მეცნიერება

აკადემიკოსი შალვა ამონაშვილი: „თავის დროზე ეზოთერიკა ქრისტიანობასავით იყო აკრძალული!?.

 

თელავში საგანგებოდ გავეშურე მხცოვან აკადემიკოსთან შესახვედრად. ჩვენი შეხვედრის ორგანიზატორი იყო ჟურნალ ,,ფენომენის“ ფრიად სასურველი სტუმარი, ცნობილი სახალხო მკურნალი და ოცამდე რეგისტრირებული სამკურნალო საშუალების ავტორი ბატონი ავთანდილ კურდღელაძე. ამიტომ თავშივე დიდი მადლობა უნდა მოვახსენო ბატონ ავთანდილს და მის ვაჟს, ბატონ ნიკას ამ დიდებული შეხვედრის ორგანიზებისთვის.
ჩვენი საუბრის დასასრულს მივხვდი, ჩემს წინ იჯდა მეცნიერი, რომელიც თავის დროზე ქართულმა შურმა, სამწუხაროდ, ძალიან დაწიხლა. თუმცა უფრო სამწუხარო ისიცაა, რომ ქართულ საზოგადოებას დღემდე ძალიან უჭირს ამ სენიდან გამოსვლა.
მოდით, ასე ვთქვათ, კომუნისტურ-ათეისტური მენტალიტეტით გაჯერებულმა ქართულმა პედაგოგიკამ ვერ იგუა ნოვატორი მეცნიერი, რომელმაც საფუძველი დაუდო ჰუმანურ პედაგოგიკას. არადა, დღეს ეს დარგი მსოფლიო პედაგოგიკაში უკვე წამყვანად ითვლება. ყოფილ მოკავშირე რესპუბლიკებში _ რუსეთი, ბელარუსი, უკრაინა, მოლდოვა, ლატვია, ყაზახეთი წარმატებით ისწავლება ჰუმანური პედაგოგიკა-მეოთხე განზომილება. მარტო ლატვიის განათლების სამინისტროს თხოვნით, შალვა ამონაშვილის მეთოდით 2000-მდე პედაგოგი მომზადდა, რისთვისაც მას ლატვიის სახელმწიფოს მაღალი ჯილდო გადაეცა. ყოველ ზაფხულს მასთან სოფელ ბუშეტში მსოფლიოს ოცამდე ქვეყნიდან ჩამოდიან პედაგოგები და აკადემიკოს ამონაშვილის მოძღვრებას ეზიარებიან იმაზე, თუ როგორ უნდა აღიზარდონ თანამედროვე ბავშვები, როგორ უნდა აღუზარდონ მათ გული, რა ძალა აქვს რწმენას და სულიერებას ბავშვის აღზრდაში. ისინი დღეს ეუფლებიან იმას, რისი საიდუმლოც ბატონმა შალვამ ჯერ კიდევ 50-55 წლის წინათ გახსნა. თავიდან მასთან სულ სხვა მიზნით ჩავედი. სულ სხვა თემებზე უნდა გვესაუბრა, მაგრამ მალე გავერკვიე, რომ ბატონი შალვას ცხოვრებაში ეზოთერიკას საპატიო ადგილი ეჭირა.
ეს ინტერვიუც ამიტომ შედგა.
_ ბატონო შალვა, თქვენ სამყაროს ჰუმანური პედაგოგიკა _ მეოთხე განზომილების პედაგოგიკა შესთავაზეთ. ცოტა რთული ხომ არ არის ამგვარი მიდგომის ხორცშესხმა ოცდამეერთე საუკუნეში, როცა ჩვენს პლანეტაზე საშინელი აგრესია მძვინვარებს.
_ გეთანხმებით, აგრესიამ მართლაც ძალიან დიდ მასშტაბს მიაღწია. დედამიწაზე შური და ბოროტება გამრავლდა. რაც ეზოთერულ ენაზე ნიშნავს იმას, რომ ადამიანი ძირში დაეშვა. ასე ვთქვათ, ნაძირალები გავხდით.
_ მე მათ ნაფსკერალებს ვეძახი…
_ შეიძლება ასეც ვუწოდოთ, მაგრამ არსი არ იცვლება. მე ვფიქრობ, ეზოთერულ მეცნიერებას დოზირებულად გახსნა და ხალხამდე, მასამდე მიტანა უნდა. ეზოთერიკა თანდათან ეგზოთერიკაში უნდა გადავიდეს. საამისოდ ორად ორი პირობაა საჭირო. პირველი _ ადამიანი თავად უნდა ამაღლდეს იმის გაგებამდე, რომ არ შეიძლება ასეთი აგრესია და მეორეც _ ზემოდან უნდა დაუშვან ის გაგება, რაც ეზოთერიკაშია ჩადებული.
