მეცნიერება

მართლაც, დაუჯერებელი ისტორია

მამა გიორგი ბასილაძის გახსენება

ჟურნალ „ფენომენის“ იანვრის ნომერში თბილისელი ახალგაზრდა – თიკო ბლიაძე -მოგითხრობთ თავის თავს გადახდენილ, მართლაც, დაუჯერებელ, აქამდე უცნობ ისტორიას მოწამეთელი მამა გიორგის (ბასილაძე) შესახებ. გთავაზობთ შემოკლებულ ვარიანტს:
თიკო ბლიაძე: „თავდაპირველად მის შესახებ ჩემი ბიძაშვილი სოფოსგან შევიტყვე. ჩემი პირველი ინტერესი სოფოს ზარმა გამოიწვია. ერთხელ, როდესაც ჩემი ბიძაშვილი სოფო და მისი მეგობარი ქუთაისში ჩავიდნენ, მობილური ტელეფონი ტაქსში დარჩათ. მათ მოილოცეს წმ. მოწამე დავით და კონსტანტინეს სახელობის ტაძარი და უკან დაბრუნება სურდათ. რა თქმა უნდა, არაფერი იცოდნენ ტაქსის მძღოლის შესახებ და ტელეფონიც თავისთავად დაკარგულად ჩათვალეს.
გზაზე შეხვედრიათ ღირსეული გარეგნობის, თეთრ თმა-წვერ დაფერილი, მადლიანი თვალებით მომზირალი მამაო. სოფო და ანასტასია მისკენ ლოცვა-კურთხევის აღების მიზნით გაემართნენ. მამაომ დალოცა ისინი, მცირედ გაესაუბრა და გამომშვიდობებისას ტაქსი თვითონ გაუჩერა. დაძრულ ტაქსში სოფომ და ანასტასიამ ,,დაკარგული’’ ტელეფონი იპოვნეს. ეს მამაო იყო ზუსტად გიორგი ბასილაძე. სოფოსთან საუბარში ისიც გავარკვიე, რომ წლების უკან მამა გიორგი ბიძაჩემთან დაბა ახლდაბაში ყოფილა მისული და ერთი ღამით დარჩენილა კიდეც. ამის შემდეგ ეკლესიურ ცხოვრებასთან შორი-ახლოს მყოფი ბიძაჩემის ოჯახმა უკვე სხვანაირად შეხედა თავის სულიერ ცხოვრებას.
ამ საუბრის მოსმენის მერე სურვილი გამიჩნდა, მენახა მამაო. მაშინ არც არაფერი მაწუხებდა და არც არაფერს ვეჭვობდი. უბრალოდ გადავწყვიტე, გამეცნო იგი. სამსახურის მერე პირდაპირ ქუთაისისკენ ავიღე გეზი. დავუკავშირდი მამაოსათან დაახლოვებულ ტაქსის მძღოლ ბადრის და თან გზაში გამოვკითხე, თუ რა უყვარდა მამაოს. შავი პური და ტკბილეული წავუღე. წვიმიანი დღე იყო, მაგრამ კელიასთან მაინც უამრავი მიმსვლელი იცდიდა.. ხვიჩამ ჯერ წმ. დავით და კონსანტინეს ტაძარი მომალოცვინა. ამასობაში ჩემი რიგიც მოვიდა და კელიაში შევედით. ჩემთან ერთად ერთი ქალიც იყო, რომელმაც ასევე შავი პური და ტკბილეული დაულაგა წინ. სიცილით უთხრა მამაომ:
_რა იყო, შე ქალო, თეთრი პური არ მეჭმევა, გგონია?….
თვალები გამიფართოვდა გაოცებისგან. როცა მარტო დავრჩით,
მეკითხება:
_რაზე მოსულხარ, თუ იცი?
ასეთი რამ არასდროს დამმართნია _ ენა ჩამივარდა და მუნჯივით დავდექი. აი, ჩემს ფიქრებს კი მამაო ხმამაღლა სცემდა პასუხებს. მერე, ჩემდა უნებურად, ამოვილუღლუღე: სხვა მამაოებისგან შორს ვარ.. მწამს უფლის, მამა გაბრიელისა და პატრიარქის-მეთქი. ჯერ გაეღიმა და მერე გაბრაზებული იერით თქვა, უყურე ერთი ამასო. დიდხანს ვისაუბრეთ. მერე ღვინო დამალევინა და წამოსვლისას ასევე პური და ღვინო გამომატანა. კარებთან მისულს მომაძახა:
_ისეთ დროს მოხვალ ჩემთან, რომ ვერც წარმოიდგენ..…….
