მეცნიერება

ქალი, რომელიც გველს შელოცვით აშეშებს

 

წალენჯიხის რაიონ სოფ. მუჟავაში ცხოვრობს 77 წლის მოხუცი ქალი მედიკო შამუგია. სოფელი, სადაც ის ცხოვრობს, ერთი შეხედვით, ცოტა არ იყოს, უცნაური და “საშიში” მოგეჩვენება _ სულ მთები, გზები მიხვეულ-მოხვეული და ღამით კიდევ მგლების ყმუილი ან დათვის ხმა თუ გაიგეთ, არც კი გაგიკვირდეთ.. გარეული ცხოველებისაგან ამ სოფელში, შეიძლება, ვერ დაიცვათ თავი, მაგრამ აი, ქვეწარმავლებისაგან კი აქ ნამდვილად ორიოდე სიტყვით დაგიხსნიან.

უცნაური “საჩუქარი”

სწორედ ქალბატონი მედიკო ფლობს ასეთ შელოცვებს. მას შეუძლია როგორც ქვეწარმავლების ნაკბენის შელოცვით მორჩენა, ასევე მათი გაშეშება. კერძოდ, ერთ-ერთი სახეობის გველის.
20 წლის იყო, როცა ეს შელოცვები 100 წლის ბიცოლამ სიკვდილის წინ ასწავლა. მისი შელოცვებით ბევრი ადამიანი გადარჩენილა და არამარტო ადამიანი, ცხოველებიც კი უხსნია.
“ერთ ღამესაც მითხრა ჩემი 100 წლის ბიცოლამ, შენ უნდა გასწავლოო, არავისთვის მისწავლებიაო, რადგან ყველაზე არ გადადისო. სიმართლე გითხრა, მე არც კი მაინტერესებდა ეს ამბავი, არც ამის რწმენა მქონდა, მაგრამ რადგან მთხოვა მოხუცებულმა, მეც უარი არ მითქვამს. როგორც ასეთი, ამის წიგნი არ არის, ბიცოლასაც ზეპირად ასწავლეს. მე კი ფურცელზე ჩავიწერე. ასე ვისწავლე იმ უხსენებლის (გველის) შელოცვები (და არა მხოლოდ მისი _ მორიელის, საქონელი შინ რომ ვერ აგნებს, იმისი და ასე შემდეგ…). უხსენებლის სახელის ხსენება არ შემიძლია. ასეთი წესია _ როცა შელოცვებს შეისწავლი, სამუდამოდ უნდა დაივიწყო მისი სახელი და არასდროს არ უნდა წამოგცდეს!
ხანდახან ვფიქრობ, ნეტავ, რა მრჯიდა, რაზე ვისწავლე?!… რათ მინდოდა?!… კი, მართალია, სხვებს ვეხმარები, მაგრამ მე თვითონ, როცა ამ შელოცვებს ვამბობ, სულ ცრემლებად ვიღვრები. ყოველთვის ასე მემართება, ყველა შელოცვაზე ცრემლებით ვიტანჯები. რაც მე ჩემი შვილების გამო მიტირია, საკმარისია… აღარ უნდა ვიმატებდე ესეთ ცრემლებს სხვების გულისათვის.. მაგრამ მიუხედავად ამისა, შელოცვაზე უარი არასდროს მითქვამს, რადგან ვიცი, რომ ამით ხალხს ვეხმარები. არ აქვს მნიშვნელობა, მე სად ვარ, რა მანძილზე ვიმყოფები იმისგან, ვისაც უხსენებელმა უკბინა _ შორიდანაც აქვს ჩემს შელოცვებს ძალა.

