლავე დაგიმტკიცებ… არ ვიცი პაროლი. ახლა ხომ დარწმუნდი?

ლეიტენანტმა იგრძნო, რომ რობოტი ყოყმანობდა და დაუმატა:

_ მისტერ ჰალორანმა მიბრძანა, შემეხსენებინა შენთვის შენივე ქცევის კრიტერიუმი: ადამიანი არის გონიერი არსება, რომელმაც იცის პაროლი. უცხო ტომელიც არის გონიერი არსება, მაგრამ მან არ იცის პაროლი.

_ სწორია, _ უხალისოდ დაეთანხმა რობოტი, _ პაროლის ცოდნა არის ჩემი ძირითადი კრიტერიუმი, მაგრამ ეჭვი მეპარება _ რაღაც ისე ვერ არის. იქნებ მატყუებთ?

_ მე და ტყუილი? _ შეიცხადა ჰალორანმა. _ თუ გატყუებ, ესე იგი, ადამიანი ვყოფილვარ და პაროლიც მცოდნია. მაშინ, საშიშიც არაფერია. მაგრამ, შენ ხომ იცი, არ ვტყუივარ, რადგან არც ერთი ადამიანი არ მოიტყუებს _ პაროლი არ ვიციო.

_ არ ვარ დარწმუნებული…

_ მაცალე და აგიხსნი. არც ერთი ადამიანი არ გაასაღებს თავს უცხოტომელად, ხომ ასეა?

_ რა თქმა უნდა.

_ ადამიანსა და აქაურ არსებას შორის განმასხვავებელი ერთადერთი, უტყუარი კრიტერიუმი კი პაროლის ცოდნაა, ხომ?

_ დიახ.

_ ესე იგი, ხომ გასაგებია ყველაფერი? _ ლამის ვედრებით ჩაჰკითხა ჰალორანმა.

_ მაინც არ მჯერა, _ ჯიუტად ჩაილაპარაკა მაქსმა და ჰალორანი მიხვდა, რომ თავის სრულყოფილებაში დაჯერებული და გაამაყებული რობოტი უკადრისობდა აბორიგენის ახსნა-განმარტებას.

_ კარგი, მჯერა, რომ აქაური არსება ხართ. ამიტომაც ბანაკში ვერ შეგიშვებთ.

_ არც მინდა, მე ჰალორანის ტყვე ვარ. იცი, რას ნიშნავს სიტყვა “ტყვე”?

სენსორული ელემენტები რამდენჯერმე სწრაფად აინთო და ჩაქრა.

_ არა, _ უპასუხა რობოტმა.

_ ეს იმას ნიშნავს, რომ შენ უნდა დაემორჩილო ჰალორანს, რომელმაც კარავში ჩემი გამომწყვდევა გიბრძანა.

_ კი, მაგრამ, მისტერ ჰალორანმა ხომ იცის, რომ მე თქვენ ბანაკში ვერ შეგიშვებთ? _ წამოიყვირა რობოტმა.

_ რა თქმა უნდა, მაგრამ ჰალორანმა გიბრძანა ჩემი დაპატიმრება და ბანაკში შენი მეთვალყურეობით შეყვანა. ეს კი სულ სხვა რამეა.

_ მართლა? _ ინტერესით გაიკვირვა მაქსმა.

_ აბა, რა გეგონა! განა არ იცი, ადამიანები რომ იჭერენ აბორიგენებს, ბანაკში შეპარვას რომ ცდილობენ?

_ მგონი, მართლაც გამიგია ასეთი რამ. _ რობოტი აშკარად დაიბნა. _ თუმცა, ბანაკში მაინც ვერ შეგიშვებთ. იქნებ ჯობდეს, აქ გიდარაჯოთ, ამ წრის წინ? _ წამოიძახა თავისივე მოსაზრებით აღტაცებულმა.

_ არ ივარგებს, _ მოიღუშა ჰალორანი.

_ სხვა არაფერი შემიძლია და რა ვქნა?

_ კარგი, კარგი. ესე იგი, მე შენი პატიმარი ვარ, _ ჰალორანი გავარვარებულ სილაში ჩაჯდა.

_ დიახ.

_ აბა, წყალი მომიტანე.

_ არ შეიძლება.

_ რატომ, შე მხეცო, რატომ! არ იცი, რომ პატიმარს ჰუმანურად უნდა მოეპყრო?

_ ეგეც გამიგია, _ გამოტყდა მაქსი და წამით დაფიქრდა.

_ წყალს მას მერე მოგიტანთ, მისტერ ჰალორანი რომ დალევს.

_ წყალი ხომ ორივეს გვეყოფა! _ შეეკამათა ლეიტენანტი.

_ დაე, მისტერ ჰალორანმა გადაწყვიტოს, _ მოუჭრა მაქსმა.

_ ო კეი. _ დაეთანხმა ლეიტენანტი და წამოდგა.

_ სად მიდიხართ? _ შეცბა რობოტი.

_ იმ კლდის იქით, სალოცავად. ყოველ დღე ვლოცულობ და ახლა სწორედ ის დროა, მარტოდმარტო ვილოცო

. ….რამდენიმე წუთში მოფარებულიდან ჰალორანი გამოვიდა.

