მეცნიერება

რას უყვებიან ჰიპნოსეანსისას ექიმს უცხოთა მიერ მოტაცებული ადამიანები

პოპულარული ამერიკელი ჰიპნოთერაპევტი _ ელენ ბილინგსი _ უცხოპლანეტელებისა და მათ მიერ მოტაცებული ადამიანების შესახებ

 

 

სულ ახლახან ამერიკულ ჟურნალ UMagazine-ში გამოქვეყნდა ინტერვიუ მთელ შეერთებულ შტატებში ცნობილ ექიმ-ჰიპნოთერაპევტთან, მედიცინის დოქტორ ელენ ბილინგსთან. იგი ქალაქ სანტა-როზას ჰიპნოთერაპიის ინსტიტუტის კურსდამთავრებული გახლავთ. გთავაზობთ მასთან ინტერვიუს თარგმანს მცირე შემოკლებით:

_ იყვნენ თუ არა თქვენს პაციენტებს შორის მფრინავი თეფშებისა და მათი ეკიპაჟის მიერ მოტაცებული ადამიანებიც?
_ რა თქმა უნდა, მაგრამ ძალიან ხშირად იმ ადამიანს, რომელსაც გმო-სთან (გამოუცნობი მფრინავი ობიექტი) და გმონავტებთან ჰქონდა კონტაქტი, ამ მოვლენის მხოლოდ დასაწყისი და დასასრული ახსოვს. ესაა გმო-ს გამოჩენა და მისი დაჯდომა (ანდა ჰაერში დაკიდება), გმონავტების იქიდან გამოსვლა, მათი მოახლოება.. ამის შემდეგ უკვე მოდის მხოლოდ ამ ადამიანის დაკვირვება იმაზე, თუ როგორ ადის გმო ცაში და იქ როგორ უჩინარდება. არადა, ხშირად ამ ორ მოვლენას შორის (დაჯდომა-აფრენას შორის _ მთარგ..) რამდენიმე საათია გასული, მაგრამ ადამიანს ასე არა ჰგონია და არც არანაირი წარმოდგენა არა აქვს, თუ რა ხდებოდა მის თავს საკუთარი ცხოვრებიდან ამოვარდნილი ამ საათების განმავლობაში.
ერთ-ერთი ჩემი პირველი კლიენტი 35 წლის ჩინოვნიკი ქალი იყო. მას სამხედო უწყებაში საკმაოდ დიდი თანამდებობა ეკავა. ამ ქალბატონს ძალიან ხშირად აწუხებდა ბუნდოვანი მოგონებანი თავისი შორეული წარსულიდან იმის თაობაზე, თუ როგორ შეხვდა იქ რაღაც უცნაურ ობიექტს. პაციენტთან წინასწარი გასაუბრების შედეგად ჩემთვის ნათელი გახდა, რომ სრულიად ჯანმრთელი და გაწონასწორებული ფსიქიკა ჰქონდა და რომ მასთან შეიძლებოდა მუშაობა.
მე ეს ქალი ღრმა ჰიპნოზურ რეგრესიას დავუქვემდებარე. შედეგად მან თავისი თავი 12 წლის გოგონად აღიქვა. უეცრად ამ გოგონამ დაინახა, თუ როგორ გაჩნდა მათი სახლის თავზე უზარმაზრი გმო, რომელიც კოსმოსური არამიწიერი ხომალდი აღმოჩნდა. შემდეგ წამს იგი უკვე ამ ხომალდის ბორტზე აღმოჩნდა. გოგონას გარს რამდენიმე უთმო წვრილი არსება შემოერტყა. სიმაღლით ასე ერთ მეტრზე მეტისანი არ იქნებოდნენ, რუხი კანი და დიდი თვალები ჰქონდათ.. მათ გოგონა თავიდან ფეხებამდე გააშიშვლეს და მაგიდაზე დააწვინეს. ბავშვს წინააღმდეგობის თავი არ ჰქონდა, განძრევაც კი არ შეეძლო და საერთოდაც თავზარდაცემული იყო.


