მეცნიერება

ვინ იყვნენ სტალინის საიდუმლო მრჩეველი მაგები?

დიდი ბელადი საკმაოდ დაინტერესებული გახლდათ ადამიანის პარანორმალური უნარებით.

 

თანამედროვე ისტორიკოსთა უმრავლესობის აზრით, _ მოგვითხრობს ინტერნეტწყარო, _ იოსებ ბესარიონის ძე სტალინი უაღრესად საღად მოაზროვნე ადამიანი იყო, რომელსაც არც ღმერთი სწამდა და არც ეშმაკი. ამბობენ, რომ ამავე დროს მას ლამის პარანოიდული ეჭვიანობაც ახასიათებდა. ასე რომ, შეუძლებელი იყო, ბელადს უყურადღებოდ დაეტოვებინა ხმები იმის შესახებ, რომ პარანორმალური უნარებით დაჯილდოებულ ზოგიერთ ადამიანს შეეძლო, სერიოზული ვნება მიეყენებინა თავისი მტრებისათვის ისე, რომ უშუალო კონტაქტში არ შესულიყო მათთან.
თვითმხილველები, რომლებიც სტალინთან ურთიერთობდნენ, ადასტურებენ, რომ იგი სიცოცხლის ბოლომდე იჩენდა ინტერესს ეზოთერული ლიტერატურისადმი, კითხულობდა შესაბამის თარგმანებს, მათ შორის, საბჭოთა კავშირში ფართოდ გასავრცელებლად აკრძალულ წიგნებს.. მათ არშიებზე სტალინი უამრავ შენიშვნას აწერდა..
თუმცა ბელადს არასოდეს მიუცია საბაბი საიმისოდ, რომ ეფიქრათ, თითქოს მას ამ წიგნებისა სჯეროდა. უფრო მეტიც, მან აკრძალა საკუთარი ყმაწვილობისდროინდელი ლექსების კრებულის საიუბილეო გამოცემა, რომელშიც ცხადად იკვეთება ეზოთერული და მისტიკური მოტივები. თუმცა, მიუხედავად ამისა, არსებობს ყველანაირი საფუძველი ვამტკიცოთ, რომ სტალინი, როგორც პიროვნება, შორს იყო „უდრეკი“ მატერიალისტის ხატ-სახისაგან.

გრძნეული ქალი ბელადისათვის

როგორც საკმაოდ ნაკითხმა ადამიანმა, სტალინმა, ცხადია, იცოდა, ოკულტურ წრეებში პოპულარული პრაქტიკის შესახებ. ეს პრაქტიკა ადამიანზე მისი სიმბოლური ფიგურეს, ანდა ფოტოსურათზე გარკვეული ქმედებების ჩატარებით საკმაოდ დიდი ზემოქმედების შესაძლებლობას იძლევა („ენვოლტირების პროცედურა“). ამგვარი ზემოქმედებისათვის წინააღმდეგობის გასაწევად კი უფრო ძლიერი და გამოცდილი მაგების მხარდაჭერა, მოხმობა იყო საჭირო.
არსებობს იმის მტკიცებულებები, რომ სტალინი ამ თემაზე ხშირად ესაუბრებოდა ხოლმე ლენინგრადელი კომუნისტების ბელადს _ სერგეი მირონის ძე კიროვს. სტალინი და კიროვი ხშირად ხვდებოდნენ ერთმანეთს, მით უმეტეს, რომ ადრე კიროვი დიდხანს მუშაობდა კავკასიაში. ერთხელ სტალინს კიროვისათვის ერთ-ერთ წიგნში ამოკითხული ლეგენდა უამბნია:
1590 წლის შემოდგომაზე პატარა შოტლანდიური სოფლის, ჩრდილო ბერვიკის, კუდიანებს ახალგაზრდა მეფის _ იაკობ მეექვსის _ გემის დასაღუპად ზღვაზე ქარიშხალი აუტეხიათ. ამრიგად, მეფეზე თავდასხმა მისი დამხობის მოსურნე დიდებულთა შეთქმულების შედეგად კი არ მოხდა, არამედ სუსტი ქალების მიერ, რომლებსაც იმ პერიოდში წესიერ ოჯახებში ზღურბლზეც კი არ შეადგმევინებდნენ ფეხს. არ არსებობს არანაირი მინიშნება იმის თაობაზე, რომ ამ საუბრის დროს იოსებ სტალინმა კიროვს სთხოვა, მისთვის მაგიისა და ჯადოსნობის შესაფერისი „სპეციალისტი“ მოეძებნა. როგორც ჩანს, სერგეი მირონის ძემ, რომელიც სტალინის მართლაც ახლო მეგობარი იყო, ეს საუბარი დაიმახსოვრა და ლენინგრადში დაბრუნებულმა ამ საკითხის მოგვარება დავალება ადგილობრივი უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელს დაავალა (სხვათა შორის, იგი შემდგომში კიროვის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით იქნა გასამართლებული).
მედვედს დიდხანს ძებნა არ დასჭირვებია _ მთელი ლენინგრადი იცნობდა „შთამომავლობით ალქაჯ“ ნატალია ლვოვას, რომელსაც, მართლაც, არაჩვეულებრივი უნარები და გამოცდილება გააჩნდა. უტყუარი ცნობები მის შესახებ ნაკლებად არის შემორჩენილი, თუმცა ქალაქში დადიოდა ხმები, რომ „ალქაჯს“ უჩვეულო მაგიური ძალა გააჩნდა.


