მეცნიერება

უნდა გვესმოდეს, როდის მღვდელია საჭირო და როდის _ ფსიქიატრი

ცნობილი ფსიქიატრის _ ვასილ კალედას _ ლექცია თემაზე: ფსიქიატრია და სულიერი ცხოვრებ

 

ცნობილმა ფსიქიატრმა ვასილ კალედამ მოსკოვის ერთ-ერთ ტაძარში ინტერნეტგამოცემა “მართლმადიდებლობა და სამყაროს” რედაქციასთან შეხვედრაზე ლექცია წაიკითხა. ლექცია ძალიან საინტერესოა, რადგან დღესდღეობით საკმაოდ დამაფიქრებელ თემას _ ფსიქიატრიისა და სულიერი ცხოვრების პრობლემებს ეხება. გთავაზობთ ამ ლექციის მეორე ნაწილს.

ორი უკიდურესობა

სასულიერო პირის _ ალექსანდრე ილიაშენკოს _ შეკითხვა:
ხშირად სულიერი და სამშვინველის დაავადებები ძალიან ჰგვანან ერთმანეთს. არის შემთხვევები, როცა სულიწმიდის გმობა დემონური ზემოქმედების შედეგია.. არის შემთხვევები, როცა საქმე გვაქვს ფსიქიკურ დაავადებასთან.
თუკი ასეთი ადამიანი ჩემთან მოვიდა, მე მას ასე ვეტყოდი: ეს აზრები შენი არ არის, ეს სრულიად ცხადია. შენ აბსოლუტურად აქ დამნაშავე არა ხარ, ნურაფრის გეშინია, ეს არ არის სულიწმიდის გმობა, იმიტომ რომ თავი შენია, ტვინი შენია, ფიქრები კი შენი არ არის. ეს აზრები ბოროტმა მოგაწოდა. ილოცე, იბრძოლე.. რამდენად ადეკვატურია ასეთი მიდგომა? თუ ასეთი დროს ექიმთან უნდა გავაგზავნოთ?