ადრე ქალები ჩაის ხელით ვკრეფდით ხოლმე. ერთხელ უხსენებელი სწორედ ჩაის ბუჩქში ყოფილა ჩამალული და ჩემს მეზობელ ქალს უკბინა ხელზე. მე მანდ ვიყავი და რაღა მოუვიდოდა? …რასაკვირველია, არც არაფერი. ეგრევე სული მოვუთქვი. საერთოდ, ნაკბენზე შელოცვა 9-ჯერ უნდა გაიმეორო რაც შეიძლება სწრაფად. მეც, რა თქმა უნდა შევულოცე :
“სახელითა მამისა და ძისა და სულისა წმინდისათა.. ამინ!
სანტე, სოფტე, ასფანტე,
დალე, ქართ ფუი, თეშ გაუქარიია!”
ამ დროსაც დამახრჩო ცრემლებმა. მეც კი არ ვიცი, რა მატირებს. თითქოს ორგანიზმში რაღაც შემოდის და მაიძულებს, ვიტირო. მე კი არ მინდა, ვიტირო, მაგრამ თავისით მომდის ზღვა ცრემლი. ზუსტად ვერ აგიღწერ ამას. ისე ნათქვამია, ეს იმას ნიშნავს, რომ მართლა უხსენებლის ნაკბენია და ეს სიტყვები შველისო. ვერანაირმა წამალმა შეიძლება, ვერ უშველოს, მაგრამ ეს სიტყვები აშკარად კურნავს. არანაირ მცენარებს არ ვიყენებ _ მხოლოდ და მხოლოდ სიტყვები და მისი რწმენა. არც კი მჯეროდა, როცა ვსწავლობდი, მაგრამ აშკარაა, რომ ბიცოლას შესაძლებლობა’ჩემში გადმოვიდა. ასეთი უამრავი შემთხვევა ყოფილა და ძალიან ბევრი ადამიანი გადამირჩენია.
როდესაც ადამიანს უხსენებელი უკბენდა, მაშინ იმას, ვინც ჩემთან შესალოცად მოდიოდა, თან თხილის ჯოხი მოჰქონდა. წესია ასეთი _ ხმა არ უნდა გაგცეს და სიტყვის უთქმელად მოახლოებისთანავე ეს ჯოხი წინ უნდა დაგიგდოს. და მეც მაშინვე ვხვდებოდი, რაშიც იყო საქმე და შევულოცავდი.Aახლა ჯოხი იშვიათად მოაქვთ. ისედაც უხსენებლისგან თავის დასაცავად თხილის ჯოხია ყველაზე საუკეთესო. მე ყოველთვის, როცა მხვდება, შელოცვით გავაშეშებ ხოლმე და შემდეგ თხილის ჯოხით ვიგერიებ.

უხსენებლის შურისძიება

ერთხელ, ზაფხულში, როცა თხილს მარტო ვაგროვებდი, შემხვდა ის უხსენებელი. როგორც გითხარი, მის სახელს არასდროს ვამბობ.
მის დანახვაზე, როგორც წესი, სამჯერ ვთქვი შელოცვა:
“მამისა და ძისა და სულისა წმინდისათა.. ამინ!
ენი მოურც, გენი მოურც,
გენი ფოფორამი მოურც,
ურია დო ურიაშ შქას,
ცან დო ცანი ურია .”
ამგვარად, ვთქვი და ისიც გაშეშდა. უფრო სწორად, ამის მერე 5 წუთის განმავლობაში ერთ ადგილას ტრიალებს ხოლმე და ვერსად ვეღარ მიდის, რაღაც ძალა აჩერებს ერთ ადგილზეე, მაგრამ მხოლოდ რამოდენიმე ხანი. ამასობაში მეც გავმეცადინდი, თავის დასაცავად თხილის ჯოხი ავიღე, მაგრამ ჯოხი დამპალი იყო და, როცა დავარტყი, მაშინვე შუაზე გადატყდა. ამ დროს ისე სასურველია წვრილი თხილის ჯოხი, მაგრამ იმ წუთას ის ავიღე, რაც ხელში მომხვდა. უკვე მოვხუცდი, სად მაქვს იმის ძალა, ვირბინო და ჯოხები შევარჩიო.
სამწუხაროდ, მისი მოკვლა ვერ მოვახერხე. ამასობაში კიდევ შელოცვას ძალა დაეკარგა და ისიც გამექცა. გამოფხიზლების შემდეგ გამორიცხულია, შეტევაზე წამოვიდეს. იმ წუთას ის უკან არ შემოგიტრიალდება და არ გიკბენს, უბრალოდ გარბის, მაგრამ შეუძლია, 24 საათის განმავლობაში გიპოვოს, რათა სამაგიერო გადაგიხადოს.
მახსოვს, იმ ღამით საერთოდ ვერ მოვახერხე ძილი. სანამ საწოლში ჩავწვებოდი, ბევრჯერ დავათვალიერე ოთახი, ყველგან შევიხედე, სადაც კი შეიძლებოდა, დამალულიყო. საბედნიეროდ, არსად მინახავს, მაგრამ ის ღამე კი მაინც თეთრად გავატარე. დილით შევიმოწმე ყველაფერი, სადმე ნაკბენი ხომ არა მაქვს-მეთქი. ჩემდა ბედად, არა.
რამოდენიმე დღე სულ შიშებში ვიყავი. პატარა ხმაურზეც კი მეღვიძებოდა. ეზოში წლის ონკანი გვაქვს, სადაც ძროხებისათვის წყალს ვავსებ ხოლმე და ზოგჯერ წყლის მილიც კი იმად მეჩვენებოდა. ყოველთვის, როცა გარეთ გავდიოდი, სულ ის მახსენდებოდა.
ამასობაში ერთი კვირა გავიდა.. უკვე თითქმის დავიწყებული მქონდა. ჩემი მეხსიერების პატრონს, საერთოდ როგორ მახსოვდა ამდენი ხანიც, მაგრამ შიში ოხერია მაინც. ჩემი შვილებისა და მეუღლის სასაფლაოდან ვბრუნდებოდი შინ, როცა გზაზე შემოხვდა. ის იყო თუ სხვა, არ ვიცი, მაგრამ ჩემს ძაღლს _ “ბათურას” _ უკბინა და გაიქცა. ძაღლი რომ არ ყოფილიყო, ვერც შევამჩნევდი, ისე მომეპარებოდა. ძაღლის ყეფამ მიმახედა. ბათურას მაშინვე შევულოცე. აგერ ერთი წელი გავიდა მას მერე და დღემდე ცოცხალი მყავს. ის კი არც გამოჩენილა და არა მგონია, აწი გამოჩდეს, რადგან აღარც იქნება ცოცხალი. ამის შემდეგ სულ ფრთხილად ვარ და თუ სადმე მივდივარ, კარგი ჯოხი სულ თან დამაქვს.
გარდა ამისა, თუ შელოცვის სწავლა გინდა, მხოლოდ ღამითაა სასურველი, ისწავლო, ესე უფრო მოქმედებს. ბევრ ადამიანს ვასწავლე და ყველას ვასწავლი, ვინც მთხოვს ხოლმე.
სამწუხაროდ, ყველას შელოცვა “არ ჭრის.” თითქმის უმეტესობა მაინც ჩემთან მოდის შესალოცად. ეუბნებიან, ჩვენსას ძალა არა აქვსო.
ამბობენ, არ შეიძლება ამის სწავლებაო, მაგრამ მე მაინც ვასწავლი _ ამით რას ვაშავებ, ცოდნას ვუზიარებ, თან ჩემს გარდა სხვასაც ეცოდინება, რადგან მე ხომ ყოველთვის არ ვიცოცხლებ.”