გავიდა ხანი, მე მისი წიგნები წავიკითხე, დავინტერესდი სხვა სასულიერო ლიტერატურითაც. ცოტა ხანში მივხვდი, რომ ჯანმრთელობა შემერყა, მერე გამიუარესდა და თანდათან მძიმდებოდა. მკერდი და საკვერცხე დამიჩირქდა. დამეწყო საშინელი ტკივილები. სახლში ვერ ვამხელდი, რომ არ ენერვიულათ. ერთ დღესაც ჩემი მეგობარი შოთა მესხი მხვდება გზაში და მამა გიორგის ნათქვამს მეუბნება (მას შოთასთვის უთქვამს) -,,ან მოვიდეს ჩემთან და უფლის გზაზე მოტრიალდეს, ან მატლები დაესევა მის სხეულსო’’. შეშინებული წავყევი ქუთაისში. კელიაში შესული რომ დამინახა, მამაო ფეხზე წამოდგა და გაბრაზებულმა მითხრა:
_ხომ გითხარი, დრო მოვა და ჩემთან მოხვალ-მეთქი, ნუთუ უფლის გზაზე ყოფნას ჯოჯოხეთი გირჩევნია?
გამახსენდა ჩვენი პირველი შეხვედრა, საუბარი, მისი დარიგებები, რომლებიც ვერ შევასრულე და ვნანობ დღემდე.
მამა გიორგიმ ხის ჯვარი გამომიწოდა. ჯვარს ვემთხვიე და უცებ გულის რევის შეგრძნება დამეწყო. ვიფიქრე, გამივლის-მეთქი და არ შევიმჩნიე. ცოტა ხანში ისე გამიმძაფრდა ეს შეგრძნება, რომ მოვიბოდიშე და გარეთ გასვლა ვითხოვე.
_გარეთ ვერ გახვალ, _ მტკიცე ხმით მითხრა მამაომ.
_ჯამი მოუტანეთ, ჩქარა, _ხმამაღლა თქვა.
მორჩილმა მომიტანა ჯამი და ცოტა ხანში ჯამი სისხლით გავავსე _ სისხლს ვაღებინებდი. უხერხულობისგან ცუდად გავხდი. მამა გიორგიმ კი თავზე ხელი დამადო და ლოცვა დაიწყო. ჩემი თანმხლები შოთა პირს მწმენდდა და შეშინებული მიყურებდა. ცოტა ხანში პირღებინება შემიწყდა.
_ეეხ, შე გაჭირვებულო, ეს რა დღეში ყოფილხარ, ამისთანა კარგ გოგოს მეტასტაზები მოგმრავლებია ორგანიზმში ბოროტის საზეიმოდ, როგორ შემეცოდე, _ თქვა მამა გიორგიმ და კიდევ დამადო ჯვარი თავზე. ამის შემდეგ მეორე ჯამიც გავავსე სისხლით.
ჯამი წაიღეს და გარკვეულ ადგილას გადაასხეს.
_ეს სისხლი მეტასტაზებით იყო სავსე. ახლა ის აღარ შეგაწუხებს, თუკი ღმერთისგან პატიებას და სულიერ საკვებს ითხოვ..
_მე ვილოცებ შენს ჯანმრთელობასა და სულიერ სიძლიერეზე, შენც დამეხმარე და ყველაფერი კარგად იქნება, _ ამბობდა მამაო.
შემდეგ მამაომ ონკოლოგთან გამაგზავნა. მივედი აღრიცხავზე და პარალელურად ვმკურნალობდი ონკოლოგიურ ცენტრშიც. სასწაული კი ის იყო, რომ ყოველი ახალი კონსულტაციისთვის მისულს, ექიმს გაოცებისგან პირი ღია რჩებოდა ჩემი ანალიზების გამო, აღარ იცოდა, რა ეთქვა. მამა გიორგი ჩემზე ლოცულობდა და ჯანმრთელობის პარაკლისებს მიტარებდა. ვსვამდი მამა დავითის (გიორგი ბასილაძის სულიერი შვილი) დამზადებულ წამალსაც. მამა დავითს (რიჟამაძე) კურნების ნიჭი ღვთისგან აქვს ბოძებული. ამ პერიოდში ვისვამდი მამა გაბრიელის ზეთსაც, რომელმაც საოცრება მოახდინა. ქუთაისში მამაოსთან ხშირად ჩავდიოდი. ძალიან ბევრს მესაუბრებოდა სულიერ ცხოვრებაზე, უფალზე, ჩემი ამქვეყნიური ცხოვრების არსზე.

,,შენ 25 წლის შემდეგ მონასტერში იცხოვრებო’’, _ ერთხელაც, საუბრისას, მოულოდნელად მითხრა. მე ვიუარე _ ,,მამაო, ჩემი გადასახედიდან მონაზვნური ცხოვრება რთულია და ეგ მე არ მინდა- მეთქი’’. მამაომ თავის თეთრ წვერზე ხელი დინჯად ჩამოისვა და თბილად მითხრა:
_უფლის ნებას წინ ვერაფერი აღუდგება.. თუ არ გინდა, მონაზონი ნუ გახდები, მაგრამ უფალს ემსახურეო.