_ ისეთი რამ ბრძანეთ, იძულებულს მხდით, გკითხოთ, ის ცოდნაც, რაც თქვენშია ჩადებული, ზემოდანაა დაშვებული?
_ მე ჩემს თავზე ვერაფერს გეტყვით, თუმცა ზოგადად ეს ასეა. ვერავინ ვერ იქმს იმას, რაც მასზე ზემოდან არ არის დაშვებული. ჩემთანაც ვგრძნობ ამას. ხანდახან როცა ვწერ, არც ვიცი, როგორ ვწერ.
_ რა გინდათ, მითხრათ? თქვენს შემთხვევაში ფსიქოგრაფიკასთან გვაქვს საქმე, თუ თქვენი შემოქმედება თქვენივე გონების ნაჟურია?
_ დიახ, მაგრამ გონებაშიც ხომ უნდა მოვიდეს რაღაცა? საიდან მოდის ეს რაღაცა? აი, წერენ, რომ ეს არის უხილავი დამხმარეები. მე ასე არ ვიტყოდი, რომ რაღაც ჯგუფი, ან რაღაც დასი რამეს მაგონებს, მაგრამ ხანდახან ისეთ მდგომარეობაშიც ვარ, მე თვითონ არ ვიცი, რას ვწერ. მერე ჩემს წიგნს თვითონაც დიდი ინტერესით ვკითხულობ. ზოგჯერ მეც ვერ ვხსნი, რატომ დავწერე ეს ასე და არა ისე.
_ რა მიგაჩნიათ აგრესიის აღმკვეთ საუკეთესო საშუალებად?
_ ერთადერთი რამ _ ადამიანებმა თავად უნდა იზრუნონ თავიანთი სულის განვითარებაზე. ახლა ისეთი დროა, რომ ყველა ადამიანმა თავისი თავი თვითონ უნდა დაიცვას. თუმცა აქ საკითხავი სულ სხვა რამ არის _ დაგვაცლიან კი ჩვენს თავზე ზრუნვას და სულიერ განვითარებას ე.წ. სამასთა კომიტეტები, და მასონები და სხვა ორგანიზებული ჯგუფები. მოდით, საკითხი ასე დავსვათ, ვინ დაგვიცავს ჩვენ ამდენი ზემოქმედებისაგან, ასეთი დიდი დოზის მედია მანიპულაციისაგან, ათასგვარი შემოტევისგან? არც არავინ, რადგან ეს ყველაფერი მათგანვე მოდის. ამიტომ უნდა გავიცნობიეროთ, ვინც ამ დროების მუხუნათობას ვერ ხვდება, ჩვენ ვერაფრით დავეხმარებით. მან თავისი თავი გაწირა და ეგაა.
_ გასაგებია, გეთანხმებით, თავად ჩვენშია გზა ხსნისა და გადარჩენისა. მინდა, გკითხოთ, თქვენი, როგორც საბჭოთა პედაგოგისა და პედაგოგიკის მკვლევარის გზაც ღმერთისკენ აქედან დაიწყო?
_ ცოტა შორიდან მოვუვლი და ასე გიპასუხებთ
_ თქვენი ნებაა, გისმენთ…
_ მე ყოველ ზაფხულს ჩამოვდიოდი ბუშეტში. სოფელია თელავის რაიონში, აქ ბებო მყავდა. ძალიან გონიერი და კეთილშობილი ადამიანი. მან წერა-კითხვა არ იცოდა, მაგრამ ძილის წინ ლოცვებს ზეპირად მიკითხავდა. მე კი როგორც სკოლაში მწვრთნიდნენ, ბებოს პიონერულ-კომკავშირულ პასუხებს არ ვაკლებდი _ სადაა-მეთქი შენი ღმერთი? ბებო კი ყურადღებას არ მაქცევდა და ყოველ საღამოს ამ ლოცვას მიკითხავდა _ დავწვები, დამეძინება, პირჯვარი დამეწერება, ცხრა ხატი, ცხრა ანგელოზი, სასთუმალს დამესვენება… ახლაც ძალიან საამოდ მახსენდება ბებოს ლოცვები. გავიდა წლები. მერე პარტიული გავხდი, მაგრამ დავდიოდი ეკლესიაში. მიმყავდა სკოლის მოსწავლეები. ერთხელაც შემიტყვეს და რაიკომის მდივანმა პერსონალურად გამაფრთხილა _ ეგ არ გააკეთო. რაღაც შინაურულად გადავრჩი. მერე იყო თბილისის პირველ ექსპერიმენტული სკოლა და ჩემი მეთოდის გამოცდის პირველი პერიოდი. სწორედ მაშინ მოხდა ასეთი რამ, რაც მერე ჩემი მეთოდის საფუძველთა საფუძველი გახდა.
