მეცნიერება

პლანეტის ველური ტომები

ტომები, რომელთა ცხოვრების წესი სახიფათოა ჩვენთვის

 

ჩვენი ცივილიზაციის გვერდით ცხოვრობენ ტომები, რომლებიც საერთოდ მოწყვეტილნი არიან მთელ კაცობრიობას და პირველყოფილი ტომების დონეზე იმყოფებიან. ზოგი მათგანი თავისი ცხოვრების წესით დღემდე სახიფათოა ზედმეტი ცნობისმოყვარეობის გამო მათთან მოხვედრილი ადამიანისათვის, ზოგიც, ველურობის მიუხედავად, სრულიად მშვიდობიანი ტომია. დღეს ორივე მათგანს გაგაცნობთ.

გობი

ანგუს ტომი ახალ გვინეაში, მოსობეს მაღალმთიან პროვინციაში ცხოვრობს. უხსოვარი დროიდან ეს ტომი თავზარს სცემდა მეზობლებს, ჩვენს დროში კი, თუ ადამიანი ფსიქოლოგიურად წინასწარ შემზადებული არ არის, ანგუს რიტუალების ყურებისას სრული შოკი ელის _ ეს ველური ტომი თავის მიცვალებულთა გვამებს… ხარშავს და ამ გზით ახდენს მათ მუმიფიცირებას.

დაკარგული ექსპედიცია

უხვ მცენარეულ საფარში მიმავალმა წვრილმა ბილიკმა კარლ გოლტსა და მის თანამგზავრებს ერთ ძალიან ვიწრო და გრძელ მოედანზე ამოაყოფინა თავი. ერთი მხრივ, ამ მოედანს რუხი სალი კლდე ემიჯნებოდა, მეორე მხრივ კი ლამის უძირო უფსკრული. დაახლოებით ორასი მეტრის შემდეგ ბილიკი ძირს ეშვებოდა, ფერდობზე, რომლის ძირშიც სოფლის ქოხები მოჩანდა. კლდის გასწვრივ რაღაც გაურკვეველი ხის ნაგებობები აღმართულიყვნენ. გალიისა თუ რაღაცის მსგავსნი, რომლის შიგნითაც ზედ მიბმული რაღაც ფიგურები ისახებოდა.
რა იყო ეს? ნაწამები ტყვეები? ან რატომ ჰქონდათ ასეთი უცნაური ფერის კანი
_ ზოგს წითელი, ზოგსაც ყავისფერი, ზოგს კი საერთოდ რუხი? მაიმუნები ხომ არ იყვნენ? მაგრამ თავის ქალა კი აშკარად ადამიანისა ჰქონდათ.
კარლს უნდოდა ახლოს მისულიყო და კარგად დაეთვალიერებინა ისინი, როდესაც უეცრად იგრძნო, თუ როგორ ჩაესო ზურგში რაღაც მახვილი.
საშინელი მბრძანებლური შეძახილი გაისმა. შემდეგ კარლს მარჯვენა მხარში ვიღაცამ უხეშად სტაცა ხელი და თავით მისკენ შემოატრიალა. სწორედ მაშინ დაინახა, რომ მთელი მისი ჯგუფი საიდანღაც მოულოდნელად გამოჩენილი მეომრების ჯგუფით იყო გარსშემორტყმული. ესენი იყვნენ მუქკანიანი ადამიანები, თეთრი და წითელი საღებავით მოთხუპნულები. მათ შიშველ სხეულებს მხოლოდ და მხოლოდ ბალახეულობისგან დაწნული ქვედაბოლოები მოსავდა. ველურებმა დატყვევებული ჯგუფი სოფლისაკენ გარეკეს.


ეს იყო 1896 წელს. კარლ გოლტი ეთნოგრაფი იყო. იგი ახალი გვინეის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე გერმანულ კოლონიაში მოვიდა და სანაპიროს მაცხოვრებელი ტომების წეს-ჩვეულებების შესწავლას შეუდგა. მერე ეთნოგრაფმა გადაწყვიტა, კიდევ უფრო ღრმად შესულიყო კუნძულის უსიერ ტყეებში. ამ მთიან რაიონებში ჯერ თეთრკანიანს ფეხი არ დაედგა. თვით გუბერნატორი და დანარჩენი ჩინოვნიკებიც ემუდარებოდნენ გოლტს, ეს ნაბიჯი არ გადაედგა, რადგან იმ მხარეებში მცხოვრები ველური ტომები განთქმულნი იყვნენ თავიანთი სისასტიკითა და კაციჭამიობით.
ამ კაციჭამიების ტერიტორიების შესწავლა თავის დროზე ვერ გაბედა თვით დიდმა მოგზაურმა მიკლუხო-მაკლაიმ, რომელიც პაპუასებს ასე დაუმეგობრდა.. პაპუასები მას `ტამო-ბორო-ბოროს~ _ დიდ ადამიანს უწოდებდნენ.
ვერანაირმა მუდარამ გოლტთან ვერ გაჭრა _ იგი შეუვალი იყო. გარკვეული მომზადების შემდეგ, ცხელი აგვისტოს ბოლოს, სამი ევროპელისა და ხუთი დაქირავებული ადგილობრივისაგან შემდგარი ჯგუფი აკრძალული ტერიტორიების შესასწავლად დაიძრა.
ექსპედიციის შემდგომი ბედის შესახებ მთელი 10 წელი ვერავინ ვეღარაფერი შეიტყო. გავიდა 10 წელი და ერთხელაც კოლონიაში გაძვალტყავებული, საშინლად დამფრთხალი ადამიანი გამოჩნდა. ყველას გაუჭირდა, მასში ის ადგილობრივი მხიარული ბიჭი შეეცნო, 10 წლის წინათ გოლტის ექსპედიციას რომ გაჰყვა მეგზურად. გარკვეული პერიოდის შემდეგ ტყვედყოფილი თავის თავგადასავალს ყველას მოუყვა.