ვასილ კელედას პასუხი:
ჩვენს განხილულ შემთხვევაში ავადმყოფი ფსიქიატრიულიდან გამოეწერა, ამიტომაც მას ფსიქიატრთან სჭირდებოდა ვიზიტი. დღეისათვის სრულიად მკაფიოდ შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ყველა ეს კონტრასტრული აზრები მაინც ექვემდებარებიან განსაზღვრული ფარმაკოთერაპიის ზემოქმედებას და მკურნალობას საჭიროებენ, რადგან, როგორც წესი, ყველა მათგანს თანაბრად ახლავს ამა თუ იმ ხარისხით გამოხატული დეპრესიული მოშლილობანი.
რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის სოციალური კონცეფციის საფუძვლებში საკმაოდ მკაფიოდაა ნათქვამი, რომ არსებობს ორი უკიდურესობა: პირველი _ ყველა ფსიქიკური მოშლილობა დემონური ზემოქმედებით ახსნა; მეორე _ სრულიად უარყო დემონური ზემოქმედების არსებობა.
დემონური ზემოქმედება რეალურად არსებობს. და არსებობს `დემონთშეპყრობილობის სინდრომი~ ფსიქიატრიაშიც _ ამ დროს ადამიანი ამტკიცებს, რომ იგი შეპყრობილია დემონებით, რომ სწორედ ისინი ზემოქმედებენ მასზე.. პაციენტი ჰყვება, თუ როგორ ზემოქმედებენ ეს არსებანი მასზე ფიზიკურად, ახტებიან, ეხვევიან და ასე შემდეგ. ეს აღწერილობა მსგავსია წმინდა მამათა აღწერილობისა. მაგრამ მიუხედავად ამისა, თითოეული ასეთი შემთხვევა ინდივიდუალურად უნდა განიხილონ.
სულ ახლახან ერთი ჩემი ნაცნობი მღვდელი, ძალიან განათლებული და პატივცემული, ათონის წმინდა მთას ესტუმრა. ესტუმრა თავის მეგობართან, ძალიან წარმატებულ ბიზნესმენთან ერთად. გასაგებია, რომ ეს ადამიანი თავისი სტრუქტურით საკმაოდ რაციონალური გახლავთ. ათონზე ისინი წმინდა პანტელეიმონის სახელობის რუსულ მონასტერში ცხოვრობდნენ, დადიოდნენ ღვთისმსახურებაზე.. წირვები იქ საკმაოდ ადრე იწყება და გადაწყვიტეს, რომ დილაადრიანზე კი არ წასულიყვნენ, არამედ ცოტა მოგვიანებით ჩატარებულს დასწრებოდნენ. მამაო გამთენიისას, ასე დილის 5 საათისკენ, გააღვიძა იმან, რომ მისი მეზობელი ადგა, ხელებით რაღაც მოძრაობები გააკეთა, ჩაიცვა და წავიდა. სულ რაღაც ერთ წუთში მამაომ იგრძნო, რომ რაღაც თავს დაესხა. იგი მისგან დაცვას შეეცადა _ ხელი პირჯვრის გადასაწერად გაიწვდინა, გადაიწერა და… ეს მოვლენაც შეწყდა. მამაო სულ რამდენიმე წუთი იწვა, მაგრამ გარკვეული ხნის მერე კი ეს ამბავი კვლავ განმეორდა. გასაგებია, რომ ასეთ სიტუაციაში უნდა ადგე და ღვთის ტაძარში წახვიდე. მანამ მამაო სულიერი ძმების კორპუსისაკენ მიდიოდა, ეს მოვლენა კვლავ და კვლავ მეორდებოდა. ამასობაში იგი ტაძარში შევიდა, იქ თავის ნაცნობს შეხვდა და გაკვირვება გამოხატა. ბიზნესმენმა უპასუხა: ბოლოსდაბოლოს, ათონის მთაზე ვიმყოფებით, ასეთ ადგილას, გამოძინებას კი მოსკოვშიც მოვასწრებთო.
გარკვეული ხნის შემდეგ მათ ისაუბრეს და გაირკვა, რომ მის თანამგზავრსაც ზუსტად მსგავსი ამბავი შეემთხვა თურმე. როგორ შეიძლება ასეთ ამბავს მოეკიდო?
პირველი _ მე ძალიან კარგად ვიცნობ მღვდელს, ამ ადამიანს.. გასაგებია, რომ ადამიანები თავიანთი ფსიქიკური სტრუქტურით განსხვავებულნი არიან ერთმანეთისაგან. არსებობენ ძალიან ემოციური ადამიანები, ძალიან მდიდარი ფანტაზიით. წავა ასეთი კაცი ღამით სასაფლაოზე და იქ აუცილებლად რაიმეს დაინახავს, ანდა მოისმენს. თუკი ასეთ ადამიანს ეტყვი, ათონის მთაზე მიდიხარო _ ათონზე კი უამრავი სხვადასხვანაირი ამბები ხდება _ მაშინ მას ასეთი თავგადასავალი, სავარაუდოდ, 99%-ის ფარგლებში გადახდება თავს. მაგრამ ეს მღვდელი ასეთების კატეგორიას არ ეკუთვნოდა _ მე მზად ვარ ეს დავადასტურო _ და არც მისი მეგობარი ბიზნესმენი ეკუთვნოდა ასეთ კატეგორიას. ეს იმის კლასიკური მაგალითია, რომ წმინდა ადგილებში ბრძოლები გვხვდება.