ჩვენი სეანსის დროს იგი ხმამაღლა ტიროდა და იმუდარებოდა გაეშვათ, ხანაც თავის მომტაცებლებს უყვიროდა, რომ მათ მოკლავდა. ერთი სიტყვით, სეანსის დროს იგი იქცეოდა, როგორც ადამიანი, რომელიც თავისი ბავშვობის ამ დრამატულ ეპიზოდს ხელახლა განიცდიდა, მაგრამ არ იხსენებდა მას. ასეთ აგზნებულ მდგომარეობაში პაციენტმა 20 წუთი დაჰყო და, როცა დაწყნარდა, მე იგი ისევ რეალობაში დავაბრუნე.
ჩემს შეკითხვაზე, თუ როგორ გრძნობდა თავს, ქალმა მიპასუხა, ბრწყინვალედო. მერე შემეკითხა თუ რა ხდებოდა მის თავს. როგორც აღმოჩნდა, აღარაფერი ახსოვდა, მაგრამ მე ხელთ ნივთმტკიცება მქონდა _ ჰიპნოზის სეანსის დროს მთელი მისი ტირილი, ყვირილი, ჩემს შეკითხვებზე ყველა მისი პასუხი ფირზე მქონდა ჩაწერილი.
ამ შემთხვევის შესახებ რამდენიმე სპეციალისტ-უფოლოგსა და ექიმ-ფსიქოთერაპევტს მოვუყევი… პრაქტიულად ყველა მათგანის პასუხი ეს იყო _ ეს ქალბატონი ბავშვობაში რუსი ადამიანების მხრიდან აბდუქციის (მოტაცების _ მთარგ.) მსხვერპლი გახდა. ადამიანს არ შეუძლია ჰიპნოზის ქვეშ რაიმე გაითამაშოს, შიში, ტკივილი, მრისხანება გამოხატოს.

******
კორესპონდენტმა ჰკითხა დოქტორ ბილინგს, ჰქონდა თუ არა პრაქტიკაში ისეთი შემთხვევა, როცა მისი პაციენტები `ჰიბრიდიზაციის პროგრამაში~ ჩართულები აღმოჩნდნენ? ამბობენ, რომ ამ პროგრამას თითქოს უცხოპლანეტელები ახორციელებენ..
_ დიახ, რა თქმა უნდა, _ უპასუხა დოქტორმა. _ დაზარალებულები ძირითადად ქალები იყვნენ. რამდენიმე ჩემმა კლიენტმა ზუსტად იცოდა, რომ ორსულად იყო, შემდეგ კი უცებ აღმოჩნდა, რომ ნაყოფი მათი მუცლიდან… გაქრა. ამას ვერავითარი სამედიცინო ახსნა ვერ მოეძებნა.
რამდენიმე ასეთი შემთხვევა დოკუმენტურადაა გაფორმებული და ექიმების მიერ დადასტურებული. მათგან ერთი კი განსაკუთრებული ყურადღების ღირსია:
ჩემი პაციენტის გოგონა მეხუთე თვეში იყო და უკვე იცოდა, რომ ტყუპები უნდა გაეჩინა. ორსულობა რთულად მიმდინარეობდა და არც მომავალი დედის ჯანმრთელობა იყო მაინცდამაინც სახარბიელო. ამიტომაც იგი ექიმების გამუდმებული მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა. და აი, კლინიკაში ექიმებთან მორიგი ვიზიტისას, მათ აღმოაჩინეს, რომ ერთ-ერთი ემბრიონი… მუცლიდან გაქრა! ამავდროულად, თითქოს რაღაცა ჯადოსნობით, ორსულის მდგომარეობა დღითი დღე უმჯობესდებოდა.
თავის დროზე გოგონამ სრულიად ჯანმრთელი შვილი გააჩინა, მაგრამ სად გაქრა მეორე? ამ კითხვაზე პასუხი მის ექიმებს არა აქვთ. მაგრამ უფოლოგები თვლიან, რომ მეორე ბავშვის მამა კოსმოსიდან იყო და მან გარკვეული დროის შემდეგ თავისი პირმშო თან წაიყვანა.