_ და რა იყო ასეთი?
_ ჩემთან მოვიდა პატარა, 6-7 წლის გოგონა და მეუბნება, მასწ, მე თქვენთვის საჩუქარი მაქვს. ეს მითხრა და გაზეთში გახვეული რაღაც ბრტყელი საგანი გამომიწოდა. გავხსენი. ეს იყო 1812 წელს რუსულ ენაზე გამოცემული სახარება. მანამდე მე სახარებისა არაფერი ვიცოდი, უფრო სწორედ, არ წამეკითხა, სიმართლე გითხრათ, ცოტა შევშინდი კიდეც, ესღა მაკლია-მეთქი, გავიფიქრე. ის საყვედურიც რაიკომის მდივნისგან ახალი მიღებული მქონდა. ისედაც ბურჟუაზიულ გადმონაშთს მეძახდნენ და ახლა ხელში სახარების წიგნით რომ ვინმეს დავენახე, ხომ წარმოგიდგენიათ, რა დღეში ჩამაგდებდნენ. ამიტომაც ეს წიგნი მაგიდის უჯრაში დავმალე. მოსწავლეს კი ვკითხე _ ეს ვინ გამოგატანა-მეთქი? მამამ გამომატანა თქვენთან და ასე მითხრა, წაუღე ეს წიგნი შენს მასწავლებელს, იმას ეს მოეწონებაო. მალე დავიწყე სახარების კითხვა და იმდენი ვიკითხე ისიც, წმინდა წიგნებიც და წერილებიც, რომ დღეს ჩემზე კარგად მეეჭვება, ბევრმა მღვდელმა იცოდეს ბიბლია და სახარება.
_ როდის ხდება ეს ამბავი?
_ 1962-63 წლებში. ხომ წარმოგიდგენიათ, რა დრო იყო? ეგრევე მივხვდი, რომ ეს წიგნი ღმერთმა ანგელოზი ბავშვის ხელით გამომიგზავნა. მაშინ მომეცა ბიძგი, სწორედ მაშინ მივხვდი, რომ ბავშვის აღზრდაში მეოთხე განზომილება, ანუ რწმენა მჭირდებოდა. ჩემი პედაგოგიკის საძირკველად ბავშვთა რწმენა და სულიერება უნდა ამეღო. მერე მალევე დავიწყე ამაზე ქვეტექსტებით წერა. „გამარჯობათ, ბავშვებო“, რომ დავწერე სწორედ ეს განზომილება ჩავრთე. ვინც მიხვდა და გოგო, იმან სულ კოჭებში მირტყა, ვინც ვერა, იმან კი არქაული პედაგოგიური აზროვნება დამაბრალა. შემდგომში ეს წიგნი 32 ენაზე ითარგმნა, მაგრამ ქართულად დღემდე არაა ცალკე გამოცემული. ყველამ, ვინც კი ეს წიგნი წაიკითხა, ცხოვრება შეეცვალა ბევრი პედაგოგი გახდა.
_ გამოდის, რომ ნახევარ საუკუნეზე მეტია ეკლესიური ადამიანი ხართ?
_ ასეა, მაგრამ მე ყოველ წირვაზე არ დავდივარ. მიმაჩნია, რომ 4-5 საათი დგომა და რაღაცის სმენა შეუძლებელია, თუნდაც ძალიან დიდებული მოსასმენი იყოს ის. მე გულში ვლოცულობ. შეიძლება სხვა საქმეს ვაკეთებდე, მაგრამ გულში ვლოცულობდე. ჩემს ეზოშიც მაქვს პატარა სამლოცველო. ასე რომ, რელიგია ჩემთვის უძვირფასეს მოძღვრებასთან ზიარებასთან ერთად ფილოსოფიური აზრის წყაროც გახდა.
_ ქრისტიანული სასწაულები თუ გქონიათ?
_ ქრისტიანულზე რა მოგახსენოთ, მაგრამ არაერთი აუხდენელი მოვლენა მქონია. მაგალითად, თქვენ ხედავთ, რომ მე ყელზე შემოხვეული მაქვს ანგელოზებიანი შარფი. მოგიყვებით მისი ნახვის ისტორიას და თავად განსაჯეთ, რა მოვლენასთან მქონდა შეხება.