როცა უფალი მიწაზე იყო, ეს ყველაფერი მასობრივი მოვლენა იყო, საერთოდ ასეთი გამოვლინებანი სიწმინდესთან ახლოს ყოველთვის ხდება.
გარეგნულად ამის მსგავსი მოვლენანი გვხვდება ფსიქიატრიულ პრაქტიკაშიც _ ამ დროს ავადმყოფი ჰყვება რაღაც-რაღაცებს _ როგორ გრძნობს თავის თავზე ზემოქმედებას, როგორ ჩასჩურჩულებენ ბნელი ძალები, როგორ უსახლდებიან სხეულში, მასში წრიალებენ მასში, ხტუნაობენ და ასე შემდეგ..
ახლახან ერთი ავადმყოფი მყავდა, რომელსაც სხვადასხვა შეგრძნებები ჰქონდა. ამბობდა, რომ მასში ბნელი ძალა ცხოვრობს, რომელიც `მუშტებით უბრახუნებს ხან ღვიძლზე, ხანაც ზურგში.~ როცა იგი მეტროში ჩადიოდა, ეს ძალები მისგან გამოდიოდნენ და იგი ხედავდა, თუ როგორ ციმციმებდა რაღაც მის გარშემო. ეს შემთხვევა განვიხილეთ სამოძღვრო ფსიქიატრიის მეცადინეობებზე მღვდელმსახურებსა და სტუდენტებთან ერთად. ჩვენ დავასკვენით, რომ ეს მდგომარეობა – ფსიქიკური დაავადებისა და ფსიქოთიკური განცდების გამოვლენა იყო, რომელთაც სულიერი საფუძველი კი არა აქვთ, არამედ ბიოლოგიური, მაგრამ სულიერი დაავადების შეფერილობა გააჩნიათ.