პროფესორ გოლტის თავი

ტყვეები რომ სოფელში მირეკეს, გახარებულმა ველურებმა დღესასწაული მოიწყეს. მასში დიდ-პატარიანად ყველა მონაწილეობდა. ეს ყველაფერი რიტუალური მკვლელობით დასრულდა. მანამდე კი ტყვეები საშინლად აწამეს, მათ ერთმანეთის თვალწინ და რიგრიგობით აწამებდნენ.
აღწერაც კი ძნელია, რა მოხდა შემდეგ.. ტყვეები ფეხებით ხეებზე დაკიდეს და მათი ჭრილობებისაგან შეგროვებული სისხლი ტომის ყველა მამრობითი სქესის წევრმა დალია. ეტყობა, მიაჩნდათ, რომ ეს დიდ ძალებს შესძენდათ. შემდეგ არც აციეს, არც აცხელეს და ამდენი ტანჯვით განაწამები და გონწასული ტყვეები… გადასანსლეს.

კარლ გოლტს, როგორც თეთრ ბელადს, ველურებისგან განსაკუთრებული პატივი ერგო – იგი თვით ტომის ბელადმა განგმირა საკუთარი ხელით.

რაც შეეხება ექსპედიციის მეგზურ ბიჭს _ ტოგუს _ მისთვის ველურებს ხელი არ უხლიათ _ იგი მონის რანგში დაიტოვეს და ყველაზე რთულ სამუშაოს შესრულებას აიძულებდნენ.
გარდა ამისა, ეტყობა, მიაჩნდათ, რომ ბიჭებს ჯერ არა აქვთ ის მაგიური თვისებები – დიდი ძალა, სიბრძნე და ასე შემდეგ _ რომელიც ველურებს მათი სისხლით უნდა გადმოსცემოდათ. სწორედ ამავე მიზეზით ეს კაციჭამიები არ ჭამდნენ ხოლმე მოხუცებსაც _ ამ ასაკში ხომ ეს თვისებები უკვე დაკარგული აქვთ.
გოლტის ექსპედიციაში მოხუცები არ იყვნენ. რაც შეეხება ტოგუს, მან ამ ველურ ტომთან ერთად 10 წელი იცხოვრა. Fაქტიურად, სწორედ იქ გაიზარდა და დაკაცდა. ტოგუ ვერ იტყოდა, რომ ამ წლების განმავლობაში მისი ცხოვრება ძალიან მძიმე იყო. მართალია, ბევრი მუშაობა უწევდა, მაგრამ ეტყობა, დრომ თავისი გაიტანა _ მიეჩვიენ და დარაჯებიც აღარც უთვალთვალებდნენ. ასე რომ, უკვე თავისუფლად დადიოდა სოფელსა და მის შემოგარენში.
ვინ იცის, რამდენ ხანს დაჰყოფდა ასე, ერთ “მშვენიერ” დღეს სრულიად შემთხვევით ერთი თავზარდამცემი ამბავი რომ არ შეეტყო: ტოგუ მორიგი დღესასწაულისათვის სარიტუალო მსხვერპლის როლში შეარჩიეს. მაშინ გადაწყვიტა, გაქცეულიყო და გამოუვიდა კიდეც. თუმცა ბევრი კი იხეტიალა მდევარის გამო თავზარდამცემი შიშისაგან დამფრთხალმა გორაკებზე შეფენილ ტყეებსა თუ ჯუნგლებში.. ბოლოსდაბოლოს, თეთრი ადამიანების საცხოვრებელ კოლონიას მოადგა. ასე გაიგო ხელისუფლებამ წერას ატანილი კარლ გოლტის ექსპედიციის საშინელი ბედის შესახებ.
ასე იყო ეს ამბავი. დღემდე ეს ადგილები – პაპუა _ ახალი გვინეა თავისი ველური ტომებით ძალიან ცუდადაა შესწავლილი.
ზუსტად ვერავინ იტყვის, კანიბალიზმი ანგუს ტომელებს დღესაც ახასიათებთ თუ არა, მაგრამ ერთი რამ უდავოა – საკუთარი მიცვალებულების მუმიფიცირების მათეული პრაქტიკა დღემდე ყველას თავზარს სცემს. ეს პროცესი მრავალი საუკუნის განმავლობაში იხვეწებოდა და მას სპეციალურად მომზადებული ხალხი ატარებდა.