_ ბრძანეთ გისმენთ…
_ ჩემი მეუღლე ვალერია 2012 წელს გარდაიცვალა. მისგან სამახსოვროდ დავიტოვე სხვა შარფი, რომელიც მალე გაიცრიცა და თანდათან ხმარებისთვის გამოუსადეგარი ხდებოდა. არადა მე ამის გარეშე არ შემეძლო. ეს თილისმასავით მქონდა. ერთხელაც რუსეთის ქალაქ ირკუტსკში ვარ და ღამე ასეთი რამ მესიზმრება _ ვხედავ ვალერია დგას გარდერობთან და უჯრიდან რაღაც ანგელოზებით მოხატულ შარფს მაწვდის. მე ვეკითხები _ რა არის-მეთქი ეს? იმ შარფის ნაცვლად ეს გაიკეთეო, მეუბნება. ეს უფრო გამოგადგებაო. ამით დამთავრდა ჩემი სიზმარი, რომელიც ჩემს შვილს პაატას ვუამბე, გავიდა თვეზე მეტი, მოსკოვში ვარ, ბინაში, დასაწოლად ვემზადები. მივედი გარდერობთან ღამის პერანგის გამოსაღებად. მექანიკურად შევყავი კარადაში ხელი და ეს ანგელოზებით მოხატული შარფი არ გამოვიღე. მანამდე ეს შარფი ვალერიას ხელში არ მინახავს. იგი ზუსტად იმ ადგილას იდო, სადაც ჩემმა გარდაცვლილმა მეუღლემ სიზმარში მიმითითა. მოხდა ასეთი ფაქტი, მაგრამ ვხსნით? ვერა. დავუშვათ, ეს შემთხვევა შემთხვევითია, მაშინ მეორეს მოგახსენებთ. ისიც სიზმარში ვალერიას ხილვას უკავშირდება. ოღონდ ეს ფაქტი უკვე მის სიცოცხლეში მოხდა. 2012 წელს ვნახულობ სიზმარს, ვითომ მე და ვალერია ბუშეტში, ჩვენი სახლის აივანზე ვზივართ და გავყურებთ კავკასიონს. ამ დროს ჩიტების გუნდი მოფრინდა და ჩვენს თავზე დაიწყეს ჟღურტული. ერთი ჩიტი ხელში ჩამაფრინდა. დავიჭირე და დავუწყე მოფერება, თან ვალერიას ვეუბნები, ნახე რა ლამაზია-მეთქი, მოდი, აქ დავიტოვოთ-მეთქი. არაო, მეუბნება ვალერია, უნდა გავუშვათო. მეც დავუჯერე და გავუშვი. რომ გამომეღვიძა ჩავწერე ეს სიზმარიც. მე ყველა სიზმარს ვიწერ ხოლმე. მერე რომ დავფიქრდი, მივხვდი, რომ ვალერია მალე დაგვტოვებდა. მართლაც ასე მოხდა, დაახლოებით ორ თვეში გარდაიცვალა.
_ ბატონო შალვა, მე შემიძლია, დაგიდასტუროთ, რომ მართლაც უამრავი რამ ხდება ისეთი, რომლის ახსნა ამ ეტაპზე ვერ ხერხდება. გაგახსენებთ ერთ-ერთი უდიდესი წმინდანის, ნეტარი ავგუსტინეს სიტყვებს, სასწაული ეწინააღმდეგება არა ბუნების კანონებს, არამედ ჩვენს წარმოდგენებს მასზე. როგორც იტყვიან, უკეთესად ვერც იტყვი. არ გიცდიათ, მოსკოვში მცხოვრებ თანამემამულე მეცნიერებთან მაინც გაგერკვიათ ზოგი რამ ამოუხსნელი მოვლენის ფენომენზე?
_ ვის გულისხმობთ?
_ თუნდაც აკადემიკოს ივერი ფრანგიშვილს, რომელიც ერთ-ერთი უდიდესი ზესაიდუმლო ინსტიტუტის დირექტორი იყო მოსკოვში და პარაფსიქოლოგიის სფეროშიც სიღრმისეულად ერკვეოდა…
_ მე ვიცნობდი ბატონ ივერი ფრანგიშვილს, ძალიან დიდ პატივს ვცემდი მას როგორც პიროვნებას და მეცნიერს. იგი რაღაცნაირი განდეგილი აზროვნების ადამიანი გახლდათ, მე იმდენად დიდი შინაგანი კრძალვა მქონდა მისი, რომ სამწუხაროდ, პირადი საუბრები არ გვქონია.