ავატარი

ავადმყოფები, რომლებიც ფსიქოზის მდგომარეობაში იმყოფებიან, აღიქვამენ იმას, რაც მათ გარშემო ხდება, რაც მათ გარსმომცველ სამყაროშია. ახლახან ჩემთან კონსულტაცია გაიარა ერთმა ავადმყოფმა, რომელიც თავს ავატარად თვლიდა. გახსოვთ, ალბათ, ცნობილი ფილმი, სახელად `ავატარი~. პაციენტი მიიჩნევდა, რომ აქ არის, ჩვენს პლანეტაზე, მაგრამ ავატარია, ანუ შესაბამისად, სადღაც სხვაგან მისი სრულიად სხვა სხეულიც იმყოფება. მან ნახა ეს ფილმი და, როცა ფსიქოზი განუვითარდა, ბოდვითი მოშლილობისათვის თემატიკა სწორედ ამ ფილმიდან ისესხა. რაღაც გარკვეულ ეტაპზე იგი თვლიდა, რომ მთლიანად ავატარია, ზოგჯერ კი მიიჩნევდა, რომ ერთდროულად ორ სამყაროში ცხოვრობდა.
მყავს ისეთი ავადმყოფიც, რომელიც ზოგჯერ, ავადმყოფობის შეტევისას, თავს `ჩებურაშკად~ მიიჩნევდა და ნიანგ გენას ხმაც კი ესმოდა, ზოგჯერ კი უკვე ბნელი ძალების ზემოქმედებას ექვემდებარებოდა. ანუ რა ხდებოდა? _ ერთ შემთხვევაში, პაციენტის ბოდვითი განცდების თემატიკა საბავშვო მულტფილმთან იყო დაკავშირებული, ხოლო სხვა დროს კი რელიგიურ თემატიკასთან. ახლახან კიდევ ერთი ავადმყოფი მყავდა, რომელიც ამტკიცებდა, რომ მის სისხლში ცირკულაციას ნანორობოტები ახდენენ.
რაც შეეხება ბნელ ძალებს, მაცხოვარმა მათ შესახებ თქვა, ეს მოდგმა მხოლოდ მარხვითა და ლოცვით განიდევნებაო. როცა ჩვენ სამშვინველის დაავადებებზე ვსაუბრობთ, მაშინ ასეთი სიმპტომები ფარმაკოთერაპიის ფონზე ქრებიან _ მედიცინაში არის პრეპარატების ეფექტურობის მიხედვით დიაგნოსტირების მეთოდი. კლასიკური მაგალითია _ სტენოკარდია, სხვადასხვა ტკივილები მკერდთან, რომლებიც ნიტროგლიცერინის მიღების შემდეგ გაივლიან. და როცა ფსიქიკურ მოშლილობებზე ვსაუბრობთ, თუკი ასეთი მდგომარეობანი ჩვენი თერაპიის ფონზე გაივლიან, მაშინ ეს ერთ-ერთი სადიაგნოსტიკო ტესტით გამოვლინდება.
და ბოლოს, დიმიტრი მელეხოვის გარდა, მინდა სამოძღვრო ფსიქიატრიის სხვა ფუძემდებელიც გავიხსენო _ პარიზის მართლმადიდებლური ინსტიტუტის პროფესორი, არქიმანდრიტი კიპრიანე (კერნი). მის შრომებში სამოძღვრო ღვთისმეტყველების შესახებ არის ერთი თავი, რომელსაც ასე ჰქვია _ `სამოძღვრო ფსიქიატრია~. მას ამ თავში შესანიშნავი სიტყვები აქვს:
`ასკეტიზმი გვაძლევს ბრძნულ, ეკლესიის მამებისა და მასწავლებლების მიერ შეძენილ რჩევებს ცოდვებისა და ჩვენს ნაკლოვანებათა კურნებისათვის – ამპარტავნების, ვერცხლისმოყვარეობის, განდიდების, ნაყროვანების, მრუშების და სხვათა წინააღმდეგ. ფსიქიატრია კი ეძებს ადამიანის იმ სულიერი მდგომარეობების მიზეზებს, რომლებიც ფესვგადგმულნი არიან სულის იდუმალ წიაღებში, ქვეცნობიერებაში, ადამიანური არსების მემკვიდრეობით თუ კეთილშეძენილ წინააღმდეგობებში.. ფსიქიატრია თავის ყურადღებას მიაპყრობს იმას, რაც ასკეტიკას არსებითად არ აინტერესებს _ აკვიატებული იდეებს, ფობიებს, ნევრასთენიებს, ისტერიებსა და ასე შემდეგ.
არქიმანდრიტი კიპრიანე თვლიდა, რომ ~…არსებობენ ისეთი სულიერი მდგომარეობანი, რომელთა განსაზღვრაც ზნეობრივი ღვთისმეტყველების კატეგორიებით შეუძლებელია და რომლებიც არ განეკუთვნებიან სიკეთისა და ბოროტების მცნებას, ზნეობრიობას, ანდა ცოდვას. ეს ყველაფერი – `სულის ის სიღრმეებია~, რომლებიც ფსიქოპათოლოგიურ სფეროს მიეკუთვნებიან და არა ასკეტურს. შემდგომ იგი შენიშნავდა, რომ `ფსიქიატრიისა და ზნეობრივი ღვთისმეტყველების სფეროები არ ემთხვევა ერთმანეთს, რადგან ერთისათვის ხშირად ზოგი რამ სულის გამოცანაა, მაშინ, როცა მეორე ამ ყველაფერს წყვეტს ერთი უბრალო განსაზღვრებით _ `მძიმე ცოდვები~. მამა კიპრიანე თვლიდა, რომ მოძღვარს თავად ერთი-ორი წიგნი მაინც უნდა ჰქონდეს წაკითხული ფსიქოპათოლოგიური დაკვირვების შესახებ, `რათა ხელაღებით ცოდვად არ განუსაჯოს ადამიანს ის, რაც, თავისთავად, მხოლოდ სულიერი ცხოვრების ტრაგიკული გამრუდებაა, გამოცანაა და არა ცოდვა, სულის იდუმალი სიღრმეებია და არა ზნეობრივი წახდენა~.
მამა კიპრიანე ასეთ კითხვას სვამდა: `არის თუ არა დაავადება ბოროტება?~ `იმაში, რომ იგი პირველქმნილი ცოდვის შედეგია, ეჭვის შეტანა არ შეიძლება. მაგრამ არის თუ არა თავისთავად ავადმყოფობა ბოროტება, რომელიც ეკლესიურად მხოლოდ ეპიტემიებს ექვემდებარება? და შეიძლება თუ არა, ნევრასთენიას მხოლოდ ასკეტიკური საშუალებებით ვუმკურნალოთ? დგას თუ არა ეს ნევრასთენია, ანდა მანიაკალური მდგომარეობა, იმავე ხაზზე, სადაც ვერცხლისმოყვარეობა, ანდა ამპარტავნებაა? …და წმინდა ფსიქოპათოლოგიის შემთხვევებიც, ამა თუ იმ ცოდვებისა არ იყოს, ანდა სულაც მოყვასის განკითხვის ცოდვისა, ყველანი პირველქმნილი ცოდვის შედეგია. მაგრამ არ შეიძლება, ყველა ეს შედეგი ცოდვის მხოლოდ ერთი მცნების ქვეშ მოვაქციოთ. ცოდვა ამ მოყვანილი მაგალითებიდან მხოლოდ მესამეა, მაგრამ მამა კიპრიანე ფსიქიატრის მოწვევას კი არ გვირჩევდა ტაძარში, არამედ იმას, რომ თავად მღვდელს შეესწავლა ფსიქიკური დაავადებების ფსიქოპათოლოგია. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში იგი მოგვიწოდებდა, გვემოქმედა განსაკუთრებული სიფრთხილით, …თანაგრძნობით, ყურადღებითა და შინაგანი ტაქტით.