ერთ დილას შოთას ზარი მაღვიძებს _ “გოგო, მამაომ მითხრა შენზე, დღეს ნურსად ნუ წავა სხვაგან, ექიმთან მივიდეს სასწრაფოდო“. მე სამსახურში სასწრაფო საქმე მქონდა და უგულვებელვყავი მისი ნათქვამი. მაინც წავედი სამსახურში. იქ მისულს საშინელმა ტკივილმა დამიარა მუცლის არეში, მერე წვა ვიგრძენი და გულწასული ძირს დავეცი. კოლეგებმა სასწრაფო დახმარებას გამოუძახეს და კლინიკაში გამაქანეს. იქ საწრაფოდ გამიკეთეს საკვერცხის ოპერაცია. ოპერაციის პროცესში ვხედავდი, თავზე როგორ მედგა მამაო და ჩემი ხელები ეჭირა. ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. როგორც კი მოვმჯობინდი, მაშინვე მოწამეთას გავეშურე. მამაო გახარებული ჩამეხუტა. ,,შენი მეტასტაზები საკვერცხეში მოვათავსე და ის რომ გამსკდარიყო, წყალში ჩამეყრებოდა ყველაფერი, შენი დაუჯერებლობის გამოო,” _მითხრა. მერე კიდევ ბევრი რჩევა-დარიგება მომცა. გამომშვიდობებისას ,,სხვათაშორის’’ მითხრა: ,,შენ რომ ჩემს საფლავზე მოხვალ, ერთ სასწაულს განახვებო’’. შევკრთი, არ მესიამოვნა. ,,ეეჰ, რას იზამ, ანიჩკა, მე იმ დროს გავალ ამ ქვეყნიდან, ელია წინასწარმეტყველი რომ მოვაო.’’
წამოვედი და თავში გამუდმებით მიტრიალებდა მისი ნათქვამი. 29 აგვისტოს მე, ჩემი დეიდაშვილი და მეგობრები ქუთაისში წავედით. 30-ში მამაოს დაბადების დღე იყო და ჩვენ საჩუქრის არჩევაზე გვქონდა ბჭობა. თორნიკე იძახის, მას სახარება თავში აქვს და მოდი ფარი და ხმალი ვუყიდოთ სიმბოლურადო. მე თბილი სვიტერი მინდოდა მისთვის საზამთროდ. ბოლოს ღვთისმშობლის ხატზე გავაკეთეთ არჩევანი და ფარ-ხმალიც ავიღეთ სიმბოლურად. კელიაში შესულებმა ძლივს ამოვილუღლუღეთ: მამაო, ხვალ თქვენი დაბადების დღეა, ჩვენ ხვალ ვერ გნახავდით და დღეს მოგილოცავთო. “პირველები ხართ, ვინც მომილოცეთო”, _ თქვა და თვალები ცრემლებით აევსო. საჩუქრები გავხსენით. ხმალი დიდხანს ატრიალა ხელში. “ამით ოსმალოს უნდა შევებრძოლოო,”_ დაიძახა და ყველა გაგვაცინა. შეფუთული ხატიც გავხსენით.. “ვაიმე, რამდენი ხანია ამ ხატს ვეძებდი, ამაზე სერაფიმ საროველი ლოცულობდაო.’’
გავიდა რამდენიმე თვე. ჩასვლაზე საუბარი ზედმეტია, არც კი დამირეკავს. გადავაბიჯე ჩემს მოუცლელობას და ხვიჩასთან დავრეკე მამაოს მოსაკითხად (ხვიჩა მამაოს სულიერი შვილია). ხვიჩამ მამაო საავადმყოფოშია, გათიშულია და აპარატზეა შეერთებულიო. ტელეფონი შერცხვენილმა და სასოწარკვეთილმა გავთიშე. დიდმა ტკივილმა მომიცვა. მეორე დღესვე წავედი მის მოსანახულებლად. ადგილზე ხვიჩა დამხვდა _ “მამაოს მთელი თავი სისხლით აქვს სავსე, მედიცინისთვის წარმოუდგენელია და აუხსნელი, ამ მდგომარეობაში ადამიანი, როგორ სძლებს ამდენი ხანიო. ცნობილმა ნეიროქირურგებმაც ვერ ახსნეს ეს ფაქტი. ხელის მოკიდებაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტიაო’’.
მამაო დაკრძალვის დღესაც თბილი, თბილი იყო. ერთხელაც მე და ჩემი კოლეგები რაიონში ვიყავით, გზად გავაჩერებინე და მამაოს საფლავზე გადავუხვიე ტაქსით. საღამოა, 8 საათზე მეტი იქნება, მზე ჩასულია, მაგრამ მამაოს საფლავზე რაღაც უცნაური ნათება დამხვდა. უცებ მისი ნათქვამი გამახსენდა, ჩემს საფლავზე რომ მოხვალ, ,,რაღაცას’’ გაჩვენებო”. 
კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close
Close