გობი

ოფიციალური მონაცემებით, ამაზონის სანაპიროებზე 67 პატარ-პატარა ტომი ცხოვრობს, რომელთაც თანამედროვე ცივილიზაციასთან კონტაქტი არ აქვთ. დღეს ერთ-ერთ მათგანს გაგაცნობთ _ სრულიად უწყინარ ტომს, რომელსაც ჯერჯერობით სახელიც კი არ აქვს.

ბუნებასთან სრულ ჰარმონიაში

არიან ტომები, რომლებიც, ანგუსი არ იყოს, დღემდე კაცობრიობისაგან სრულ იზოლაციაში ცხოვრობენ. ერთ-ერთი მათგანია ამაზონკის ტყეებში, პერუსა და ბრაზილიის საზღვართან, მცხოვრები ინდიელების ტომი, რომელსაც, ფაქტიურად, ოფიციალური სახელი ჯერ არ აქვს. საქველმოქმედო ორგანიზაცია შურვივალ ინტერნატიონალ-ის წარმომადგენლებმა მოახერხეს და ამ ტომის წევრებს სურათები გადაუღეს ვერტმფრენიდან, რომლის დანახვამაც ტომის წევრებში უკიდურესი გაოცება გამოიწვია.
ამ ტომის წევრები წითელი საღებავით იღებავენ სხეულებს, შეიარაღებულნი არიან ჯოხებით, დანებითა და შუბებით. ტომში, როგორც ვარაუდობენ, 150-მდე ადამიანი ცხოვრობს. აქვთ ლითონის დანები.. სავარაუდოდ, დანები მათ გარკვეული პროდუქტის გადაცვლის სანაცვლოდ მეზობელი ტომებისაგან შეიძინეს.


საქველმოქმედო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მათთვის ამ ტომის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი, თუმცა ჩანს, რომ ტომი ბუნებასთან სრულ ჰარმონიაში ცხოვრობს. როგორც ვერტმფრენიდან გადაღებულ სურათებზე ვხედავთ, მათ დაწნული კალათები ახალდაკრეფილი ხილითა და ბანანებით აქვთ გავსებული.
ცუდი ის არის, რომ ცივილიზაციას მოწყვეტილი ამ ტომისათვის ჩვენი საზოგადოების წევრებთან შეხვედრა, როგორც წესი, საბედისწეროდ მთავრდება ხოლმე – ველური ტომის წევრებს არანაირი იმუნიტეტი არ გააჩნიათ იმ დაავადებების მიმართ, რომლითაც ასე `მდიდარია~ თანამედროვე ადამიანი. სულ უბრალო გრიპის ვირუსი ამ პირველყოფილებისათვის, შესაძლოა, მომაკვდინებელი აღმოჩნდეს.
ოფიციალური მონაცემებით, სულ ამაზონის სანაპიროებზე ცხოვრობს 67 პატარ-პატარა ტომი, რომელთაც თანამედროვე ცივილიზაციასთან კონტაქტი არა აქვთ, თუ არ ჩავთვლით, ათასში ერთხელ, `თეთრი ადამიანის~ მხრიდან ასე ოფიციალური პროგრამის ფარგლებში წარმოებულ ვიზიტებს.
ლონდონის საქველმოქმედო ორგანიზაციის შურვივალ ინტერნატიონალ-ის მესვეურნი შიშობენ, რომ მალე შეიძლება ამ ტომის ცხოვრება ძალიან შეიცვალოს _ ახლა ისინი ბედნიერები და კმაყოფილები ჩანან – მათთვის უცნობია ჩვენი თანამედროვეობის გლობალური პრობლემები, მაგრამ შორს არაა ის დრო, როცა მათ არსებობისათვის ბრძოლა მოუწევთ _ პერუს მთავრობა საერთოდ არ არის დაინტერესებული, ამ ტომებს გარკვეული მფარველობა გაუწიოს და აღკვეთოს ამაზონის ტყეების გაუთავებელი გაჩეხვა, რაც, უდავოდ, საფრთხეს შეუქმნის ამ ტომებს.
ექსპერტთა პროგნოზით, მოსალოდნელია ამ პირველყოფილ ტომებს შორის ერთმანეთში ბრძოლებიც ახალი, უსაფრთხო საცხოვრებელი ტერიტორიების ხელში ჩაგდების მიზნით.
ბრაზილიის მთავრობამ, პერუს მთავრობისაგან განსხვავებით, გამოაცხადა, რომ გარკვეულ მფარველობას გაუწევს მის ტერიტორიაზე, უღრან ტყეებში, მცხოვრებ ამ მშვიდობიან ტომებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close
Close