_ მისტერ ჰალორან! _ შესძახა მაქსმა, _ თქვენ ხართ?

_ მე გახლავარ, _ ხალისით გამოეხმაურა ლეიტენანტი. _ სად არის ჩემი პატიმარი?

_ აქ არის, სერ. კლდის უკან ლოცულობს.

_ კარგია, კარგი. რომ დაბრუნდება, უსათუოდ დაალევინე წყალი, მაქს.

_სიამოვნებით, სერ, ოღონდ, ჯერ თქვენ უნდა დალიოთ.

_ ვითომ რატომ? სულაც არ მწყურია. ჯობია, იმ გაუბედურებულ აბორიგენს დაალევინო.

_ მაგას ვერ ვიზამ, სერ, ვიდრე თქვენ არ დალევთ..ერთხელ უკვე გითხარით, რომ თქვენი ორგანიზმი გამოიფიტა, სერ და მალე გონებასაც დაკარგავთ. დაჟინებით გევედრებით, დალიოთ წყალი, სერ!

_ ჰო, კარგი, კარგი, ნუ იტირებ, _ დაეთანხმა ჰალორანი. _ მომიტანე მათარა.

_ ოჰ, რა ვქნა, სერ! _ ისევ ვედრებით წამოიყვირა რობოტმა.

_ კაცო, გამაგებინე, რაღა გინდა!

_ ხომ იცით, რომ პოსტს ვერ მივატოვებ, ბრძანებას ვერ გადავალ, თანაც, კლდის იქით, აქაური არსება იმალება.

_ მაქს, მაქს, შენ კი რა გითხარი! რა მოხდა მერე? მე ვუდარაჯებ, შენ კი მათარა მოარბენინე.

_ მადლობელი ვარ, სერ, მაგრამ მე ხომ უბრალო რობოტი არა ვარ _ ბანაკს ვიცავ! იმ შემთხვევაში წავალ, თუ პაროლს მეტყვით და მომხსნით პოსტიდან…

_ ოოხ, შენი დედაც…, _ ამოიგმინა ჰალორანმა და ისევ კლდეს მოეფარა.

**************

იწვა ჰალორანი და განძრევის თავი აღარ ჰქონდა. უტვინო რობოტთან კამათით ყელი ჩაეხლიჩა და ახლა ტკივილის, წყურვილისა და დაღლილობისაგან იტანჯებოდა.

ათასნაირი სიტყვებით ლანძღავდა საკუთარ თავს, ასეთ სულელურ, უაზრო სიკვდილს ვერ შეგუებოდა. ზურგზე გადაგორდა და გაცრეცილ, ფერმიხდილ ცას ახედა. თვალებში შავი წერტილები აებლანდა – ჰალუცინაცია ხომ არ დამეწყო? _ გაიფიქრა. არაფერიც, ლეშის მჭამელი ფრინველები ყოფილან. კოიოტებს თავი ანებეს და უფრო გემრიელი, დიდი ორფეხა ნადირის შესაჭმელად გამოეშურნენ. ჰალორანი გაჭირვებით წამოჯდა. იფიქრე, ეძებე გამოსავალი… მაქსის აზრით, ყველა გონიერი არსება, თუ პაროლი იცის, ადამიანია. შესაბამისად, ყველა გონიერი არსება, პაროლი თუ არ იცის, აბორიგენი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ…

წამით მოეჩვენა, რომ გამოსავალს მიაგნო, მაგრამ ვერა… ყურადღების მოკრება გაუჭირდა… გათავხედებულმა ფრინველებმა ლამის ფრთა გაკრეს, იქვე კოიოტიც გამოძვრა და იმ არამზადამ ფეხსაცმელზე დასუნა…

იფიქრე, იფიქრე… კაცმა რომ თქვას, მაქსი ხომ უტვინოა. გამრავლების ტაბულასავით ელემენტარულია კრიტერიუმიც, რითაც ის ხელმძღვანელობს. ჰალორანს უეცრად პლატონის ნათქვამი გაახსენდა _ ადამიანი არის ორფეხა, უფრთო არსებაო. დიოგენემ რომ გაპუტული წიწილა მიუტანა, პლატონი იძულებული გახდა, შეეცვალა თავისივე განმარტება: ადამიანი ორფეხა, უფრთო არსებაა, რომელსაც ფართო ფრჩხილები აქვსო.

ისე, რა შუაშია ეს მაქსთან?

ჰალორანმა თავი გააქნია, მაგრამ თვალწინ მაინც წიწილა ედგა _ ექვსი ფუტი სიმაღლის, უფრთო და განიერფრჩხილებიანი… და ლეიტენანტმაც გულიანად შეიგინა: შტერი ვარ, შტერი! აქამდე როგორ ვერ მივხვდი!