დაწვრილებით ლვოვას შესახებ თავის მოგონებებში მხოლოდ ერთი მისი ცნობილი თანამედროვე ადამიანი საუბრობს და ეს ადამიანი პოეტი ანა ახმატოვა გახლავთ. ამ მანდილოსნებმა ერთმანეთი ჯერ კიდევ რევოლუციამდელ წლებში გაიცნეს და ხშირად სტუმრობდნენ ერთმანეთს. ახმატოვას მოწმობით, ლვოვას „მისნობისათვის“ საჭირო ნივთების მდიდარი ნაკრები ჰქონდა. მაგალითად, მას ყოველთვის ახლოს ედო ხოლმე, ეგრეთ წოდებული, „ატამი“ _ ეს იყო ბლაგვი, საკმაოდ მოზრდილი ორლესული შავტარიანი დანა, რომელსაც „თავად ალქაჯის სხეულიდან მომდინარე“ ფსიქიკური ენერგიის გარემო სივრცეში მიმართვისათვის გამოიყენებდა. როგორც ჩანს, ეს ინსტრუმენტი გრძნეულს საკუთარი „ჯადოსნობის ძალის“ უხილავ სხივში კონცენტრირებაში ეხმარებოდა. ახმატოვა უცნაური ორნამენტით შემკულ „წითელი ფერის შენადნობის“ ლამაზ თასსაც ასახელებს. ჩანს, იგი ძალიან ძველი უნდა ყოფილიყო. პოეტმა უბრალო თვალის შევლებით ვერ გამოიცნო, როდის და რომელი ხალხის მიერ იყო ეს თასი გაკეთებული. გარდა ამისა, მისნური რიტუალების ჩატარებისას, რომელთა ნაწილი ახმატოვამ მასპინძლის ნებართვით იხილა, ნატალია ლვოვა აუცილებლად იდგამდა თავზე ნახევარმთვარის გამოსახულებიან სპეციალურ ლითონის რგოლს. ჯადოსანს სხვა ნივთებიც ჰქონდა, რომლებიც მისი პრაქტიკის არსზე მიუთითებდა: ნაირფრად შეღებილი ჩხირები, ჩიტის გამხმარი თათები, სპილენძის მოოქროვილშესაკრავებიან ტყავის ყდებში ჩასმული ძველი წიგნები, პატარ-პატარა ქილები შინაური წამლებით და სხვაც ბევრი რამ. ცხადია, ახმატოვას ერთი სული ჰქონდა, იმ წიგნებში ჩაეხედა, მაგრამ რაღაც აკავებდა და მათი შეხებაც კი ვერ გაებედა.
ახმატოვა გრძნეულის უნარებზეც ყვება: „ნატალია ლვოვამ ჩემი თანდასწრებით კბილებით გამოუღრღნა ოთხი თვის ბავშვს თიაქარი. ეს იყო ნამდვილი ოპერაცია, პლუს მრავალი შელოცვა და რაღაც რთული რიტუალი. ბავშვი გამოჯანმრთელდა.“
და აბა, ფილიპ მედვედი ასეთ ფიგურას უყურადღებოდ როგორ დატოვებდა?