_ ბატონო შალვა, როგორც ვატყობ, თქვენ ძალიან ახლოს ხართ ეზოთერიკასთან, ეზოთერულ მეცნიერებასთან, კვლევებთან. რატომ?
_ თავის დროზე ეზოთერიკაც ქრისტიანობასავით იყო აკრძალული. ახლა მათ ბევრი საერთო აქვთ. როცა ბიბლია და განსაკუთრებით ახლო აღთქმა შევისწავლე, უამრავი კითხვა გამიჩნდა. ყველაზე მისაღები პასუხები კი ეზოთერულ ლიტერატურაში ვიპოვე. გახსოვთ, რას აკეთებდა ნიკოლაი ბერდიაევი, იგი სწავლობდა ბიბლიას, ახალ აღთქმას და იქიდან გამოჰყავდა ზნეობრივი კანონები. მის მსგავსად მეც, როცა დავიწყე ჩემი ჰუმანური პედაგოგიკა-მეოთხე განზომილების დამუშავება, ჩემს უამრავ შეკითხვაზე სწორი და დამაჯერებელი პასუხები ეზოთერიკაში ვნახე.
_ კერძოდ. რომელი წიგნებს დაეყრდენით?
_ „ცოცხალ ეთიკას“, ელენე ბლავატსკაიას და ბევრ სხვას. თქვენი ჟურნალისა არ იყოს, მეც ვარ დაინტერესებული ფენომენოლოგიით, ჩემს თავშიც ვეძებ ფენომენალურს. მინდა, ჩემს ჰუმანურ პედაგოგიკაშიც უფრო მეტი დოზით შევიტანო ეზოთერული სიბრძნე.
_ თქვენი არ ვიცი, მაგრამ პირადად მე დიდი ხანია ეზოთერიკა ოცდამეერთე საუკუნის მეცნიერებად მიმაჩნია. მეთანხმებით?
_ პრინციპში გეთანხმებით და მინდა, ერთი რუსული გადაცემა „ყველაზე საუკეთესო“ გავიხსენო. მას მაქსიმ გალკინი უძღვება. ამ გადაცემაში მოჰყავთ სხვანაირი ნიჭით დაჯილდოებული ბავშვები, ასე სამიდან თორმეტ წლამდე. ყველაზე საინტერესო აქ ისაა, რომ ბავშვები გადაცემაში ცოდნით მიდიან. იმ ცოდნით, რაც მათთვის ზემოდან დაიშვა, მაგრამ სამწუხაროდ, ეს თავად მაქსიმ გალკინმა არ იცის.
_ რას ნიშნავს ბავშვებისათვის ზემოდან დაშვებული ცოდნა? რეინკარნაციას მივადექით?
_ ასე გამოდის. მაგალითს მოვიშველიებ. არიან აუტისტი ბავშვები, რომელთაც არ შეუძლიათ რამე ისწავლონ, გაკვეთილები მოისმინონ, თავს მოუარონ, მაგრამ მათ აქვთ ძალიან დიდი ცოდნა ძველი აღთქმისა, ტორისა და ასე შემდეგ. აქ ბუნებრივად ისმება კითხვა _ საიდან აქვთ მათ ეს ცოდნა?
_ და მართლაც, საიდან?
_ საიდან და სხვა ინკარნაციიდან. მეტი საიდან? ამაზე ძალიან საინტერესო წიგნი შეიქმნა. მისი სათაურია _ „სულები მოგვითხრობენ,“ ავტორია ნოვოსელსკი. ესაა ერთგვარი საოქმო ჩანაწერები. ყველა ოქმს ხელს აწერს რომელიმე მეცნიერი, საეკლესიო პირი და ჟურნალისტი. ისინი იკვლევენ აუტისტებს, აძლევენ მათ შეკითხვებს. კერძოდ, საიდან აქვთ ასეთი ცოდნა და აუტისტი ბავშვებიც ხშირად ასე პასუხობენ _ ეს მე მასწავლეს. მეორე კითხვაზე _ ვინ გასწავლათ, პასუხობენ _ ანგელოზებმა. უფრო რომ ჩაეკითხებიან სამი-ოთხი წლის ბავშვი პასუხობს _ ღმერთმა მასწავლაო. აუტისტმა ბავშვებმა იციან პასუხი ბევრ რამეზე, მაგრამ არ ლაპარაკობენ სამაგიეროდ, ისინი ერთმანეთში უფრო ადვილად ძებნიან საერთო ენას. მათ შეუძლიათ მომავლის წინასწარმეტყველებაც, მაგრამ გეტყვიან, რომ არა აქვთ ამის თქმის უფლება. ზოგიერთმა აუტისტმა ბავშვმა ისიც იცის, თუ რატომ აქვს ასეთი სხეული? რატომ არ მიეცა უფრო ნორმალური და ლამაზი სხეული? ამის მიზეზად იგი წინა ცხოვრებაში ჩადენილი ცოდვებს იხსენებს. ზოგიერთი მათგანი იმასაც იძახის, რომ ეს მისთვის ბოლო მოსვლაა, ბოლო გარდასახვა.