******
აბდუქციის (მოტაცების) დროს მეხსიერების ჩავარდნასთან დაკავშირებით ელენ ბილინგსმა ერთი კურიოზული შემთხვევა გაიხსენა.
_ ჩემთან მოვიდა ერთი მამაკაცი. ცოლი მას ღალტში ადანაშაულებდა, მიზეზი კი აი, რა იყო: ერთხელ, ღამით, ქალი მათ საძინებელში შევიდა და ნახა, რომ ოთახში არავინაა. ცოლმა მთელი სახლი გადაჩხრიკა, მაგრამ ქმარს ვერ მიაგნო. ამიტომაც, ბუნებრივია, იფიქრა, რომ ქმარი სხვა ქალთან იყო.

“მოღალატე” თავის საძინებელში ორ საათში გაჩნდა და, სხვათა შორის, ისევე მოულოდნელად გაჩნდა, როგორც გაქრა. როცა ცოლმა ჰკითხა, სად იყავიო, ქმარმა უთხრა, რომ ეს შეკითხვა უცნაურად ჟღერდა _ იგი ხომ არსად წასულა და მთელი ეს დრო საძინებელში იმყოფებოდა. მოკლედ, მეუღლეებს შორის დიდი სკანდალი მოხდა.
რეგრესიული ჰიპნოზის მდგომარეობაში `ეჭვმიტანილმა~ გაიხსენა, რომ იგი უცხოპლანეტელებმა აიყვანეს თავიანთ ხომალდზე. კაცს 2 საათი იკვლევდნენ, შემდეგ კი უკან დააბრუნეს. ეს ეპიზოდი მისი მეხსიერებიდან მთლიანად წაშლილი აღმოჩნდა.

*****
დოქტორი ელენი იმაზეც მოუყვა კორესპონდენტს, თუ როგორ იხსენებენ მისი პაციენტები ჰიპნოზური რეგრესიის სეანსის დროს თავიანთ წარსულ ცხოვრებებს. დოქტორის თქმით, ეს პროცედურა მათ ზოგჯერ ძველი ქრონიკული უსიამოვნებებისგან თავის დაღწევაში ეხმარებათ.
_ ერთი ჩემი პაციენტი ქალი ბრონქული ასთმის მძიმე ფორმით იტანჯებოდა. ეს უფრო ალერგიული ხასიათის დაავადებაა. გადავწყვიტეთ, ამ ალერგიის მიზეზი მის წარსულში მოგვეძებნა. ერთხელაც იგი ღრმა რეგრესიაში ჩავძირე, მან მოიარა თავისი ყმაწვილქალობაცა და ბავშვობაც, ლამის ჩვილობის ასაკამდე, მაგრამ იქ ალერგიის მიზეზი ვერ ვიპოვეთ. ჩვენ შევთანხმდით, რომ მესამე სეანსის განმავლობაში ერთად შევეცდებოდით, მისი წარსული ცხოვრებებიდან უახლოესში `შეგვეღწია~.
და აი, ქალმა თავისი თავი ვარსკვლავთთაშორისი ხომალდის შიგნით დაინახა. მას ეგზოტიკური კოსმოსური კომბინიზონი ეცვა, ქერა თმები და ოქროსფერი თვალები ჰქონდა. მე ვკითხე, ნამდვილად მის წარსულში აღმოვჩნდით თუ არა. პაციენტმა ეს დამიდასტურა. მე ვკითხე, იგი დედამიწის მცხოვრებია თუ არა. მან მიპასუხა: `არა~.
იმ მომენტში ეს ქალი არამიწიერი კოსმოსური ხომალდის ექიმი იყო, ხოლო მისი ქმარი ხომალდის ეკიპაჟის წევრი. მოულოდნელად ხომალდზე ავარია მოხდა. ამას განჰერმერტიზაცია მოჰყვა. ქალს მოხრჩობა დაეწყო… მისი ასთმის მიზეზიც სწორედ აქ იმალებოდა.
ამ მომენტიდან ჩემმა პაციენტმა დღითი დღე გამომჯობინება დაიწყო, მალე კი იგი ასთმისაგან საერთოდ განიკურნა.