სახიფათო გასტროლები

დანამდვილებით არის ცნობილი, რომ 1930 წელს ნატალია ლვოვა სტალინის პირადი განკარგულებით მოსკოვში გამოიძახეს. დედაქალაქში მას გამოუყვეს ბინა ცენტრში, რაც იმ დროისათვის „მონარქის უზენაეს წყალობაზე“ მეტყველებდა: ცალკე საცხოვრებელი ფართი იმხნად მხოლოდ მაღალი თანამდებობის პარტიულ და საბჭოთა მუშაკებს, ორდენოსნებსა და თვალსაჩინო ადამიანებს ჰქონდათ. ცხადია, ლვოვა ბელდის საიდუმლო დავალებებს მზადყოფნით აღასრულებდა და გულმოდგინედ მუშაობდა.
მაინც რა სახის სამსახურის გაწევა შეეძლო სტალინისთვის „ჩამომავლობით მისანს“?
უწინარეს ყოვლისა, ეს იყო კონსულტაციები. მას შეეძლო ერჩია ბელადისათვის, როგორ დაეცვა თავი მაგიური ზემოქმედებისგან. ასე მაგალითად, ცნობილი სურათებისა და ფოტოების უმრავლესობაზე სტალინი კი არ არის გამოსახული, არამედ მისი ორეულები, ანდა გაკეთილშობილებული ხატ-სახე, რომელსაც მტრები ვერასგზით ვერ გამოიყენებდნენ ენვოლტირებისთვის. ხოლო ბელადის ერთადერთი ნამდვილი ფოტოსურათი, რომელსაც სტალინი სახსოვრად ჩუქნიდა სტუმრებსა და ნაცნობებს, აბსოლუტურად არის დაცული ნებისმიერი „მაგიური“ ზემოქმედებისაგან. ამ სურათზე ის ნახევრად შებრუნებულია, თვალებმოჭუტულია და ჩიბუხს უკიდებს. თვალები _ ოკულტური თვალთახედვით, ადამიანის ყველაზე მოწყვლადი ადგილი _ ამ სურათზე ბელადს დახრილი აქვს, ხოლო მისი, ეგრეთ წოდებული, „ენერგეტიკული კონტური“ ცეცხლით არის დაცული.
უფრო მეტიც _ გასაიდუმლოებული იყო სტალინის დაბადების ნამდვილი თარიღიც. შესაძლოა, ლვოვას, ან რომელიმე სხვა ოკულტისტის რჩევით, ბელადმა ეს იმიტომ გააკეთა, რათა გარეშე ასტროლოგებს მისი ბედი ვერ ეწინასწარმეტყველათ და ვერც მისი სისუსტეები გაეგოთ. არსებობს ვერსია, რომ „მისნის“ ცოდნასა და გამოცდილებას ბელადი მისნებთან და სხვა პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებთან საბრძოლველად იყენებდა, ცდილობდა არაპირდაპირი ქმედებებით გაეტეხა მათი ნება, დაემორჩილებინა ისინი, ეიძულებინა, საბედისწერო შეცდომები დაეშვათ. ამბობენ, თითქოს ნატალია ლვოვა, რომლის მაგიურ უნარებში ბელადს ეჭვი არ ეპარებოდა, მისი საიდუმლო ძალაუფლების მრისხანე იარაღად იქცა _ ძლიერ, საშიშ და იდუმალ იარაღად, რომლისგანაც საქმეში ჩაუხედავები თავს ვერანაირად ვერ დაიცავდნენ.
ლვოვას უჩვეულო უნარ-შესაძლებლობები კადრების შერჩევისასაც გამოიყენებოდა. ამასთან სწორედ კადრების შერჩევა იყო იოსებ სტალინის, როგორც სკპ (ბ) ცეკა-ის მდივნის მთავარი მოვალეობა. მოარული ხმების თანახმად, ლვოვას მიერ ბელადის მითითებით ჩატარებული ყოველი მაგიური სეანსის შემდეგ მთავრობასა და ბოლშევიკების პარტიის ხელმძღვანელობაში მოულოდნელი გადაადგილებები ხორციელდებოდა, რომელთა არსი გარეშეთათვის აუხსნელი რჩებოდა.
ნატალია ლვოვას შემდგომი ბედი ნისლითაა მოცული. შესაძლოა, იგი ლიკვიდაციას დაექვემდებარა, ან, შესაძლოა, სულაც ბუნებრივი მიზეზებით გარდაიცვალა. არც სტალინთან მისი კავშირ-ურთიერთობის შესახებ შემორჩენილა რაიმე, ასე თუ ისე, სერიოზული და სანდო დოკუმენტები. სამაგიეროდ, არსებობს საკმარისი ინფორმაცია ბელადის სხვა სპეციალურ კონსულტანტზე _ ვოლფ მესინგზე.