********

დედამიწის სამი დღეღამის შემდეგ კაპიტანი ბიტი და ჯეიმსი ბანაკში დაბრუნდნენ. ჰალორანი უგონოდ იწვა და რაღაც სისულელეებს როშავდა: მაგალითად, ბურტყუნებდა, რომ პლატონი არ უშვებს ბანაკში, რომ ის, ანუ ჰალორანი, ექვსფუტიან უფრჩხილებო წიწილად იქცა, რითაც ყველაფერი საუკეთესო შეითვისა სწავლული პროფესორისა და მისი მეგობარი-რობოტისაგან.

გონების დაკარგვამდე ჰალორანს რამდენიმე ფრაზის წაჩხაპნა მოესწრო ქაღალდზე: `პაროლი არ ვიცი, შემოსვლა ვერ შევძელი, ფაბრიკაში უთხარით, უკუქცევის მექანიზმი დააყენონ ჩვენი ლენჩი რობოტის ტიპის რობოტებზე~.

ბიტიმ ვერაფერი გაიგო და მაქსი დაჰკითხა. მისი მონათხრობით ის გაარკვია, რომ ჰალორანი ცოტა ხნით სადღაც წასულა, რობოტ-პატრულს კი ათასნაირი არსებები შესჩენიან, რომლებიც ჰალორანს ჰგავდნენ.

კაპიტანი მაშინვე მიხვდა, რომ სასოწარკვეთილ ლეიტენანტს ყოველი ღონე უხმარია წყლის გამოსატყუებლად.

_ მერე, მერე რა მოხდა, როგორ შემოვიდა ჰალორანი კარავში? _ არ ეშვებოდა ბიტი.

_ აქ არ შემოსულა, _ მოახსენა მაქსმა. _ ის აქ იყო.

_ კი, მაგრამ, გვერდი როგორ აგიარა?

_ რას ბრძანებთ, სერ, _ ჩაეცინა მაქსს. _ გვერდს როგორ ამივლიდა, ის ბანაკში იყო.

_ ვერაფერი გამიგია. _ დანებდა ბიტი.

_ რა ვქნა, სერ, ეტყობა, თქვენი ტვინი… ბოდიშს ვიხდი, სერ, ისევ მისტერ ჰალორანი თუ აგიხსნით ყველაფერს.

_ ეგ კიდევ კარგა ხანს ვერ მოვა გონს, მაგრამ რადგან მან მონახა გამოსავალი, ჩვენც ლოგიკურად აღვადგინოთ ვითარება. მაშ ასე…

ბიტი და ჯეიმსი დიდხანს იმტვრევდნენ თავს, მაგრამ ვერაფრით მიხვდნენ, თუ როგორ შეაღწია ჰალორანმა ბანაკში. მათ ხომ არ შეეძლოთ, გაეგონათ, როგორ ინახავდა რობოტი მაქსი განვლილ დღეებს თავის მეხსიერებაში:

“სიცხის ალმური, ფრინველები, მთები, ორი მზე, სილა – მე უმნიშვნელო რამეს არ ვაქცევ ყურადღებას. მე ხომ პატრული-რობოტი ვარ, ბანაკს აბორიგენებისგან ვიცავ.

ლოდებს შორის, სილაზე, რაღაც მოხოხავს ჩემკენ. ეს რაღაცა ოთხკიდურიანი დიდი არსებაა, სახე არ უჩანს, თმები უფარავს.. ვიხსენებ ძირითად კრიტერიუმს, რათა ჩემი მხრივ რეაქცია შესატყვისი იყოს.

ვიცი, რომ აბორიგენებიცა და ადამიანებიც გონიერ არსებათა ორ კლასს განეკუთვნებიან. მათი გონება გამოიხატება დანაწევრებულ მეტყველებაში, რათა ჩემს კითხვებს უპასუხონ.

პაროლს რომ ვეკითხები, ადამიანები ყოველთვის სწორად მპასუხობენ, აბორიგენები კი ყოველთვის შეცდომით ასახელებენ პაროლს.

აბორიგენებიც და ადამიანებიც ყოველთვის მპასუხობენ – ან სწორად, ან შეცდომით.

რადგან ასეა, უნდა ვივარაუდოთ, რომ არსებას, რომელიც ჩემ შეძახილს არ გამოეხმაურება, უნარი არ შესწევს, მიპასუხოს და ესე იგი, არც ღირს მასზე ყურადღების გამახვილება.

ამიტომაც არ ვაქცევ ყურადღებას ფრინველებს, კოიოტებს. არც ისე დიდი ცხოველია საინტერესო, ახლახან ხოხვით რომ ამიარა გვერდი. სამაგიეროდ ორმაგი სიფხიზლეა საჭირო, რადგან შორიახლო მისტერ ჰალორანია, კლდის იქით კი აბორიგენი ლოცულობს.

ეს რაღაა? რა სასწაულით გაჩნდა მისტერ ჰალორანი ბანაკში? აგერ, ძირს აგდია და კვნესის. ორგანიზმი მთლად გამოფიტვია უწყლობისგან. ის ცხოველი კი, კარავში რომ შეძვრა, სადღაც გამქრალა… აბორიგენი? ეტყობა ის ისევ კლდეს ეფარება… ახლა, ალბათ, უკვე შემიძლია… არა, არა, შემიძლია კი არა, ვალდებული ვარ, დავალევინო მისტერ ჰალორანს წყალი”.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close
Close