*******
ჟურნალისტი ინტერვიუს ამ ეპიზოდში დააინტერესა ყოფილი უცხოპლანეტელის მიწიერ ადამიანად მოვლინების ფაქტმა და დოქტორს ჰკითხა, ჰქონდა თუ არა ქალბატონ ბილინგსს მსგავსი შემთხვევები პრაქტიკაში. დოქტორმა ასე უპასუხა:
_ ორმა ჩემმა პაციენტმა გაიხსენა, რომ თითოეული მათგანი თავის ერთ-ერთ წინა ცხოვრებაში გონიერი რეტილიების რასას ეკუთვნოდა. ახლა კი ისინი კარგი, სასიამოვნო ადამიანები არიან. ერთ-ერთმა მათგანმა _ მოდით, ვუწოდოთ მას ეიბი _ ღრმა ჰიპნოზურ რეგრესიაში მყოფმა, თავისი გარეგნული იერი ასე აღწერა: `ჩემი ფეხები ქერცლითაა დაფარული, მათ მორუხო-მომწვანო ფერი აქვთ და ორი დიდი თითით მთავრდებიან. მთელი ჩემი სხეული მწერის სხეულს მომაგონებს, მაგრამ სიფათი ცხოველისას კი არა, არამედ უფრო ბრტყელ ადამიანურ სახეს წააგავს~.


ექიმის შეკითხვაზე, თუ როგორი შინაგანი შეგრძნებები აქვს მას ამგვარ სხეულში, ეიბმა უპასუხა, რომ მშვენიერი განწყობა აქვს და ძალიან ბედნიერ არსებად შეიგრძნობს თავს _ მთელ მის არსებას მუსიკა აღავსებს, რომელსაც უნდა მოუსმენს, უნდა თავის შიგნით შეასრულებს. მელოდიას კი იგი თავისი გემოვნებით არჩევს. მთელი მისი გარემოცვა თავისივე მსგავსი არსებებისგან შედგება. ამ არსებათა ყოფის ორგანულ ნაწილს კი მუსიკა და სხვა სასიამოვნო ხმები წარმოადგენს… მათი სიცოცხლის მიზანი _ სიხარულის განცდა და სხვებისთვისაც სიხარულის მინიჭებაა.
შემდგომი რეგრესიული სეანსის დროს ეიბმა დოქტორს განუცხადა, რომ მას ადამიანად ყოფნა უჭირს, რადგან ადამიანთა შორის ცხოვრება ძალიან მძიმეა.
`ალბათ, – დაამატა მან, _ ეს იმიტომ რომ ადამიანებმა გულითადობა დაკარგეს, დაკარგეს ახლობლის მიმართ დიდი და უანგარო სიყვარულის განცდა~.
დოქტორის თქმით, ადამიანთა საზოგადოებაში ეიბი თავს უცხოდ გრძნობს. იგი ამბობს, რომ თავს აქაურად კი არა, რაღაც სხვა სამყაროდან მოხვედრილად მიიჩნევს.
ასეთი მარტოსულები იშვიათი როდია _ სეანსის დროს დოქტორ ბილინგსის სხვა პაციენტებიც აცხადებენ, რომ ისინი არამიწიერი წარმოშობისანი არიან და აქ, ამ პლანეტაზე, მხოლოდ “გავლით” არიან.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close
Close