_ და მერამდენეა გარდასახვააო, არ იძახიან?
_ ეს ზუსტად არავინ იცის. ახლანდელი ბავშვები სულ სხვები არიან. მათ სინათლის ბავშვებსაც ეძახიან, ინდიგოებსაც, ვარსკვლავბავშვებსაც, შუამავალ ბავშვებსაც და სხვას. მახსოვს გალკინის გადაცემაში ერთი ბავშვი გამოიყვანეს, ასე შვიდი-რვა წლისა. მან ყველა ქალაქის და ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობა ზუსტად იცოდა. გალკინმა ჰკითხა _ შენ, ალბათ, ამ ქვეყნებისა და ქალაქების დამახსოვრების შენეული სისტემა გაქვსო? ბავშვმა იუარა, არა, მე ასეთი მინდოდა გავჩენილიყავიო. ამაზე გალკინმა გადაიხარხარა. ბავშვს კი სულ არ ეცინებოდა. მოდით, დავფიქრდეთ, რას ნიშნავს ეს? იმას ხომ არა, რომ ეს ბავშვი იქიდან, ზევიდან ასეთი მოვიდა, მოვიდა მისიით, დიახაც, საკუთარი მისიით.
_ მოდით, განვავრცოთ, ყველა დაბადებული საკუთარი მისიით მოდის?
_ დიახ, ბატონო, ყველა. მეც, თქვენც, ჩვენ ყველას ჩვენ-ჩვენი მისია გვაკისრია. უფრო სწორად, მიზანი ყველასათვის ერთია. ესაა სულის სრულყოფა, სიყვარულისა და ადამიანურ, კოსმიურ ჰარმონიაში ცხოვრება. თუმცა მიზნის შესრულების გზაა სხვადასხვა.
_ ბატონო შალვა, ნუ მიწყენთ, მაგრამ ცოტა არ იყოს, გაუგებარია ერთი რამ. რას ნიშნავს თქვენი მტკიცება _ „მე ეს მინდოდა და ასეთი მოვედი!“ ვინ არჩევს იმას, თუ რომელ ჭურჭელში რომელი სული უნდა მოვიდეს?
_ მოდით, მოკლედ გიპასუხებთ, იქაც დიდი ცხოვრებაა, დიდი იერარქიაა, მმართველობაა. იქ იციან, ვინ როგორი უნდა დაიბადოს. იქ დგინდება, ვინ რითი და როგორ უნდა განივითაროს სული აქ, დედამიწაზე. რითი დაკავდეს, რა ღვაწლი გასწიოს და ასე შემდეგ. მე პედაგოგობა ამირჩევია, თქვენ ჟურნალისტიკა. შესაძლოა ეს არჩევანი ჩვენ შეგვირჩიეს კიდეც, მაგრამ დაზუსტებით ეს აქ არავინ იცის.
_ გასაგებია, მაგრამ რა ხდება მაშინ, როცა ადამიანი სამი-ოთხი ათეული წლის შემდეგ პროფესიას იცვლის, საქმიანობის სფეროს რადიკალურად იცვლის?
_ ჩათვალე, რომ სული ვერ განივითარე. იმიტომაცაა ასე არეული ეს მსოფლიო. ქრისტე გაიხსენეთ-ვისაც აქვს, მიეცემა, ვისაც არა, რაცა აქვს, ისიც წაერთმევა.
_ შემიდარეთ ერთმანეთს ძველი და ახალი აღთქმა.
_ დიდი სხვაობაა მათ შორის.
_ რატომ?