                              კრემლის უჩვეულო დაცვა


ექსტრასენსი და „მენტალისტი“ _ ვოლფ გრიგორის ძე მესინგი _ „ხალხთა ბელადთან“ თავისი საუბრების დეტალების შესახებ საკუთარ მემუარებშიც კი არ ყვება, თუმცა სხვა ყველაფერზე სიამოვნებით ტრაბახობს. საარქივო მასალები იმაზე მეტყველებს, რომ ასეთი შეხვედრები არ ყოფილა. მაგრამ ვარდენ ლევის ძე სტრონგინის მონოგრაფიის _ „სტალინი და ნათელმხილველი ვოლფ მესინგი“ _ საფუძველზე შეგვიძლია, გარკვეული წარმოდგენა შევიქმნათ იმ „განსაკუთრებულ“ დავალებებზე, რომლებსაც ტელეპატი კრემლის ხელმძღვანელობისათვის ასრულებდა. სტრონგინი მესინგის ლავრენტი ბერიასთან საუბრის რეკონსტრუირებას ახდენს:
„თქვენ ერთგულად ემსახურებით დიდ ბელადსა და ყველა ხალხის მასწავლებელს. მე თქვენზე ნაწყენი არ ვარ. სტალინი კიდევ გნახავთ. ამაში ეჭვი არ მეპარება. ხოლო ჩვენი შეხვედრის სახსოვრად მე მითითებას მივცემ თქვენი საკონცერტო განაკვეთის გაზრდის თაობაზე.
_ მე უმაღლესი განაკვეთი მაქვს, _ უთხრა მესინგმა.
_ პერსონალურს მოგცემთ!“ _ კონცერტების საბუღალტრო საქმეებში საოცარი ჩახედულობა გამოიჩინა ბერიამ, _ საგასტროლო დანამატსაც მოგცემთ.
_ დანამატს მიხდიან.
_ მაშინ კიდევ ორმოცდაათ პროცენტს ოსტატობისათვის მიიღებთ! _ კეთილისმყოფელის იერით განაცხადა ბერიამ, _ ოღონდ, თუ ბელადის ჯანმრთელობაში აშკარა გადახრას შეამჩნევ, უმალ შემატყობინეთ.
_ სტალინს თავისი ექიმები ჰყავს, _ შენიშნა მესინგმა.
_ დღეს ექიმები, ხვალ კი _ მკვლელები! ვხუმრობ! _ გვერდულად გაიღიმა ბერიამ და პირველ მცველამდე მიაცილა მესინგი. _ ჩემი მანქანით მიიყვანეთ სახლში!“

ამრიგად, ბერიამ მესინგი მიახვედრა, რომ საბჭოთა კავშირში მისი მთავარი სამუშაო იქნებოდა არა საესტრადო გამოსვლები, არამედ „ბელადის ჯანმრთელობისათვის“ თვალის დევნება. მაგრამ მესინგს რა დახმარება შეეძლო ამ შემთხვევაში, მას ხომ სამედიცინო განათლებაც კი არ ჰქონდა? ალბათ, ერთადერთი დახმარება ის იყო, რომ „მენტალისტს“ სწორედ იმის დანახვა და შემჩნევა შეეძლო, რასაც ვერცერთი ექიმი ვრ დაინახავს, კერძოდ კი _ დამანგრეველი ფსიქოფიზიკური ზემოქმედების შედეგების, ბელდის მატერიკაში მსუბუქი დარღვევების, მისი ქცევის შეუსაბამობისა გარკვეულ ეტალონთან.
საკუთარი არაორდინალური დაკვირვების უნარის წყალობით, მესინგი ცნობილი ილუზიონისტი გახდა: იმავე დაკვირვების უნარს შეეძლო სტალინის დაცვა მის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე არახილული ზემოქმედებისგან.
საინტერესოა, რომ კრემლის „მაგიური“ დაცვითი სტრუქტურის შექმნაზე მუშაობა ყველა შესაძლო მიმართულებით მიმდინარეობდა. მაგალითად, ომამდე გრაფოლოგია (ანუ ფსიქოლოგიური პორტრეტის შედგენა ხელწერის მიხედვით) მაგიის ერთ-ერთ ნაისახეობად ითვლებოდა და სერიოზული ადამიანები მეცნიერებად მიიჩნევდნენ მას. ამ ყველაფრის შესახებ ანტონ პერვუშინი მოგვითხრობს ინტერნეტწყაროში. მაგრამ საბჭოთა ხელმძღვანელობა სხვაგვარად ფიქრობდა და ყველანაირად „აპურებდა“ პროფესიონალ გრაფოლოგებს და, ასე ვთქვათ, მოკლე სადავით ეჭირა ისინი. სამწუხაროდ, ამომწურავი საბუთები, რომლებშიც ესოდენ უჩვეულო სპეცსამსახურის შექმნასთან დაკავშირებული რაიმე დაწვრილებითი ცნობა იქნებოდა, დღემდე ვარავინ მოიპოვა. ალბათ მათ ვერც ვერასოდეს მოიპოვებენ და კრემლის „მაგების“ საიდუმლო ლამაზი, დამაინტრიგებელი ქალაქური ლეგენდების რიცხვში დარჩება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close
Close