შეხედულებანი რადიკალურად შეიცვალა

საერთოდ, ამ საკითხზე ოფიციალური თვალსაზრისი ასეთია: …წმინდა მამები ადამიანის სტრუქტურის ორგანიზაციაში სულიერ, ფიზიკურ და სამშვინველის დონეებს რომ გამოყოფდნენ, განარჩევდნენ ბუნებრივად განვითარებულ ავადმყოფობებს და დემონური ზემოქმედებით გამოწვეულ პრობლემებს. შესაბამისად, ..გაუმართლებლად მიგვაჩნია, ყველა ფსიქიკური დაავადება შეპყრობილობის გამოვლინებად მივიჩნიოთ (რასაც მერე თან მოსდევს ბოროტი სულების განდევნის სრულიად უსაფუძვლო რიტუალი) და ასევე ნებისმიერი სულიერი მოშლილობის მკურნალობას კლინიკური მეთოდებით ვეცადოთ.
…თუკი ავადმყოფს ფსიქიკური დაავადება აქვს, ის მიდის ხოლმე კვეთებულზე და ეფექტს ელოდება. კვეთებულის ლოცვა სრულდება და რამდენიმე დღე მან, შესაძლოა, თავი, მართლაც, უკეთ იგრძნოს. ეს ფსიქოთერაპიული ეფექტია. გადის კიდევ რამდენიმე დღე და ყველა მოშლილობა უკან ბრუნდება.
არიან ავადმყოფები, რომლებიც კვეთებულს უამრავჯერ დაესწრნენ, მაგრამ რაკი მათი დაავადება სულ სხვა ბუნებისაა, მასზე სულ სხვაგვარი ზემოქმედებაა საჭირო.
ასეთ შემთხვევაში არსებობს დიფერენციალური დიაგნოზი. მე მოვიყვანე ათონის მთაზე მყოფი მღვდლის მაგალითი. იგი პრაქტიკულად ჯანმრთელი იყო, არც მდიდარი წარმოსახვა და ფანტაზიები ჰქონდა და საერთოდ ძალიან კონცენტრირებული და მაღალი სულიერების მქონე ადამიანი გახლავთ. ასეთ შემთხვევაში შეკითხვები არ არის.
ფსიქიკურ დაავადებებს აქვთ მიმდინარეობის განსაზღვრული კანონზომიერებანი, გამოვლინებანი და მთელი რიგი სხვადასხვა სიმპტომები, რომლებიც თანდათანობით წარმოიქმნებიან და რომლებიც გვხვდებიან ფსიქოზის სტრუქტურაში. შესაძლოა, ავადმყოფი ამბობდეს, რომ მასზე სხვადასხვა ბნელი ძალები ზემოქმედებენ. მაგრამ ექიმი მასთან საუბარში წააწყდება მთელ რიგ სხვადასხვა სახის ბოდვას და სხვა ფსიქოპათოლოგიურ მოშლილობას. თითოეულ შემთხვევას ინდივიდუალურად უნდა მიუდგე.
_ შეიძლება თუ არა შეპყრობილობის დიაგნოსტირება?
_ იყო შესანიშნავი ბერი, არქიეპისკოპოსი მელიტონი (1897-1986). ერთხელაც იგი, გასული საუკუნის 20-იანი წლების ბოლოს, ღამის პეტერბურგში მიაბიჯებდა და მამა იოანე კრონშდადტელის შეხვეული პორტრეტი მიჰქონდა. ქუჩაში მისი მიმართულებით ვიღაც კაცი მოაბიჯებდა. მან სწორედ მამა იოანე კრონშდადტელის მისამართით დაიწყო გინება. აქ ჩვენ უკვე შეპყრობილობასთან გვაქვს საქმე. და ასეთი მაგალითების მოყვანა უამრავის შეიძლება.
როცა შეპყრობილი ადამიანი ტაძარში შედის და ბარძიმი სიწმინდეებით გამოაქვთ, იგი ყვირილს, გმინვას იწყებს.
იყო ასეთი ეპისკოპოსი _ სტეფანე მოჟაისკელი (1895-1993). იგი განათლებით ექიმი იყო, პატიმრობაში იმყოფებოდა და წმინდა ნაწილებს ჩუმად ატარებდა, რადგან მღვდლებს გამუდმებით ჩხრეკდნენ. ერთხელაც იგი, როგორც ექიმი, გამოიძახეს ბანაკის უფროსის ქალიშვილთან. ეპისკოპოსი შევიდა და უცებ ეს ქალიშვილი ეშმაკისეულივით მოიქცა – ეს იყო მისი რეაქცია სიწმინდეზე. შეპყრობილობის დროს სიწმინდეზე აქვთ ხოლმე რეაქცია. მამა ანდრიანი, ფსკოვ-პეჩორის მონასტრიდან, ამბობდა, რომ დემონებით შეპყრობილობის მთავარი ნიშანი სიწმინდეებისადმი შიშია.
რაც შეეხება შიზოფრენიას, როგორია მისი მიზეზები? ახლახან წავიკითხე დიდი რუსი ფილოსოფოსის – ვლადიმირ სოლოვიოვის გამონათქვამები. იგი ღრმად დარწმუნებული იყო, რომ არცერთ ფსიქიკურ დაავადებას ბიოლოგიური საფუძველი არა აქვს. ამას იგი ამბობდა მე-19 საუკუნეში. ავიღოთ მე-20 საუკუნე. თანამედროვე ფსიქიატრიის მესაფუძვლეებმა შიზოფრენია ფუნქციონალურ დაავადებათა ჯგუფს მიაკუთვნეს _ ანუ არცერთი ორგანო დაზიანებული არ არის, მაგრამ დაზიანებულია მათი ფუნქცია. და ასეთ დაავადებებს მიაკუთვნეს.
უკვე მე-20 საუკუნის ბოლოს კი გაჩნდა სრულიად ახალი ტექნიკა, ახალი შესაძლებლობები და, ბუნებრივია, ამ დაავადების ბუნების შესახებ ჩვენი შეხედულებანი რადიკალურად შეიცვალა: დადგინდა, რომ შიზოფრენიის დროს ადგილი აქვს ტვინის ნივთიერების სტრუქტურის ცვლილებას, ადგილი აქვს ზოგიერთი მისი განყოფილების მოცულობის შემცირებას. შიზოფრენიას საფუძვლად უდევს სერიოზული ბიოლოგიური ცვლილებანი _ პირველ რიგში, დოფამინისა და ასევე მთელი რიგი სხვა ნეირომედიატორების მიმოცვლის დარღვევანი. დღეს ესაა წამყვანი თვალსაზრისი. იგი გასული საუკუნის 60-იანი წლების დასაწყისში ჩამოაყალიბა შვედმა მეცნიერმა არვიდ კარლსონმა და სწორედ მის შემუშავებაში 2000 წელს ნობელის პრემია აიღო. დღეს ყველა თანამედროვე ანტიფსიქოზური პრეპარატი სწორედ ამ კონცეფციის საფუძველზეა შექმნილი.
მოამზადა ანა მანიამ

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close
Close