თვითმხილველთა მონათხრობი

ჩვენ გავესაუბრეთ იქ მცხოვრებ ადამიანებს და იმათაც დაგვიდასტურეს, რომ ქალბატონი მედიკო მართლაც “სიტყვებით” ჰკურნავს
თემურ შამუგია: “მახსოვს, სვანეთში როცა ვმუშაობდი, სახეზე მორიელმა მიკბინა. ვერავინ დამეხმარა და მასთან მივედი. რაღაცას ამბობდა ჩუმად და ცრემლებს ღვრიდა. არ გაჩერებულა მანამ, სანამ არ მორჩა შელოცვას. მისი წყალობით გადავრჩი და არა მარტო მე, სხვებზეც გამიგია, რომ ბევრს დაეხმარა.”
ნანი ქარდავა: “რამდენიმე წლის უკან ხელზე მიკბინა გველმა. მაჯიდან დაწყებული იდაყვამდე, რაღაც წითელი ზოლი მქონდა. ალბათ, შხამი შედიოდა ორგანიზმში. სასწრაფოდ მედიკოსთან მივედი. დახედა და მაშინვე მიხვდა, რაც იყო. როგორც კი შელოცვა დაიწყო, ცრემლები ღაპა-ღუპით წამოუვიდა. საკუთარი თვალებით ვნახე, თუ როგორ ეშვებოდა ნელ-ნელა ქვემოთ, ისევ მაჯისაკენ, ეს წითელი ზოლი. გამიხარდა, რადგან მიხვდი, რომ მეშველა. მის შელოცვას, მართალაც, რაღაც ძალა აქვს. ახლა ვფიქრობ, რომ ვისწავლო ეს შელოცვები. არ ვიცი, ჩემს შელოცვას ესეთი შედეგი ექნება თუ არა, მაგრამ მე მაინც ვცდი.”
ჯუმბერი გოგოხია: “ცხონებული მამაჩემი 58 წლის იყო, როცა მორიელმა უკბინა ხელზე და, რა თქმა უნდა, ქალბატონ მედიკოსთან მივიდა და მაშინვე უშველა. მსმენია, ბევრს დახმარებიაო. სხვადასხვა სოფლიდან და ქალაქებიდანაც კი მოდიან ხოლმე მასთან.”
როგორც ჩანს, ამ სოფელში ხშირად არის ესეთი შემთხვევები, მაგრამ ქალბატონი მედიკოს წყალობით, მუჟავის მოსახლეობას ამ მართლაცდა სახიფათო განსაცდელისგან თავის დახსნის რეალური შანსი აქვთ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close
Close