_ თუ პედაგოგიური თვალით შევხედავთ, ძველ აღთქმაში მძლავრობს მოთხოვნა, რომ ბავშვი დიდი სიმკაცრით გაიზარდოს. ავტორიტარიზმიც ასეთი აღზრდის გადმონაშთია. ახალ აღთქმაში გარდასახვის კვალი ჩანს. მაგალითად, ქრისტეს ეკითხებიან ერთ ბრმაზე _ რატომ მოვიდა ის ასეთი, თვითონ მან დააშავა თუ მისმა მშობლებმაო? ქრისტე პასუხობს, არც მისი ბრალია და არც მშობლებისიო. ის ასეთი დაიბადაო, რათა ღმერთის საიდუმლო გამჟღავნდესო, როცა მას თვალს აუხელსო. საერთოდ, ახალ აღთქმაში ბევრი რამ ამაღლებულია. მთლიანობაში ეს ძალიან დიდი თემაა. ამიტომ ამ ჯერზე ეს ვიკმაროთ.
_ რა შეგიძლიათ თქვათ ნაკლებად ცნობილ მოსაზრებაზე, რომ ბიბლიიდან ორი თავია ამოღებული _ რეინკარნაციაზე და ლევიტაციაზე?
_ შეიძლება ასეც იყოს. მე ეს არ ვიცი, მაგრამ ვიცი ის, რომ ვედებში გარდასახვაზეც არის საუბარი და ლევიტაციაზე. ეს მათთან ჩვეულებრივი ტერმინებია. ალბათ, დამეთანხმებით, რომ ვედებში დიდი ცოდნაა ჩადებული. ცოდნა, რომელსაც შეიძლება ენდოს ადამიანი.
_ საინტერესო საკითხს მივადექით. თავად თქვენ ვის ენდობით ეზოთერიკაში?
_ ასეთები ცოტანი არიან. მე ძალიან ვენდობი რერიხების ფენომენის მკვლევარს შაპოშნიკოვას, ალექსანდრ კლიზოვსკის შრომებია ძალიან საინტერესო. მე ვმეგობრობდი აკადემიკოს აკიმოვთან. იგი ტორსიული ველების სერიოზული სპეციალისტია. ფიზიკური ვაკუუმის თეორეტიკოსი. როგორ გითხრათ, ფიზიკას მრავალგანზომილებიანი სივრცის ასახსნელად სხვანაირი გზა აქვს მონახული, რაც ხანდახან ეზოთერიკას მკვლევართა შეხედულებებს არ ემთხვევა.
_ მერედა სწორია ეზოთერული გზა?
_ მე ვფიქრობ, სწორია, მაგრამ მათ, სამწუხაროდ, დღემდე ცრუმეცნიერებს უწოდებენ, არადა ისინი ძალიან საინტერესო შეხედულებებს და დასკვნებს დებენ. მათგან ძალიან ბევრი გასაზიარებელია. ეს ბოლომდე ჯერ კიდევ არ ესმით, მაგრამ ამის დროც დადგება. აკადემიკოსი აკიმოვი ჩემთანაც ამბობდა, ფიზიკურ ვაკუუმს იმდენი ენერგია აქვს, რამდენიც გინდაო, მაგრამ არ უნდათ ამის დაჯერებაო.
_ როგორ უყურებთ თემას ეკლესია და ფენომენოლოგია?
_ ჩვეულებრივად. მე გულწრფელი ქრისტიანი ვარ. ძალიან მიყვარს ჩვენი პატრიარქი. ეს ჯვარიც, ახლა რომ მიკეთია, ეს სამაჯურიც, მისი ნაჩუქარია. მაქვს წიგნები მისი ავტოგრაფით. პატრიარქის სიბრძნეს დიდ პატივს ვცემ. სხვა რა გითხრათ, მთლიანობაში ესეც დიდი თემაა. მე ვფიქრობ და ასეც ვიქცევი _ თუკი ეზოთერიკაში რამეს ისეთს მივაგნებ, რაც ჩემს პედაგოგიკაში გამომადგება, ცხადია, გამოვიყენებ. ნათქვამია, სიბრძნე სატანასაც რომ ჰქონდეს, უნდა გამოიყენოო. მეც ასეთი ვარ, სადაც რამე სიბრძნეს წავაწყდები, მომაქვს და ვიყენებ.
_ სავსებით გეთანხმებით. ახლა მაინტერესებს თქვენი აზრი კოლექტიური ლოცვის ფენომენზე. გიფიქრიათ ამაზე?
_ ლოცვას რომ დიდი ძალა აქვს, ეს ცნობილია. წმინდანისას კი ათასგზის მეტი. ლოცვა ხომ აზრია. მე აზრის ფენომენის, აზრფორმების ზეგავლენის ძალიან მჯერა. მე ეს გარკვეულწილად შესწავლილიც მაქვს. ვიცი, როგორ მოქმედებს აზრი, როგორ ბრუნდება თავის პატრონთან და რას უშვება მას. რაც შეეხება კოლექტიურ ლოცვას, ეს ის ენერგია იქნება, რომელიც წმინდავს სივრცეს. რაც უფრო გულწრფელი იქნება კოლექტიური ლოცვა, მით უფრო გასუფთავდება საქართველო, მაგრამ კოლექტიურ ლოცვასაც და ინდივიდუალურსაც ჩავარდნა არ უნდა ჰქონდეს.
_ რას გულისხმობთ ჩავარდნაში?
_ იმას, რომ როცა ლოცულობთ, სხვა აზრი არ უნდა შეუშვა თავში, სხვა აზრმა არ უნდა დაგიჩხვლიტოს გონება. ეს ცოტა ძნელი მისაღწევია, მით უფრო კოლექტიურ ლოცვაში. ისე, კოლექტიური ლოცვის მნიშვნელობა აღმოსავლეთის ხალხში ძალიან კარგად იციან. ჩინელები ასე ამბობენ, ყველამ ერთად რომ თქვას რაღაც სიტყვა, შესაძლოა ცის გრგვინვა დაიწყოსო, ხოლო ყველამ ერთად რომ მიწას ფეხი ერთდროულად დაკრას, მიწისძვრა მოხდებაო. ასეა აზრიც. აზრის ენერგია უკვდავია. იგი ისეთი ფენომენია, რომ მხოლოდ თავის მსგავს აზრთან ერთიანდება და თავის პატრონს უბრუნდება და აქ არა აქვს მნიშვნელობა, ცალკე ადამიანი იქნება ის, ადამიანთა ჯგუფი, მთელი ხალხი თუ ქვეყანა. ლოცვა ნეგატიურ აზრს წმინდავს. წმინდანის ლოცვას შეუძლია მთელი მასის ლოცვა გადასძალოს.
_ მე ვიცი, იაპონიაში კოლექტიური ლოცვის ფენომენმა 1944 წლის დეკემბერში ქვეყანა იხსნა. როგორ ფიქრობთ, ხომ არ დადგა დრო, რომ საქართველოში სუფთა სულის და წარსულის მქონე ადამიანთა ჯგუფმა ასეთივე წმინდა საეკლესიო პირებთან ერთად შექმნას კოლექტიური ლოცვის ერთიანი ტექსტი და ის ერთდროულად იკითხებოდეს ყველგან. მე, რაღა დაგიმალოთ და, კარგა ხანია ვუტრიალებ ამ იდეას. თქვენ რას იტყვით? რამე რომ იყოს, ჩაერთვებოდით ამ ჯგუფის მუშაობაში?
_ კარგი იდეაა, მაგრამ მე ჩემი ინიციატივით არ ჩავერთვები. თუ საჭიროდ ჩაითვლება და დამიძახებენ, კი ბატონო. ისე მე ჩემთვის კი ვწერ რაღაც ლოცვებს და წიგნებშიც ვაქვეყნებ, მაგრამ ეს სულ სხვა რამეა. რაც შეეხება თქვენს მშვენიერ იდეას, გეთანხმებით, რომ ლოცვის ერთდროულად წაკითხვას ძალიან დიდი ძალა აქვს. ეს მუსულმანებმა კარგად იციან. რა გითხრათ, ძალიან საინტერესო იდეაა, მაგრამ ჯერ ფიქრი უნდა ამას და მერე ქმედება. ისე, არაა ეს იოლი საქმე, თუმცა თუ მოხდება, დიდი საქმე გაკეთდება.
_ მადლობას მოგახსენებთ მხარდაჭერისთვის. ბოლო შეკითხვა თქვენ ბრძანეთ, რომ ქრისტიანულ ლიტერატურას კარგად იცნობთ. არასოდეს გიფიქრიათ თემაზე, ქრისტეს ნატერფალები საქართველოში?
_ არა ამაზე არ მიფიქრია, თუმცა ერთი რამ დღემდე მიკვირს რატომ არ ინტერესდება ეკლესია ქრისტეს ადგილსამყოფელით თორმეტ წლის ასაკიდან კარგა ხანს რომ გაქრა? ფაქტია, რომ არ ინტერესდება. რატომ? არ ვიცი. არის სხვა თემებიც არანაკლებ საინტერესო, მაგრამ ეტყობა, ისევ დროის ფენომენია. მოვა დრო და, როგორც იტყვიან, „კარ გაიღების თავადა!“

ესაუბრა
გიგლა გობეჩია
თელავი-თბილისი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close
Close